GE

„სწავლის შეწყვეტა კი არა, გზის გათოვლაა საჭირო!“ – საქართველოს მაღალმთიან სოფლებში უამინდობა გრძელდება 

თითქმის ორი კვირაა, დიდთოვლობის გამო, საქართველოს მაღალმთიანი სოფლების დიდ ნაწილში სასწავლო პროცესი შეფერხებულია. თუმცა, რიგ სოფლებში, გართულებული გადაადგილების მიუხედავად, სწავლა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში EDU.ARIS.GE-ს ეუბნებიან, რომ სწავლის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებებმა მიიღეს. კითხვაზე, თუ რამდენ სკოლაშია სწავლა შეჩერებული 22 თებერვლის მონაცემებით, გვპასუხობენ, რომ ასეთი სტატისტიკა არ აქვთ, რადგან სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება.

მასწავლებელთა ნაწილის აზრით, პრობლემურ სოფლეში სწავლა დროებით უნდა შეწყდეს. მღელვარებამ მას შემდეგ იმატა, რაც ლეჩხუმში, ჩქუმი-ქულბაქის გზაზე, მეწყერმა მასწავლებელი, გელა ლიპარტელიანი იმსხვერპლა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი, ზურაბ ჩინჩალაძე გვიყვება, რომ სოფლების ტყემლოვანა-სვერის დამაკავშირებელი გზა გასაწმენდია. არის მეორე მარშუტიც ტყემლოვანა-მანდაეთი-სვერი, სადაც ასევე ჩასატარებელია გაწმენდითი სამუშაოები. კითხვაზე, ემხრობა თუ არა სწავლის დროებით შეჩერებას, ზურაბ ჩინჩალაძე გვპასუხობს, რომ სწავლის შეწყვეტა კი არა, უბრალოდ გზის გათოვლაა საჭირო, რომელიმე ერთი მარშუტის მაინც, რომ უსაფრთხოდ გადაადგილება გახდეს შესაძლებელი.

უამინდობის პირობებში გადაადგილების გამოცდილებას EDU.ARIS.GE-ს პედაგოგი თინა დულარიძეც უზიარებს: „ძლიერი ქარბუქის გამო, ურთულესი გზა გამოვიარე, რომ დანიშნულების ადგილამდე მიმეღწია. მიუხედავად იმისა, რომ შემოვლითი მარშრუტით წავედით: გურჯაანი-თბილისი-ახალციხე-ნინოწმინდა-ფარავანი. ნინოწმინდიდან ნახევარი გზა პოლიციამ მიმაცილა. ფარავნიდან ტრაქტორმა გაკვალა გზა და ასე… სკოლამდე სიკვდილ-სიცოცხლის ფასად მივედი“.

უფრო ვრცლად ლაურა გოტიაშვილს ვესაუბრეთ, რომელიც ტყიბულის რაიონის სოფელ ძმუისში, პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში, მოსწავლეებს ინგლისურ ენას ასწავლის. ახალგაზრდა მასწავლებელი დიდი ხანია, სოფელში საბაზისო ინფრასტრუქტურის არარსებობაზე ღიად საუბრობს და გვიყვება, რომ დიდთოვლობამ სიტუაცია განსაკუთრებით გაუსაძლისი გახადა.

„სოფელში არ არსებობს გზა, გაუმართავია ენერგო-სისტემა და სიოს დაბერვაც კი საკმარისია, რომ შუქი გაითიშოს. არ გვაქვს აფთიაქი, არც ინტერნეტი. იანვრიდან საკაბელო ტელევიზიაც გაითიშა. არ არსებობს გაზმომარაგება და არც წყლის სისტემა. სოფელს არ აქვს ქალაქთან დამაკავშირებელი ტრანსპორტი, უკვე 2-3 წელია.

„ყოველი თოვლის მოსვლა არის ტანჯვა ყველა მაცხოვრებლისთვის. სახლიდან სკოლამდე მგლის ნაკვალევის პარალელურად გავიარე დაუსახლებელი ტყე, ეს ყველაფერი მეტრზე მეტ თოვლში. უამრავჯერ ვთხოვეთ გამგეობას გზის გაწმენდა, მაგრამ ყოველ ჯერზე გვპასუხობდნენ, ახლა არ გვცალიაო. გუშინ დავასრულე სამუშაო დღეები სკოლაში და უახლოეს ქალაქში დაბრუნება მსურდა. წამოვყევი მაღალი გამავლობის მქონე მანქანას, მაგრამ სოფელთან ახლოს ჩავრჩით თოვლში. ვითხოვეთ დახმარება, მაგრამ გამგებელმა გვიპასუხა, რომ ხვალ თოვლი გადაიღებდა და მაშინ გაწმენდდნენ გზას, რადგან ორმაგი ხარჯი იყო“, – იხსენებს მასწავლებელი ჩვენთან საუბარში.

მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ლაურამ თავისი მდგომარეობის შესახებ საჯაროდ დაწერა, საზოგადოება აქტიურად ცდილობდა მის დახმარებას. ადამიანები ერთმანეთს მოუწოდებდნენ, განუწყვეტლივ დაერეკათ პასუხისმგებელ პირებთან, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო. მანქანა კი სოფლის მაცხოვრებლების დახმარებით ამოიყვანეს.

„რესურსცენტრს ვთხოვეთ ან გზების გაწმენდაში დაგვხმარებოდნენ, ან ჰიბრიდული რეჟიმის დანერგვაში მაინც, ან არაადგილობრივი მასწავლებლების სოფლამდე ტრანსპორტირებაში, მაგრამ უყურადღებოდ დაგვტოვეს და სამსახურიდან წასვლა გვირჩიეს“, – ამბობს ლაურა გოტიაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ გვიან ღამით გზის გაწმენდა მოხერხდა, შიდა გზები კვლავ არ არის გაწმენდილი. პედაგოგის თქმით, სასწავლო პროცესი მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჯანმრთელობის დაზიანების ხარჯზე მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მაცხოვრებლები ყველანაირად ცდილობენ, ერთმანეთს დაეხმარონ, შიშველი ხელებით მოცემულობას ვერ ცვლიან.

EDU.ARIS.GE 23 თებერვალს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის პიარ სამსახურს დაუკავშირდა. რელევანტურ კითხვებზე პასუხად მივიღეთ გაღიზიანებული ტონი და ახსნა, რომ მერიამ მიმართვისთანავე დაიწყო პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა. თუმცა, ჩვენი რესპონდენტების ინფორმაციით, გადაადგილების პრობლემები არაერთ სოფელში ამ დრომდე ნარჩუნდება. მერიაში ჩვენს კითხვებზე წერილობითი პასუხის გაცემას დაგვპირდნენ, რომელიც მიღების შემთხვევაში, სტატიაში დაუყოვნებლივ აისახება.

ასევე იხილეთ:

განათლების სისტემის გამოწვევები მესამე მსოფლიოს ქვეყნებში

მოამზადა ქეთი ბახტაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური