GE

სტუდენტის უფლებები და ვალდებულებები – რა წერია კანონში

საქართველოს კანონში უმაღლესი განათლების შესახებ განსაზღვრულია სტუდენტის უფლებები და ვალდებულებები. თუმცა როგორც აღმოჩნდა, სტუდენტების ძალიან მცირე რაოდენობამ იცის თავისი უფლებების შესახებ, რომელიც რიგ შემთხვევებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ირღვევა ან გათვალისწინებული არ არის და სტუდენტი, ინფორმაციის არქონის გამო, დაუცველია.

EDU.ARIS.GE-გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას, რომელიც სტუდენტმა პირველივე კურსიდან უნდა იცოდეს:

სტუდენტის უფლებები

1. სტუდენტს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;

ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში;

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით, შინაგანაწესითა და დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

დ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);

ე) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობაში, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად;

ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;

ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;

თ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. სახელმწიფო დაფინანსების გადატანის წესს განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი;

თ​1) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გადავიდეს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე; საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისათვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისათვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გადაიტანოს მაგისტრატურის სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას, თუ სწავლას გააგრძელებს იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში;

ი) საქართველოს კანონმდებლობისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები;

კ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა;

ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში;

მ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;

ნ) განახორციელოს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.

1​1 . თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება, სტუდენტს მობილობის უფლება წარმოეშობა ამ დაწესებულებაში სწავლის პერიოდის ხანგრძლივობის მიუხედავად.

1​2. მსჯავრდებულ სტუდენტს არ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები. მსჯავრდებულ სტუდენტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში შეიძლება შეეზღუდოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები.

2. (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.

4. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისთვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა, ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა ინახებოდეს განცალკევებულად. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისას ადმინისტრაცია ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეკრძალება საკუთარი უფლებამოსილებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება შექმნას ცენზურის დაწესების საფრთხე ან შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, გარდა ამავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს.

7. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოება უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და გათვალისწინებული წესით, ამ კანონის გათვალისწინებით და სამართლიანი პროცედურის გზით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შეიმუშაოს სტუდენტის ეთიკის კოდექსი, რომელიც შესაძლებელია აწესებდეს შეზღუდვას სტუდენტის ქცევაზე, თუ ეს დაკავშირებულია საგანმანათლებლო პროცესის წარმართვასთან. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დეტალურად განსაზღვროს ქცევის წესი, რომელიც იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას.

8. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხს წყვეტს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის წესდებით განისაზღვრება გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანო. სტუდენტს უფლება აქვს, დაესწროს თავისი საქმის განხილვას.

9. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს:

ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;

ბ) დაესწროს დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით;

გ) მიაწოდოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის ორგანოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;

დ) მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში;

ე) მოითხოვოს, მის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე.

10. დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი აწევს ბრალდების მხარეს. დისციპლინური წარმოების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონმდებლობით და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ყველა მტკიცებულება, რომლებიც დისციპლინური წარმოების საფუძველია, უნდა გამოიკვლიოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისმა ორგანომ.

11. სტუდენტს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.

12. სტუდენტის სტატუსი წყდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

13. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი არ სარგებლობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებებით, სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლებებით. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი უფლებამოსილია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და მიმღები მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით გადავიდეს სხვა მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით გადავიდეს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.

14. დაუშვებელია მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მობილობა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

სტუდენტის ვალდებულებები:

სტუდენტი ვალდებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, დაიცვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდება და შინაგანაწესი.

სტუდენტთა თვითმმართველობის უფლებები:

1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობები.

2. ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებში არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობა, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას.

3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:

ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში;

ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;

გ) ირჩევს წარმომადგენლებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში;

დ) უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს შესაბამის ორგანოს;

ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური