სტუდენტის სწავლა ე.წ. უფასო ფაკულტეტზე კონკრეტული დათქმით დაფინანსდება – რა ცვლილებებს აანონსებს განათლების სამინისტრო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამების (ე.წ. უფასო ფაკულტეტების) დაფინანსების საკითხზე მუშაობს და მომავალი წლისთვის ცვლილებებია მოსალოდნელი. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა განაცხადა, რომელმაც 7 ნოემბერს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
მისი თქმით, ცვლილების შემდეგ დადგინდება კონკრეტული დათქმა, თუ რა შემთხვევაში დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტულად გამოცხადებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტის სწავლა და ამჟამად არსებული გადაწყვეტილებით, ეს სტუდენტის მიერ საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების ათვისებაზე იქნება დამოკიდებული.
როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, ეს გადაწყვეტილება მომავალში ე.წ. უფასო ფაკულტეტების დაფინანსების საკითხს ფაქტობრივად სწორი მიმართულებით დააყენებს.
“გვერდს ვერ ავუვლით ჩვენს მიერ განხორციელებულ გადადგმულ ნაბიჯს პრიორიტეტული პროგრამების დაფინანსებასთან დაკავშირებით. მინდა გითქრათ, რომ ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და აქ აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა ჩამოაყალიბა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.
“ძალიან უარყოფითი შედეგები გვქონდა ამ კუთხით იმიტომ, რომ სახელმწიფო ძალიან მნიშვნელოვან რესურსს ხარჯავს ყოველწლიურად ამ მიმართულებით იმ მიზნით, რომ მიიღოს სწორედ ის პროფესიის ადამიანი, რომლის დეფიციტიც აქვს და რომელიც მას ესაჭიროება. მაგრამ ყველანაირი კვლევებისა და მონაცემების მიხედვით, რაც ჩვენ გვქონდა და შევისწავლეთ, ამ მიმართულებით, დაახლოებით, 60%-იანი აცდენა იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩარიცხული სტუდენტი ვერ ამთავრებდა, ვერ გადიოდა ბოლოში. ამას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა, სხვა კრედიტებს იღებდა და ა.შ, მაგრამ ჩვენ ვიმსჯელეთ ამ საკითხზე და შესაბამისად დავადგინეთ ის, რომ პრიორიტეტული პროგრამების ფარგლებში სტუდენტი სახელმწიფო დაფინანსებით უზრუნვერყოფილი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა სასწავლო წელს ათვისებული იქნება პროგრამით გათვალისწინებული არანაკლებ 45 კრედიტი”, – განმარტა ნოდარ პაპუკაშვილმა.
გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ინტენსიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ამ მუშაობის ფარგლებში, დღის წესრიგში აქვთ პრიორიტეტული პროგრამების გადახედვის საკითხიც, რაც თავად ჩამონათვალის ცვლილებასაც გულისხმობს:
“უნდა გადავხედოთ ზოგადად პრიორიტეტულ პროგრამებს მომავალში, თუ რა დარჩება პრიორიტეტებში. ზოგადად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან ბევრი არის დღეს ისეთი პროგრამა, რომელიც არ უნდა იყოს პრიორიტეტით განკუთვნილი და ვნახოთ, როგორ იქნება. სექტემბერში ეს ცალკე მსჯელობის საგნად იქცევა ისე, რომ არ დაზარალდეს სტუდენტი, ის, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდებით მომავალში ჩაირიცხება”, – აღნიშნა ნოდარ პაპუკაშვილმა.
სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების საკითხის ცვლილება ან გაუქმება, არაერთი განათლების მინისტრის საქმიანობის დროს დადგა დღის წესრიგში.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება