GE

„სკოლის სამეურვეო საბჭოების მიერ არჩეული დირექტორების წილი 90%-მდე უნდა გაიზარდოს“ – საბჭოს მთავარი ფუნქციები

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია 2022-2030-ის“ 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის თანახმად, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სკოლის სამეურვეო საბჭოების –  სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანოს მიერ არჩეული დირექტორების წილი მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, ზრდა 2027 წლისთვის 60%-მდე, ხოლო 2030 წლისთვის 90%-მდე უნდა იყოს.

საჯარო სკოლებში დირექტორის დანიშვნის სხვა გზაც არსებობს და ასეთი უფლებით არცთუ იშვიათად ისარგებლეს განათლების მინისტრებმა სკოლის დირექტორების უკანასკნელი რამდენიმე არჩევნების დროს.

კერძოდ, თუ სკოლის სამეურვეო საბჭო ორჯერ ზედიზედ ვერ აირჩევს წარდგენილ დირექტორობის კანდიდატს, ან თუ არჩევნები საერთოდ ვერ ჩატარდა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი უფლებამოსილია, თავისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, დისკრეციული უფლებით პირდაპირ დანიშნოს სკოლის დირექტორი.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საჯარო სკოლის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის/არჩევის მხოლოდ ეს ორი ძირითადი სამართლებრივი გზა არსებობს: 1. სამეურვეო საბჭო, რომელიც ირჩევს სამინისტროს მიერ წარდგენილ კანდიდატს. 2. განათლების მინისტრი, რომელიც იყენებს დისკრეციულ უფლებას (პირდაპირი წესით დანიშვნა) ან ნიშნავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, როდესაც საბჭო ვერ ირჩევს დირექტორს.

მთავრობის სამოქმედო გეგმით, სკოლის სამეურვეო საბჭოების მიერ არჩეული დირექტორების წილი ზრდის მიზნის მისაღწევად მთავარ ამოცანას მასწავლებლებისა და დირექტორების კვალიფიკაციის ამაღლება და საჭიროებებზე დაფუძნებული უწყვეტი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების მთავარი ფუნქციები ასე აქვს გაწერილი (სამინისტროს საიტზე არსებული რედაქცია ავტ.)

დირექტორის არჩევა:

სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სკოლის დირექტორს;
უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს;

სკოლის ბიუჯეტი:

– სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას;

– აკონტროლებს სკოლის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;

– სამეურვეო საბჭოს თანხმობა აუცილებელია ისეთი გარიგების დადებისას, რომლის ღირებულებაც აღემატება სკოლის ბიუჯეტის 5%-ს.

სკოლის შენაგანაწესი:

– სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, სკოლიდან გადაყვანის პირობებს;

– დისციპლინური გადაცდომების განხილვის მიზნით, სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში შედის თანაბარი რაოდენობის მასწავლებელი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე;

– უფლებამოსილია წესდებით გათვალისწინებული წესით დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების შესახებ საჩივრები თავად განიხილოს ან შექმნას სააპელაციო კომიტეტი. სააპელაციო კომიტეტი, სამეურვეო საბჭო განიხილავს აგრეთვე საჩივრებს, რომლებიც ეხება დირექტორის მიერ დისციპლინურ გადაცდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს.
სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;

ეროვნული სასწავლო გეგმა, სახელმძღვანელოები, შიდა სასკოლო გამოცდები:

– გამოხატავს თანხმობას პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმებისა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხის თაობაზე;

– უფლებამოსილია, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით დაავალოს დირექტორს, მიმართოს გამოცდების ეროვნულ ცენტრს და დადოს შესაბამისი ხელშეკრულება;

სხვადასხვა:

– სამეურვეო საბჭო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იხილავს სკოლისათვის სახელის მინიჭების შესახებ ინიციატივას;

– სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას, სკოლის განვითარების სტრატეგიას და სკოლის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას;

– უფლებამოსილია მოსთხოვოს სკოლის დირექტორს, ვადამდე შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;

– მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების თარიღს ნიშნავს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.

იხილეთ: დადგენილება და თანდართული დოკუმენტები

ასევე იხილეთ:

როგორი უნდა იყოს განათლების სამინისტროს ხედვით პასუხისმგებლიანი და ეთიკური მასწავლებელი – მოთხოვნები გაიწერა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური