„სწორი კომუნიკაცია უნდა ისწავლონ“ – პედაგოგთა განცხადებებს „მშობლებისგან ზეწოლაზე“ თავად მშობლები ეხმაურებიან
„ხშირად მაქვს ჩემი შვილის პედაგოგთან თხოვნა -ყოველთვის მითხარით რა გამოვასწოროთ, სად ვართ სუსტი, რომ ბავშვთან ერთად მეც უფრო მეტი ვიმუშაო. სამწუხაროა, რომ მე უფრო ვაქტიურობ, ვიდრე მასწავლებელი, მიუხედავად იმისა, რომ ამ თხოვნით მასთან ხშირად მივდივარ. კომუნიკაციის ნაკლებობაა“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ნინო ფანცულაია, სკოლის მოსწავლის მშობელი, რომელსაც ვკითხეთ მშობლების მხრიდან პედაგოგების მისამართით „ზეწოლის“ შესახებ, რაზეც მასწავლებლები თავად საუბრობენ.
„მშობლების ზეწოლის“ საკითხი განათლების სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული კვლევის ანგარიშში მოხვდა და ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ერთ-ერთ გამოწვევად შეფასდა.
კერძოდ, კვლევის ფარგლებში გამოკითხული მასწავლებლებისთვის დიდ სატკივარს წარმოადგენს მშობლების მხრიდან უნდობლობა, ერთგვარი „დაკნინებული სტატუსი“. მასწავლებლები ფიქრობენ, რომ რეპეტიტორებთან მუდმივი კონკურენციის პირობებში იმყოფებიან. მშობლების პედაგოგიზაციის მიმართულებით უამრავი გამოწვევა არსებობს. მასწავლებელთა და მშობელთა შორის კონფლიქტი და დაძაბულობა ხშირად მშობლების მხრიდან განსხვავებულ მოლოდინებსა და მოთხოვნებს უკავშირდება. მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ მათთვის განსაკუთრებით რთულია მშობლებთან კომუნიკაცია განმავითარებელი შეფასების საკითხებზე. მშობლის მოლოდინი, პირველ რიგში განმსაზღვრელ შეფასებას უკავშირდება.
ერთ-ერთი მასწავლებელი კი მშობელთა ზეწოლის თაობაზე კონკრეტულ მაგალითებსაც იხსენებს და პედაგოგების მდგომარეობას ასე აფასებს:
„მთავარი პრობლემა, ჩემი გადასახედიდან ვამბობ, არის ის, რომ მასწავლებლები სრულიად დაუცველები ვართ. მშობელს უფრო მეტი უფლება აქვს, მოსწავლეს – კიდევ უფრო მეტი და მასწავლებელს არ გაქვს იმის უფლებაც კი, რომ უკუკავშირს როდესაც აკეთებს, იმ უარყოფით მხარეზე გაამახვილოს კარგად, ნაყოფიერად ყურადღება. მშობელი ამას არ იღებს და მპასუხობს – „როგორ ვერ კითხულობს, კითხულობს“. კითხვაში გულისხმობენ იმას, რომ მოსწავლემ წაიკითხა სიტყვა, სასვენი ნიშანი გამოიყენა… გააზრებულად რომ ვერ კითხულობს და ეს რომ პრობლემაა, ამას ვერ აცნობიერებენ და ძალიან დიდი პრეტენზია აქვთ – „ვამზადებ და მისი მასწავლებელი კმაყოფილია, თქვენ რატომ არ ხართ?! 10 თუ არა 9 მაინც უნდა მიიღოს. შენ [მასწავლებელი] რატომღაც მხრებჩამოყრილი, თავდახრილი დგახარ მის წინაშე და ისმენ ძალიან არასასიამოვნო კომენტარებს“.
საკითხზე, თუ რატომ თვლიან მასწავლებლები, რომ მოსწავლეთა მშობლებისგან ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან, EDU.ARIS.GE სხვადასხვა კლასის მოსწავლეთა მშობლებს გაესაუბრა.
პედაგოგის პოზიციის პასუხად, დაწყებითი კლასების მოსწავლის მშობელი ნინო ფანცულაია მიიჩნევს, რომ თუ მასწავლებელი ბავშვის სწავლასთან დაკავშირებულ საკითხებს ჯანსაღად, სწორი მეთოდებით განიხილავს, მშობელს არც ზედმეტი კითხვები გაუჩნდება და არასწორი მოლოდინებიც აღარ შეექმნება:
„ასეთ დროს მასწავლებელი თავს დაჩაგრულად არ უნდა გრძნობდეს, პირიქით, მშობელთან სწორი კომუნიკაცია უნდა დაამყაროს და დეტალურად, ეტაპობრივად აუხსნას, თუ რას როგორ სწავლობს მისი შვილი. სოციალურ ქსელში საერთო ჯგუფებიც გვაქვს, სადაც მასწავლებლებს შეუძლიათ დაწერონ, თუ რომელი თემებია საყურადღებო, რა უჭირთ ბავშებს და რაზე უნდა გავამახვილოთ მშობლებმა ყურადღება, თუმცა ასე არ ხდება. სწორი კომუნიკაციის ნაკლებობა ნამდვილად შეინიშნება, რისთვისაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, მასწავლებლებს შესაბამისი ტრენინგები ჩაუტარდეთ და სწორი კომუნიკაცია ისწავლონ. არ ვიცი, ამას სახელმწიფო დააფინანსებს თუ ვინ, მაგრამ კარგი იქნება, თუ ამის საჭიროების შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტრომდე მივა“.
ჩვენი რესპონდენტის აზრით, მასწავლებლები, რომლებიც ზეწოლაზე საუბრობენ, უფროსი თაობის წარმომადგენლები არიან, „რადგან სწორედ მათ აქვთ შემორჩენილი ფიქრები, რომ მოსწავლემ და მშობელმა არაფერი უნდა „აკადრონ“, ახალი თაობის მასწავლებლები კი ამ საკითხს ამგვარად არ აღიქვამენ“.
რაც შეეხება მშობლების მხრიდან განმსაზღვრელ შეფასებასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს, ნინო თვლის, რომ მშობლის მხრიდან ნიშნით უკმაყოფილება დასაშვები, ჩვეულებრივი მოვლენაა და ხშირად ადეკვატურიც.
„თუკი ბავშვი რეპეტიტორთან კონკრეტულ დავალებებს ასრულებს, აქვს შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული უნარები, მაშინ განა საინტერესო არ არის რატომ ხდება ისე, რომ იგივე ბავშვი კლასში შესაძლებლობებს ვერ ამჟღავნებს?! აქ, შეიძლება, იკვეთებოდეს მთელი რიგი პრობლემები, მაგალითად ბავშვის დაბალი თვითშეფასება, ან ბულინგი, რის გამოც მოსწავლე შესაძლოა, არაკომფორტულ ზონაშია და კონკრეტულ გაკვეთილზე აქტიურობისგან თავს იკავებს, ან ღელვა და შფოთვა აქვს, თუნდაც ე. წ. საკონტროლოს დროს და ასე შემდეგ. ამ პრობლემებზე თვალის დახუჭვა ნამდვილად არ არის სახარბიელო ბავშვის მომავლისთვის“, – ამბობს დედა და დასძენს, რომ მშობლების მხრიდან კითხვები მასწავლებელს უნდა ახარებდეს, „რათა ერთად ეძიონ პრობლემა და ბავშვს დაეხმარონ“.
ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი, მე-7 და მე-9 კლასების მოსწავლეთა მშობელი, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა მიიჩნევს, რომ მშობელი შვილების აკადემიური მოსწრებისა და სწავლასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად, სწავლის პროცესის პარალელურად უნდა იღებდეს და არა ბოლოს, ქულების დაწერისას.
როგორც ის ამბობს, მშობელი თავისი სურვილითაც უნდა იყოს ჩართული და ჰქონდეს პედაგოგთან კომუნიკაცია, მაგრამ მთავარი როლი მაინც მასწავლებელს აქვს.
„შესაძლოა მშობლებს რაღაც გამოგვრჩეს სემესტრის განმავლობაში, ვერ ვკითხოთ ყოველ ახალ საკითხზე მასწავლებელს, თუ რამდენად კარგად აითვისა და გაიგო ბავშვმა. ასეთ დროს, ვფიქრობ, მასწავლებელი უნდა გვაყენებდეს საქმის კურსში, იქნებ ჩვენ მაშინვე მივმართოთ რაღაც ზომებს, რათა სემესტრის ბოლომდე გამოასწოროს მოსწავლემ ის საკითხები, რომლებიც უჭირს“, – გვიხსნის მშობელი.
ორი შვილის დედა ამბობს, რომ ხშირია შემთხვევები, როცა მასწავლებელი მართლა არასამართლიანად აკლებს ქულას მოსწავლეს იმის გამო, რომ დამატებით სხვა რეპეტიტორთან ემზადება და არა მასთან.
„ამას საკუთარი გამოცდილებით ვამბობ. ბავშვი ძალიან კარგად სწავლობდა მათემატიკას, დამატებით ვამზადებდი, რადგან ამ საგნის მიმართ თავიდანვე დიდი სიყვარული და მონდომება გამოხატა, სკოლაში მასწავლებელი კი 8 ქულაზე მეტს არ უწერდა“, – აცხადებს ის.
მშობელსა და მასწავლებელს შორის ჯანსაღი კომუნიკაციის შექმნისა და დასახელებული პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბრობს ნინო ფანცულაია, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოში სხვა ქვეყნებში აპრობირებული პრაქტიკების დანერგვა ერთ-ერთი გამოსავალი იქნებოდა არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად, რადგან, როგორც ნინო ამბობს, ტექნოლოგიების გამოყენების შემთხვევაში, მშობლები შეძლებენ დაწვრილებით ნახონ შვილების აქტივობები, რომლებსაც საჭიროებისა და სურვილის შემთხვევაში, რეპეტიტორებსაც გადაამოწმებინებენ.
„მქონია შეხება უცხო ქვეყნების სკოლების მოსწავლეებთანაც, რომელთა მშობლებსაც ნამდვილი ფუფუნება აქვთ, იმის გათვალისწინებით, რომ შვილების განათლებას დეტალურად ადევნებენ თვალს. კერძოდ, სკოლებს აქვთ საკუთარი ვებ-პორტალები, სადაც ელექტრონულად თავსდება როგორც ბავშვების ნაშრომები და შეფასებები, ისე განმარტებები იმის შესახებ, თუ როგორ, რატომ და რაში მიიღო ბავშვმა კონკრეტული ქულა. აგრეთვე, როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროგრამა და აქტივობები. თითქოს, ერთი პერიოდი, აქაც იყო „თიმსში“ მსგავსი რამ, მაგრამ სასკოლო პროცესში ეს პროგრამა აქტიურად აღარ გამოიყენება. თუ გამოიყენება, ან არის სხვა მსგავსი რამ, გამოდის, მშობლებს არ გვაქვს ამის თაობაზე ინფორმაცია“, – აღნიშნა EDU.ARIS.GE-სთან მოსწავლის მშობელმა.
განათლების ექსპერტების მოსაზრებით, ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის კონტექსტში ძალიან მნიშნელოვანია მშობლებთან მიზანმიმართული მუშაობა.
„მარტო ესგ არ არის მასწავლებლისთვის დამკვეთი, სხვა დამკვეთებიც გვყავს, ვის ინტერესებთანაც დღეს კონფლიქტში მოდის ესგ-ის მოთხოვნები. ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ“, – აღნიშნავს განათლების სამინისტროს კვლევის ფარგლებში გამოკითხული განათლების ექსპერტი.
ასევე იხილეთ:
ავტორები: თამუნა კირკიტაძე და edu.aris.ge
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება