GE

სტუდენტური ცხოვრება ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში – სანდოობა და მეგობრული გარემო

ევრორეგიონული უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტუდენტებს, რომ სასწავლო პროცესის გარდა, სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთონ. უნივერსიტეტში ამბობენ, რომ სტუდენტური ცხოვრება ERSU-ში ნიშნავს მრავალფეროვნების უზღვავ შესაძლებლობას, რომელსაც პირველ რიგში, უნივერსიტეტში შექმნილი გარემო იძლევა. კეთილმოწყობილ აუდიტორიებთან, ლაბორატორიებთან და ბიბლოთეკებთან ერთად, აქ სპორტისა და კულტურის სხვადასხვა ცენტრებიც ფუნქციონირებს.

„ევრორეგიონული უნივერსიტეტი 1995 წელს დაფუძნდა. ამ დროიდან მოყოლებული მისი მთავარი მისიაა ხელი შეუწყოს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლების პრინციპის განხორციელებას და უმაღლესი განათლების სფეროში განათლების ხარისხის განვითარებას“, – აცხადებენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

უნივერსიტეტის შესაძლებლობებსა და სტუდენტურ ცხოვრებაზე EDU.ARIS.GE-ს სტუდენტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო თავზარაშვილი ესაუბრა.

–რას სთავაზობს ევრორეგიონული უნივერსიტეტი სტუდენტებსა და აბიტურიენტებს, მათ ვინც დაინტერესებულია თქვენი უნივერსიტეტით?

–ევრორეგიონული უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს სანდოობას. ჩვენთან მუშაობენ კვალიფიციური ლექტორები და უნივერსიტეტის მთავარი მიზანიც ცოდნის გაცემაა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწავლის არამხოლოდ თეორიული ასპექტი, არამედ პრაქტიკულიც. ვთანამშრომლობთ ბევრ უცხოურ უნივერსიტეტთან, ესენია, ოქსფორდის, ვარშავის, კიევის და სხვა, რაც საშუალებას აძლევს ერსუ-ს სტუდენტებს განათლება მიიღონ ამ უნივერსიტეტებში. თანამშრომლობის შედეგად ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ვგეგმავთ სხვადასხვა პროექტს და ჩვენი სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული ამ თანამშრომლობაში.  რამდენიმე მათგანი იღებდა მონაწილეობას და გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა საზღვარგარეთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2008 წელს, ოქსფორდის სოკრატეს სამიტზე ჩვენ მივიღეთ ევროპის ხარისხის ჯილდო, ეს არის ძალიან დიდი სტიმული ჩვენთვის და დიდი ნდობაც. ჩვენი რექტორი ვლადიმერ სუხიშვილი კი 2009 წელს ევროპის უნივერსიტეტების რექტორთა კლუბის წევრად აირჩიეს. რაც შეეხება აბიტურიენტებს, ჩვენ გვაქვს შიდა გრანტი პლუს სტიპენდიები. ასევე, შეღავათები კლასელებისთვის, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონეთათვის და დევნილებისთვის.  I და II პრიორიტეტით ჩარიცხული სტუდენტები სარგებლობენ 10%-იანი ფასდაკლებით და სწავლის საფასური 2000–ლარამდე უმცირდებათ.

–როგორია სტუდენტური გარემო  ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში?

ჩვენთან არის კეთილმოწყობილი აუდიტორიები, ლაბორატორიები, გვაქვს ძალიან მდიდარი ბიბლიოთეკა, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ შეიკრიბონ და განიხილონ სხვადასხვა თემა, დაგეგმონ და განახორციელონ პროექტები. სტუდენტურ ცხოვრებას რაც შეეხება, ევრორეგიონულ უნივერსიტეტში არის ძალიან აქტიური თვითმმართველობა.  მათი თაოსნობით  იმართება ძალიან ბევრი პროექტი: „რა? სად? როდის?“, დებატები და სხვა.

ახლა ვაპირებთ ჩავატაროთ ძალიან საინტერესო შეჯიბრი, სადაც ჩაერთვებიან სხვადასხვა საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები. აქტიურად ტარდება ექსკურსიებიც, საქველმოქმედო ღონისძიებები და სხვა. ასევე, ჩვენი სტუდენტები ცხოვრობენ ჯანსაღი ცხოვრების წესით, მისდევენ სპორტს. სტუდენტები მაქსიმალურად არიან სპორტში ჩართულები. ტარდება ძალიან ბევრი სპორტული ჩემპიონატი ტენისში, ბოულინგში, ჯირითში. ევრორეგიონულ უნივერსიტეტს ჰყავს სპორტული გუნდები როგორც ფეხბურთში, ასევე ფრენბურთში.

უნივერსიტეტში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა, ნიჭიერ სტუდენტებს. აქ, სწავლობს ძალიან ბევრი ხელოვანი სტუდენტი. სწორედ ერთი კვირის წინ გვქონდა პოეზიის საღამო და ჩვენი გამოცემული  წიგნის პრეზენტაცია, ეს არის წიგნი „იავნანა“, სადაც შესულია ხელოვანი სტუდენტების ლექსები, სულ ორმოცამდე პოეტი გვყავს. წიგნი რექტორის ინიციატივით ორ ტომად გამოიცა. ასეთი აქტივობები ძალიან ხშირადაა ჩვენს უნივერსიტეტში.

–რა ტიპის შეღავათები აქვთ სპორტსმენ სტუდენტების უნივერსიტეტისგან?

–ჩვენ ხელს ვუწყობთ სპორტსმენებს. მოგეხსენებათ, რთულია სპორტისა და სწავლის შეთავსება. იქნება ეს გამოცდის გადატანა თუ დასწრებაში ხელის შეწყობა, ჩვენ მზად ვართ გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი, რაც ნორმის ფარგლებში ჯდება.

–ალბათ, ყველა სტუდენტისთვის საინტერესოა დასაქმების საკითხი, თუ გაქვთ რაიმე საინტერესო შეთავაზება ამ კუთხით სტუდენტებთან?

–ჩვენი ყველა სტუდენტი გადის სტაჟირებას მეოთხე კურსზე და შემდეგ საუკეთესო სტუდენტები საქმდებიან კიდეც. ვთანამშრომლობთ არაერთ კომპანიასთან. საკუთრივ ჩვენც გვაქვს ერთი განსაკუთრებული  ტრადიცია. ვასახელებთ საუკეთესო სტუდენტებს, რომლებიც გადიან სტაჟირებას ჩვენს უნივერსიტეტში და შემდგომში ვასაქმებთ. წინა წელს ასეთი ორი სტუდენტი გვყავდა და ორივე დასაქმდა ევრორეგიონულ უნივერსიტეტში.

–რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტისთვის?

–ჩვენთვის  ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი სტუდენტები არიან და სწორედ ამიტომ ვართ აქტიურად ჩართულები მათი სტუდენტური ცხოვრების გახალისებაში. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ სტუდენტებს შევუქმნათ კომფორტული გარემო, როგორც სწავლის კუთხით, ასევე სტუდენტური ცხოვრების მიმართულებით.

ევრორეგიონული უნივერსიტეტის შესაძლებლობებზე, საუბრობს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნინა არჩუაშვილი. მან საჯარო მმართველობის მიმართულება დაამთავრა და ახლა ერსუ-ში მუშაობს.

„თავდაპირველად, მეგობრისგან გავიგე ამ უნივერსიტეტის შესახებ. უნივერსიტეტის უკეთ გასაცნობად საიტზე შევედი და ისეთი ლექტორების სახელები და გვარები იყო, მიმიზიდა. ასევე, საინტერესო ჩანდა სტუდენტური ცხოვრებაც. ეს ყველაფერი გახდა მიზეზი ამ უნივერსიტეტში ჩაბარებისა. ჩვენ გვყავს საკმაოდ კვალიფიცირებული ლექტორები, შესაბამისად, ჩვენს სტუდენტებს აქვთ განვითარების ძალიან კარგი შანსი. ბევრი უნივერსიტეტის სტუდენტს არ აქვა სტაჟირების ფუფუნება, ERSU კი ამ მხრივ ნამდვილად გამონაკლისია. ყველა სტუდენტი, დამამთავრებელ, მეოთხე კურსზე, სტაჟირებას  გადის. მე ექვსი თვე „ქართუ ჯგუფში“ გავდიოდი სტაჟირებას. შემდეგ, შემოთავაზება მქონდა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში მემუშავა და დავრჩი კიდეც მშობლიურ უნივერსიტეტში.

„აღსანიშნავია ისიც, რომ თუ სტუდენტს აქვს პრობლემა, მაგალითად, ფინანსების კუთხით, არ არსებობს რაიმე დაბრკოლება რექტორთან და მის მოადგილესთან შესვლის. მას აუცილებლად მოუსმენენ და დაეხმარებიან.  უნივერსიტეტი ყველანაირად უწყობს ხელს სტუდენტს როგორც ფინანსურად ასევე, აკადემიურ დასწრების კუთხითაც“, – ამბობს ნინა არჩუაშვილი.

ლაშა მაჭავარიანი ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტია. ამბობს, რომ ერსუ-მ მისი მოლოდინი სრულიად გაამართლა და აქ ისეთი გარემო დახვდა, როგორსაც ელოდა. ახლა ის თავად იღებს მონაწილეობას სტუდენტებისთვის მეგობრული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნაში.

„სტუდენტური ცხოვრება ერსუ-სთვის, პირველ რიგში, ნიშნავს მეგობრობას.  ყველა სტუდენტი ვმეგობრობთ და ერთად ვაკეთებთ, ერთად ვგეგმავთ ყველაფერს, იქნება ეს ექსკურსიები, ლაშქრობები, კარნავალი თუ სხვა რაიმე პროექტი. ეს აქტიურობა და ჩართულობა კი ძალიან სასიამოვნოა. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ განტვირთვის საშუალება გვქონდეს, გამოცდების შემდეგ იქნება ეს თუ სწავლის პარალელურად. ყოველდღიურად რაღაც იგეგმება. განსაკუთრებით გამოვყოფდი ექსკურსიებსა და საჯარო ლექციებს, სადაც ყოველთვის საინტერესო სტუმრებს ვიწვევთ. უნივერსიტეტი კი მაქსიმალურად გვიწყობს ხელს. სტუდენტების ჩართულობა სტუდენტურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ადამიანის ფსიქიკას ავითარებს. უფრო მეტი კონტაქტი კი ადამიანს პოზიტიურსა და დადებითს ხდის.

მათ, ვინც ნაკლებადაა ჩართული და შედარებით პასიურია სტუდენტური ცხოვრების შექმნაში, ვურჩევ ნახონ და გამოსცადონ. საფუძვლიანად გამოიყენონ ეს წლები, რათა მომავალში არ ინანონ. ცხოვრება წინ მიდის, ჩვენც ნაბიჯებს წინ ვდგამთ და ამის დრო აღარ გვექნება არც შესაძლებლობა“, – ამბობს ევრორეგიონული უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი.

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური