GE

სწავლების თანამედროვე მეთოდი გაკვეთილისთვის – ჰარკნესის მეთოდი (დისკუსია მოსწავლეებში)

ავტორი: ნატალია ბერკაცაშვილი სსიპ ვაჟა- ფშაველას სახელობის ქალაქ გორის #9 სკოლა; ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი; ფილოლოგიის დოქტორი

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის:

ტრადიციული კოლაბორაცია VS ჰარკნესის მეთოდით კოლაბორაცია

ჰარკნესის მეთოდი არის სწავლების სტრატეგია, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებას. ეს საუკეთესო მეთოდია დისკუსიის წარმათვისა და შეფასებისათვის, ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას ღია სააზროვნო დისკუსიაში და ასევე, მოსწავლეთა ურთიერთთანამშრომლობას. ყურადსაღებია, რომ ეს არ არის შეჯიბრი, მოსწავლეები დისკუსიაში ჩართულნი არიან, როგორც ერთი გუნდი და არა ცალკეული ინდივიდნი.

ვიდრე ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილის მაგალითზე გაგაცნობთ პროცესის წარმართვისთვის აუცილებელ ნაბიჯებს, გიზიარებთ მოსწავლეთა მოვალეობებსა და ქცევის წესებს გაკვეთილის მიმდინარეობისას.

მოსწავლეთა მოვალეობაა:

  • ლიდერობა
  • ორგანიზება
  • კითხვების დასმა
  • აზრის გამოხატვა
  • კომენტარის გაკეთება
  • ტექსტის ანალიზი
  • კომენტარების და აზრის გამოხატვის თხოვნა
  • ტექსტის/ფილმის სხვა ტექსტებთან/ფილმებთან სიტუაციებთან დაკავშირება

წესები:

  • ხმამაღალი არ დომინირებს, მორცხვი აქტიურია, ყველას ყველასი ესმის;
  • ყურადღებით მოსმენა;
  • თვალით კონტაქტის დამყარება;
  • ურთიერთთანამშრომლობა;
  • ტექსზე ორიენტირება;
  • სხვისი აზრის პატივისცემა;
  • ახალ კითხვაზე გადასვლამდე არსებული კითხვის შეჯამება.

განსახორციელებელი ნაბიჯები

ნაბიჯი 1: ჩემს მოსწავლეებს გავაცანი “thin“ and “thick“ კითხვები (როგორ დავსვათ მარტივი და რთული, სააზროვნო კითხვები).

ნაბიჯი 2: მოსწავლეების ასაკის და ინტერესების გათვალისწინებით, ერთად ავირჩიეთ სადისკუსიო თემა-ტოპიკი (ფილმის სახით) – “ექვთიმე – ღვთის კაცი“, რომელიც იყო რელევანტური და საინტერესო სამიზნე ჯგუფისათვის და საჭიროებდა ანალიზისა და კრიტიკული აზროვნების უნარების გამოყენებას.

ნაბიჯი 3: მოსწავლეებს საშინაო დავალებად მივეცი სანახავი ფილმები, შერჩეული თემის შესაბამისად. ჩემი მითითების საფუძველზე, ფილმის ყურების პროცესში ან დასრულების შემდეგ, მათ შეადგინეს სამი მარტივი (thin) და სამი სააზროვნო შეკითხვა (thick).

ნაბიჯი 4: კლასში დაბრუნების შემდეგ, საკლასო ოთახში მერხები და მაგიდები განვალაგე წრეზე, მოსწავლეთა ღია დისკუსიისა და თანასწორუფლებიანობის განცდის ხელშესაწყობად.

ნაბიჯი 5: შერჩეული ტოპიკი მომარაგებული იყო დამატებითი მასალით ჩემ მიერ, რამაც მოსწავლეებში კონტექსტის უკეთ გაგებას შეუწყო ხელი.

ნაბიჯი 6: მოსწავლეებმა ერთმანეთს დაუსვეს ღიადაბოლოებიანი, სააზროვნო კითხვები, რომლებმაც მათ აღნიშნული თემის ირგვლივ კრიტიკულად ფიქრისა და მსჯელობის შესაძლებლობა მისცა, რითაც გაიზარდა მათი სტიმული და მოტივაცია.

ნაბიჯი 7: მოსწავლეები გავამხნევე, რათა ყველა თანაბრად ყოფილიყო ჩართული სამუშაო, სადისკუსიო პროცესში. ამ მიდგომამ მათ, არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე, საკუთარი აზრის დაფიქსირებაში შეუწყო ხელი. როგორც მასწავლებელმა, ფასილიტატორობა გავუწიე მოსწავლეებს და დავუსვი აზრის ლოგიკურად დამაკავშირებელი და დისკუსიის გამახანგრძლივებელი კითხვები.

ნაბიჯი 8: მოსწავლეები ჯგუფში მსჯელობდნენ სამუშაო წესების დაცვით. კერძოდ, პატივს სცემდნენ ნებისმიერ გამოთქმულ მოსაზრებას, არ აწყვეტინებდნენ მოსაუბრეს და მხოლოდ მაშინ აფიქსირებდნენ საკუთარ პოზიციას, როდესაც სხვა მოსწავლე ჩამოაყალიბებდა აზრს. პარალელურად, ფასილიტატორის როლში, ჰარკნესის მეთოდისათვის განკუთვნილ დაკვირვების ფურცელზე, ხაზებით ვაკავშირებდი იმ მოსწავლეთა სახელებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი სადისკუსიო პროცესში.

ნაბიჯი 9: დისკუსია დასრულდა მოსწავლეებისთვის წინასწარ გაცნობილ კონსტრუქტიული უკუკავშირის გამოყენებით. დავურიგე შეფასების კითხვარები, სადაც ასახეს, თუ რა ისწავლეს და როგორ ამაღლდა მათი ცნობიერება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ნაბიჯი 10: მოსწავლეებთან ერთად დავაკვირდი ჰარკნესის მეთოდისთვის განკუთვნილ დაკვირვების ფურცელს. მოსწავლეთა ჩართულობა, აღნიშნული ხაზების გავლების საშუალებით ყველასთვის თვალსაჩინო და გასაგები იყო. გამოვკვეთეთ სადებატო თემის ძირითადი არგუმენტები.

INVISIBLE BRACELET (უხილავი სამაჯური)

მოგეხსენებათ, რომ მოსწავლეებში, საგნის შესწავლის პარალელურად, უმნიშვნელოვანესია უნარების განვითარება და ღირებულებებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბება. შესაბამისად, მოსწავლეებს დავურიგე ფერადი ფურცლები და ვთხოვე, გამოეყენებინათ შემოქმედებითი უნარი და შეექმნათ სამაჯურები. სამაჯურის შექმნის და მორგების მიზანი კომფორტის ზონიდან გამოსვლასა და მორალის დატოვებას გულისხმობდა. სამაჯურის მორგების შემდეგ, მოსწავლეებმა უპასუხეს თემასთან დაკავშირებულ მაპროვოცირებელ შეკითხვას, რომლის მეშვეობითაც გამოიკვეთა თუ მორალური განვითარების რომელ სტადიაზე იმყოფებოდა მოსწავლე და იყო დამოკიდებული საზოგადოების წესებსა და კანონებზე, თუ პირიქით, ეწინააღმდეგებოდა მათ პრინციპებს.

ასევე იხილეთ:

თეატრალური წარმოდგენის მნიშვნელობა სასწავლო პროცესში – განხორციელებული პროექტის მაგალითი

„სამუზეუმო გაკვეთილებით“ სწავლების მეთოდიკა და მუზეუმში ჩატარებული გაკვეთილის მაგალითი ქიმიაში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური