სტუდენტები მსოფლიოს 10 ქვეყნიდან – CIU-მ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციას უმასპინძლა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 23 მაისს ინოვაციური იდეებისა და საერთაშორისო დიალოგის ცენტრად იქცა – უნივერსიტეტმა მსოფლიოს 10 ქვეყნის საერთაშორისო სტუდენტს უმასპინძლა. რიგით მეორე საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის მთავარი თემა იყო: „საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლისა და მედიის თანამედროვე გამოწვევები“.
სტუდენტთა მასშტაბური კონფერენცია უნივერსიტეტის იმ სივრცეში გაიხსნა, რომელიც დიდი ქართველ მოაზროვნის, ნიკო ნიკოლაძის სახელს ატარებს. სწორედ აქ გაჟღერდა ახალი თაობის ხმები, რომლებმაც თამამად წამოაყენეს თავიანთი ხედვები თანამედროვე გლობალურ პროცესებზე.
კონფერენცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, იაგელონიის უნივერსიტეტის (პოლონეთი) ევრაზიის კვლევების ფაკულტეტისა და იოზეფ გოლუხოვსკის სახელობის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (პოლონეთი) ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ CIU მყარად დგას ინტერნაციონალიზაციის გზაზე. პოლონეთის მხრიდან წარმოდგენილმა პროფესორებმა და სტუდენტებმა ქართულ აუდიტორიასთან ერთად იმსჯელეს და კრიტიკულად გააანალიზეს თანამედროვე სამყაროს წინაშე მდგარი სირთულეები და ამოცანები.
როგორც ორგანიზატორებმა EDU.ARIS.GE-ს განუმარტეს, CIU-ს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და სამართლის ფაკულტეტების ორგანიზებით ჩატარებული კონფერენცია არ არის ერთჯერადი ინიციატივა და იგი წარმოადგენს გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილს, რომლის მიზანია: ახალგაზრდების სამეცნიერო ჩართულობის ზრდა, უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ისეთი პლატფორმების შექმნა, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ, საკუთარი იდეები საზოგადოებრივ დისკურსად აქციონ.
კონფერენციის ფარგლებში აღინიშნა რომ, CIU-ს მისწრაფებაა მეცნიერება არ იყოს სტატიკური ცოდნის ნაკადი, არამედ – ცოცხალი დიალოგი, რომელიც რეალურ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ პროცესებზე, საერთაშორისო ურთიერთობებსა და ტექნოლოგიურ განვითარებაზე. სწორედ ამ კონტექსტში ხაზგასმით აღინიშნა უნივერსიტეტის აქტიური და ხანგრძლივი თანამშრომლობა პოლონეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებთან.
„კონფერენცია პოლონეთისა და საქართველოს უნივერსიტეტის ეგიდით ტარდება და ეს რიგით II საერთაშორისო კონფერენციაა. 10 ქვეყანაზე მეტი საერთაშორისო სტუდენტები იღებს მონაწილეობას. ჩვენი უნივერსიტეტი ლიდერია პოლონეთის უნივერსიტეტებთან ურთიერთობის. სესიები ძირითადად არის 4 მიმართულების. სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების სტუდენტებს, იურისტებს და მედიის მკვლევრებს განსაკუთრებით დიდ შესაძლებლობას მივცემთ“, – აღნიშნა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტია პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ.
CIU-ს მიზანია ახალგაზრდა მკვლევრებს მისცეს არა მხოლოდ ცოდნის შეძენისა და გაზიარების შესაძლებლობა, არამედ – რეალური მონაწილეობისა გლობალურ დისკურსში. უნივერსიტეტის ხედვა აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ სტუდენტური ნაშრომები და იდეები უნდა გაცდეს აუდიტორიის სივრცეს და გადავიდეს საერთაშორისო გავლენის არეალში.
„ამ საერთაშორისო კონფერენციაში ჩართულია უამრავი სტუდენტი და ჩვენი მიზანია, მოხდეს აზრების გაცვლა, ბაზრის გენერირება, მედიის, საერთაშორისო ურთიერთობისა და სამართლის მიმართულებით იდეების გენერირება. ვფიქრობ, ეს კონფერენცია გამორჩეული და საინტერესო იქნება ჩვენი აუდიტორიისთვის“, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს ზაზა ცოტნიაშვილმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიის მიმართულების პროგრამების ხელმძღვანელმა.
კონფერენციის მონაწილე სტუდენტებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო დემეტრე ლომაძე. დემეტრეს მოხსენება საქართველო-ევროკავშირის ამჟამინდელ ურთიერთობებს შეეხებოდა. დემეტრემ მადლობა გადაუხადა CIU-ს იმ შესაძლებლობისთვის, რომელსაც უნივერსიტეტი ყოველწლიურად აძლევს.
„ჩემი თემა შეეხება ევროკავშირის ინტეგრაციის პოლიტიკას, რაც ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა ჩვენი ქვეყნისთვის. ქართული საზოგადოების აკადემიურ სპექტრს აინტერესებს ეს საკითხი. მოგეხსენებათ, რომ მსგავსი თემების შესწავლა მნიშვნელოვნად გვეხმარება საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ორიენტირების კვლევაში“, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას CIU-ს პოლიტიკის მეცნიერებების დოქტორანტმა, დემეტრე ლომაძემ.
ერთდღიანი კონფერენცია შვიდ თემატურ სექციად დაიყო: გლობალური პოლიტიკა და უსაფრთხოება; მედია და თანამედროვე ტექნოლოგიები; ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი; საერთაშორისო სამართალი; საერთაშორისო ურთიერთობები და კიბერუსაფრთხოება; კონფლიქტები და თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების პროცესები; თანამედროვე პოლიტიკური პროცესები.
შეჯამება და მოლოდინი:
კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოდან, პოლონეთიდან და სხვა ქვეყნებიდან 100-მდე წარმომადგენელი იღებს. ღონისძიების გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელები, პროფესორ-მასწავლებლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან აღინიშნა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს სტრატეგიული მისია, რეგიონში აკადემიური და კვლევითი ინოვაციების ცენტრალური ჰაბი გახდეს. კონკრეტული ნაბიჯები, პარტნიორული კავშირები და სტუდენტური ჩართულობა კი უნივერსიტეტს ეხმარება, რომ მომავლის ფორმირება სწორედ ახალგაზრდული ინტელექტის, კრეატიული ხედვის და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით მოხდეს. უნივერსიტეტში სჯერათ, რომ საერთაშორისო სტუდენტების აზრის წახალისება და საერთაშორისო პარტნიორობა ამ მიზნის მიღწევაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.
-
CIU-ს ფუტსალის გუნდს ოქროს მედლებისა და მეორე საჩემპიონო ტიტულის მოსაპოვებლად ერთი გამარჯვება დარჩა by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ ღვინოებმა WinExpo-ს გამოფენაზე საპრიზო ადგილი დაიკავეს by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU სტუდენტებს იდეების ლაბორატორიაში იწვევს – CHAKO by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი