GE

„სტი“ – იგივე ტექნოლოგიური  ინსტიტუტის ლიკვიდაციის უფლება მთავრობას ექნება

საქართველოს ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან დაკავშირებით საუბარი ბოლო 6 წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, მას ,,ქართუ ფონდი“ ააშენებს და მშენებლობის პროცესზე მილიონობით ლარის დახარჯვას გეგმავს. ინფორმაცია, თუ სად, როდის და როგორ აშენდება ინსტიტუტი, არ გასაჯაროებულა, თუმცა, როგორც Aris.ge-განათლებამ გაარკვია, რამდენიმე დღის წინ, მთავრობამ სასწავლებელთან დაკავშირებით დადგენილება მიიღო და მას პრემიერ-მინისტრმაც ხელი უკვე მოაწერა.

დადგენილების თანახმად, უკვე დამტკიცდა ინსტიტუტის წესდება და მას მიენიჭა  საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი.  დოკუმენტის მიხედვით, წესდების გარკვეული მუხლები უკვე ძალაშია, ხოლო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებთან დაკავშირებული წესები  2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

დოკუმენტი განსაზღვრავს ინსტიტუტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, სტრუქტურას, მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს.  ასევე, მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. დოკუმენტში გარკვევით წერია, რომ ინსტიტუტი წარმოადგენს თეორიულ-ექსპერიმენტალური კვლევებისა და უმაღლესი განათლების სპეციალურ სამეცნიერო საგანმანათლებლო დაწესებულებას. ინსტიტუტში მიღება კი ერთიანი ეროვნული გამოცდებით განხორციელდება.

ინსტიტუტის სტატუსში მითითებულია, რომ იგი უზრუნველყოფს კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარებას, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, კომპიუტერული მეცნიერებისა და საინჟინრო სპეციალობებით კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას და მათთვის ხარიხის მინიჭებას. განსაზღვრულია მისი აბრევიატურაც ,,სტი“.

რაც შეხება ინსტიტუტის სტრუქტურას და მათვას: იგი  შედგება მართვის ორგანოებისგან და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისაგან. მართვის ორგანოები იქნება: აღმასრულებელი დირექტორი, სამეცნიერო საბჭო და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო. დებულების თანახმად, უმაღლესი თანამდებობის პირი იქნება ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. სწორედ ის განსაზღვრავს უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს, ასევე დაამტკიცებს ინსტიტუტში მიღების წესებს და ყოველწლიურად ანგარიშს  ჩააბარებს პრემიერ-მინისტრს. სწორედ პრემიერი ირჩევს ,,სტის” აღმასრულებელ დირექტორს ხუთი წლის ვადით.  რაც შეეხება აკადემიური პერსონალის შერჩევას, როგორც დადგენილებაშია მითითებული, პერსონალის აყვანა ღია კონკურსის წესით მოხდება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ ტექნოლოგიური ინსტიტუტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას კოორდინაციას აღმასრულებელი დირექტორი გაუწევს. ინსტიტუტის დაფინანსების წყაროები იქნება სახელმიწფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა, ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი,  გრანტები და შემოწირულობები.

რაც შეეხება სასწავლებლის რეორგანიზაცია, ლიკვიდაციას, ამ პროცესს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელებს საქართველოს მთავრობა. ინსტიტუტის ლიკვიდაციის შემთხვევაში, იმ მომენტისათვის არსებული ქონება დაუბრუნდება დამფინანსებელ მხარეებს, მათ მიერ ინსტიტუტის დაფინანსებაში შეტანილი წვლილის პროპორციულად.

ტექნოლოგიური ინსტიტუტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა:

პროფესორი ლუის ალვარეზ-გომე (Luis Alvarez-Gaume) − 2016 წლის სექტემბრიდან საიმონსის სახელობის გეომეტრიისა და ფიზიკის ცენტრის დირექტორი (SCGP), ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის (CERN) თეორიული განყოფილების მეცნიერ მკვლევარი; პროფესორი სერჯიო ბერტოლუჩი (Sergio Bertolucci) − ბირთვული ფიზიკის ნაციონალური ინსტიტუტი (INFN), 2015 წლის ბოლომდე ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის (CERN) კვლევისა და სამეცნიერო გამოთვლების დირექტორი; პროფესორი ფერნანდო ფერონი (Fernando Ferroni) − ბირთვული ფიზიკის ნაციონალური ინსტიტუტის პრეზიდენტი (INFN), რომის უნივერსიტეტის პროფესორი; პროფესორი სანდრო როსი (Sandro Rossi) − ონკოლოგიური ადრონული თერაპიის ეროვნული ცენტრის დირექტორი (CNAO); პროფესორი გუიდო ტონელი (Guido Tonelli) − პიზის უნივერსიტეტი; პროფესორი ზენშო იოშიდა (Zensho Yoshida) – ტოკიოს უნივერსიტეტი.

ახალ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს თბილისში ფონდი “ქართუ” ააშენებს

ბათუმიდან თბილისამდე – ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარსული და მომავალი

ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – ყველაზე მაღალი შენობიდან დაწუნებულ იდეამდე

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური