GE

უნივერსიტეტების შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის პილოტირების დასაწყისი ცნობილია – იქმნება მძლავრი ელექტრონული სისტემა

უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლის მიზნით აქტიური სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და როგორც EDU.ARIS.GE-ს პროექტის ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q (IBRD) აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ სანიკიძემ განუცხადა, ამ მომენტისთვის სისტემა, “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელი” უკვე ჩამოყალიბებულია, გაკეთებულია კრიტერიუმები, კატალოგი და გარკვეული შეთანხმებებიც მიღწეულია, თუმცა მოდელის ოპერირებას, მის ადმინისტრირებას ძალიან მძლავრი ელექტრონული სისტემა სჭირდება და ახლა სწორედ ამ მიმართულებით მუშაობენ.

“2024 წლის შუა პერიოდში უკვე უნდა დავიწყოთ სისტემის პილოტირება. ჩვენ ისეთი ინფორმაციის მოგროვება უნდა დავიწყოთ უნივერსიტეტებიდან, რომელიც აქამდე ეროვნულ დონეზე არასდროს შეგვიგროვებია. “ბლოქჩეინ” სისტემა გვაქვს, რომელსაც ამერიკული კომპანია აკეთებს და პროტოტიპიც უკვე არის შექმნილი, მაგრამ მისი გატეტვა, ასე ვთქვათ სიმულაცია, 2024 წელს უნდა დავიწყოთ და წლის ბოლოს დავამთავროთ. 2024 წლის შუაში სისტემა გვექნება მზად, რომ დავიწყოთ გატესტვა, ასე გვაქვს დაგეგმილი”, – განგვიცხადა თამარ სანიკიძემ.

მისი განმარტებით, ელექტრონულ პლატფორმაზე, რომელსაც უმაღლესების დაფინანსების ახალი მოდელის ადმინისტრირებაში უმნიშვნელოვანესი დატვირთვა ექნება, გაერთიანებული იქნება ყველა ჩართული მხარე. ამ სისტემაში იქნებიან უნივერსიტეტები, განათლების სამინისტრო, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა(AEMIS), შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

ზემოაღნიშნული სამუშაოების პარალელურად, როგორც თამარ სანიკიძემ განმარტა, მიმდინარეობს საკანონმდებლო რეგულაციების მოწესრიგებაც.

უმაღლესი განათლების შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების (PBF) მოდელი მსოფლიო ბანკის პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q” ფარგლებში შემუშავდა და ის თანხვედრაშია უმაღლესი განათლების ეროვნულ მიზნებთან და სტრატეგიულ პრიორიტეტებთან.

როგორც, პროექტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ამ თემაზე გამოქვეყნებულ ბოლო განახლებაში ვკითხულობთ, (10 ივლისი 2023 წელი) უმაღლესი განათლების შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების (PBF) მოდელი პროექტის განმახორციელებლებმა განათლების ახალი მინისტრის მონაწილეობით განიხილეს და მათ შორის იყო „ბლოქჩეინ“ ტექნოლოგიის გამოყენებით დაფინანსების ადმინისტრირების მექანიზმები და შესრულების ძირითადი ინდიკატორების (KPIs) კატალოგი.

ინფორმაციაში განმარტებულია, რომ ინდიკატორების კატალოგი გამოიყენება თითოეულ დაწესებულებასთან ინდივიდუალური შეთანხმებისათვის, რაც დაწესებულებების ავტონომიურობის პრინციპის გათვალისწინებით ემსახურება ბალანსის დაჭერას ეროვნულ მიზნებსა და საჯარო ანგარიშვალდებულებასა და ინსტიტუციურ დონეზე სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებასა და პასუხისმგებლობას შორის.

“შესრულების ძირითადი ინდიკატორების (KPIs) კატალოგიდან თითოეული უმაღლესი სასწავლებელი თავად შეარჩევს ინდიკატორებსა და მიზნებს, რომლებიც საუკეთესოდ შეესაბამება მათ მისიას, ძლიერ მხარეებსა და პროფილს ეროვნული მიზნების კონტექსტში. ეს საშუალებას მისცემს თითოეულ დაწესებულებას შეიტანოს საკუთარი შეთანხმებული წვლილი ეროვნული მიზნების მიღწევაში და სანაცვლოდ სახელმწიფოსაგან შესაბამისი დაფინანსება მიიღოს. ამგვარი მიდგომა ასახავს დაწესებულებებს შორის მრავალფეროვნებას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მისია, აკადემიური პროგრამების ჩამონათვალი, აქცენტი სწავლებასა და კვლევაზე და ა.შ. უმაღლესი განათლების სისტემაში PBF მოდელისა და „ბლოქჩეინ“ ტექნოლოგიის გამოყენებით დაფინანსების ადმინისტრირების მექანიზმების პილოტირება 2025 წლისათვის იგეგმება”, – წერია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამავე თემაზე:

უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი რიგ უნივერსიტეტებში რესურსების შემცირებას გამოიწვევს – ფინანსთა მინისტრის მოადგილე

„გადავდივართ ახალ ფაზაზე“ – რა ეტაპზეა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის დამტკიცება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური