GE

„სხვისი რჩევით შეძენილ პროფესიაში წარმატების მიღწევის შანსი ნაკლებია“ – მშობლის როლი ცხოვრებისეული არჩევანის გაკეთებისას

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. ცნობილია, რომ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღემდე შეეძლებათ. ეს შესაძლებლობა კი სწორედ იმ გამოსაცდელებს შეუძლიათ გამოიყენონ, ვინც ბოლომდე არ არის დარწმუნებული მომავალ პროფესიაში.

„როგორ აირჩია თქვენმა შვილმა პროფესია და როგორი იყო თქვენი როლი ამ პროცესში?“ – ეს კითხვა, სტატიაზე მუშაობისას, თბილისის 177-ე, 39-ე და 191-ე სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებთან შეკრებილ, გამოცდაზე შესული შვილების მომლოდინე მშობლებს დავუსვით. ჩვენი მიზანი იმის გარკვევა იყო, თუ რამდენად დამოუკიდებლები არიან დღევანდელი ახალგაზრდები პროფესიის არჩევისას, როგორ იღებენ გადაწყვეტილებას, რამდენად ექცევიან სხვების გავლენის ქვეშ, ერევიან თუ არა მშობლები მათ არჩევანში და, ზოგადად, რას ფიქრობენ ამაზე.

მიღებული პასუხები გვაძლევს საფუძველს, დავასკვნათ, რომ სიტუაცია, წლიდან წლამდე, უკეთესობისკენ იცვლება – მშობელთა უმრავლესობა, რომელთაც EDU.ARIS.GE ესაუბრა, ამბობს, რომ შვილის არჩევანში არათუ ღიად, არამედ ირიბადაც კი არ ჩარეულა და დარწმუნებულია, რომ პროფესია არის ის, რაც ადამიანმა სხვების ზეგავლენის გარეშე, საკუთარი გულისა და ინტერესების კარნახით უნდა აირჩიოს.

ჩვენს რესპონდენტებში არიან ისეთებიც, რომელთაც, თავის დროზე, ვერ მოახერხეს არ მოქცეულიყვნენ მშობელთა გავლენის ქვეშ და რომელთაც პროფესია მათი სურვილის წინააღმდეგ შეურჩიეს. ამბობენ, რომ ამის შედეგები საკუთარ თავზე უკვე იწვნიეს, ამიტომ მშობლების მიერ დაშვებული შეცდომა თავად აღარ გაიმეორეს.

მარიკა გამცემლიძის შვილი მომავალი პროგრამისტია და იმ დროს, როცა ჩვენ ქალბატონ მარიკასთან ვსაუბრობდით, იგი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას წერდა. ტექნიკური საგნებისადმი სიყვარულიდან გამომდინარე, შვილის ეს არჩევანი ქალბატონ მარიკას არც უკვირს. მშობლები შვილს სამედიცინო განათლების მიღებას ურჩევდნენ, იქიდან გამომდინარე, რომ მამაც მედიცინის მუშაკია, მაგრამ ბიჭმა მათ რჩევებს არ მოუსმინა და სპეციალობად IT ტექნოლოგიები აირჩია.

„ბოლო სამი წელი ზუსტად იცოდა, რა უნდოდა და ამ მიზნისკენ მიდიოდა. ჩემი აზრით, ბავშვის სურვილი უნდა გავითვალისწინოთ. რჩევა უნდა მივცეთ, მაგრამ, არ მგონია, რომ შვილები ჩვენს სურვილებს უნდა გაჰყვნენ. თუ ასე მოიქცევიან, ბოლომდე ჩამოყალიბებულები და წარმატებულები ვერ იქნებიან. რაშიც უფრო თავდაჯერებული და დარწმუნებულია, ის უნდა აკეთოს. მე პირადად, თუ დავინახავდი, რომ ჩემს შვილს სწავლა არ უნდა, არ აქვს ამისკენ მიდრეკილება, სურვილი და ინტერესი, ვამჯობინებდი ხელობა ესწავლა, ან სპორტი, რისკენაც გული უფრო გაუწევდა. ჩაბარებას ნამდვილად არ დავაძალებდი. რისი სურვილიც ექნებოდა, იმაში შევუწყობდი ხელს.

„ადრე, საბჭოთა კავშირში, მშობლების სურვილით ჩაბარება მიღებული იყო. ჩემი მშობლები არ ჩარეულან, მაგრამ სანათესაოში დედ-მამის სურვილის მიხედვით ბევრი აბარებდა. ჩემი მამიდაშვილის მაგალითი მახსენდება და, საბოლოოდ, წლების შემდეგ, მისგან, მშობლების მიმართ, დიდი საყვედური მოვისმინე. საუბარში უკმაყოფილება გამოხატა, რომ დედის სურვილს დაჰყვა. დღეს, იმედია, ასე აღარ ხდება“, – ამბობს ქალბატონი მარიკა.

ქალბატონ ელენესაც მაშინ ვესაუბრეთ, როცა ის გამოცდაზე შესულ შვილს ელოდა. ამბობს, რომ ცუდი არაფერია იმაში, თუკი ახალგაზრდები, რომელთაც ნაკლები ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ, მშობლებს ზოგჯერ მაინც მოუსმენენ და მათ რჩევებს გაითვალისწინებენ. მისი აზრით, ასე ბევრ სირთულეს აირიდებენ. პროფესია თავადაც მშობლების აზრის გათვალისწინებით აირჩია და გვეუბნება, რომ ამას არც ნანობს. მართალია, აქვე იმასაც დასძენს, რომ კარიერის შექმნა ვერ შეძლო, მაგრამ ამას უფრო რთულ წლებს აბრალებს და არა იმას, რომ გადაწყვეტილება სხვის მიერ იყო მიღებული.

„მე, პირადად, ჩემმა შვილმა არაფერში ჩამრია. არც მამამისი. გვქონდა მცდელობა, მიგვეცა რჩევები, თუ საით ჯობდა წასვლა, სად უფრო მაღალი ხელფასებია, რომელ სფეროში უფრო ადვილად იპოვის სამსახურს, მაგრამ არც კი მოგვისმინა. სამხატვრო აკადემიაში აბარებს. არ მინდოდა, იქ ჩაებარებინა. უფრო საბანკო სექტორს ვურჩევდი, რადგან ამ ქვეყანაში თუკი სადმე სამსახური იშოვება, ბანკებია. მხატვრები ვის რად უნდა? რა უნდა აკეთოს? ნახატები დახატოს და ქუჩაში გაყიდოს? ხატვა, კი ბატონო, ჰქონოდა ჰობად, გატაცებად, თავისუფალ დროს ეხატა, მაგრამ ვისურვებდი პროფესიად სხვა რამე აერჩია. რამდენჯერაც ამაზე ოჯახში ვილაპარაკეთ, იმდენჯერ ჩხუბს გვიწყებდა და ჩვენც შევეშვით, სხვა რა გზა გვქონდა?“ – გვეუბნება ქალბატონი ელენე.

როგორ დაალაგოს აბიტურიენტმა ფაკულტეტები, როცა ჯერ კიდევ არ აურჩევია მისთვის პრიორიტეტული პროფესია – ინტერვიუ სპეციალისტთან

„სხვისი რჩევით მიღებულ პროფესიაში ადამიანების წარმატების მიღწევის შანსი ნაკლებია“ – ამ სიტყვებით იწყებს ჩვენთან საუბარს თათია ალხაზიშვილი, რომელსაც 177-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრთან შევხვდით. თათია იქ ქალიშვილს, მომავალ არქიტექტორს ელოდებოდა.

ამბობს, რომ ამ სფეროსადმი სიყვარული, მის შვილს, ბავშვობიდან აქვს, რასაც ოჯახს უკავშირებს, რადგან ბაბუა არქიტექტორია, ბიძა კი – ხატმწერი. ისეთ გარემოში იზრდებოდა, რომ ხაზვისა და ხატვის მიმართ ინტერესი, ალბათ, აქედან გამოჰყვაო, გვეუბნება თათია და დასძენს, რომ ოჯახის გავლენა იგრძნობა, თუმცა არა – სიტყვიერი.

„ჩემი უფროსი გოგო უკვე სტუდენტია და არცერთთან არანაირად არ ჩავრეულვართ. ეს გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ, მერე რაღაც ისე რომ ვერ იყოს? ხომ იცით, მერე ყველაფერს მშობლებს ვაბრალებთ – „მე ეს არ მინდოდა და შენი აზრი მომახვიე თავსო“, – ვეტყვით. არ მინდოდა ჩვენთანაც მსგავსი რამ მომხდარიყო. ჯობდა თავად გადაეწყვიტა, თუნდაც შეცდომა დაეშვა და მერე გამოესწორებინა, ოღონდ გადაწყვეტილება მისი უნდა ყოფილიყო და არა – ვიღაცის. ყოველთვის შენმა ეგომ უნდა გიკარნახოს, რა გინდა. დაძალება ჩემს შემთხვევაშიც არ ყოფილა. ჩემთვის სიმღერა იყო ყველაფერი, მის გარეშე ვერც წარმომედგინა, ამიტომ სხვა პროფესია არც განხილულა – საესტრადო ვოკალისტი გავხდი. ჩემი მშობლები არ ჩარეულან, სრული თავისუფლება მომცეს. ეს დავაფასე და ანალოგიურად მოვიქეცი ჩემს შვილებთან“, – ამბობს თათია.

ჩვენს შემდეგ რესპონდენტთან, რომელიც 177-ე სკოლასთან შვილს გულშემატკივრობდა, საკმაოდ ემოციური საუბარი გვქონდა. დედა შვილის გამოცდის გამო იმდენად ნერვიულობდა, რომ ცრემლიანი თვალებით გვესაუბრა. მისი გოგონა, ანა, მომავალი პოლიციელია. თანაც, როგორც აღმოჩნდა, გული კრიმინალური პოლიციისკენ მიუწევს. ქალბატონი ფიქრობს, რომ ამაში მისი გავლენაცაა – გარკვეული პერიოდი დაცვის პოლიციაში მუშაობდა და მიაჩნია, რომ ფორმის მიმართ სიყვარული მის შვილს აქედან მოსდევს. მიუხედავად ამისა, შვილი პოლიციელის დაძაბული ცხოვრების წესისთვის არ ემეტებოდა, ამიტომ, საწყის ეტაპზე მას სხვა პროფესიების დაუფლებისკენ უბიძგებდა, მაგრამ ანამ თავისი გაიტანა და ახლა იგი იურიდიულ ფაკულტეტზე მისაღებ გამოცდებს აბარებს.

„ეს პროფესია მეც ძალიან მიყვარს, პოლიციელობა ჩემი ოცნებაც იყო. თუმცა ამ სამსახურისთვის ძალიან მეცოდება. პასუხისმგებლობის ძალიან მაღალ გრძნობას მოითხოვს, ძალიან სტრესულია. ამიტომ, თავიდან ვთხოვდი, იქნებ არ გინდა, იქნებ მოდელობას მიჰყვე მეთქი. ძალიან მინდოდა მოდელი გამოსულიყო, მაგრამ მას ეს არ აინტერესებს. გაპრანჭვა მისთვის, უცხოა. მხოლოდ ფორმის ჩაცმა აინტერესებს. ამბობს – ესაა ჩემი ოცნება, ვიმუშავებ და სწავლის ფულსაც თავად გადავიხდიო. დაახლოებით მეათე კლასში იყო, როცა ტელეფონში კანონები ჰქონდა გადმოწერილი და სწავლობდა. თავად რომ ასე უნდა, მეც ოცნებად მექცა ჩემი შვილის პოლიციელობა. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს მიზანი ბოლომდე მიიყვანოს. ისეთი მონდომებული და ამ საქმეზე შეყვარებულია, რომ, ვფიქრობ, საამაყო პოლიციელი იქნება“, – ამბობს ქალბატონი.

„ახლა სხვანაირი ბავშვები წამოვიდნენ, უფრო თავისუფლები და იმას აკეთებენ, რაც თავად უნდათ,“ – ეს არის ის მთავარი რამ, რაც ჩვენი შემდეგი რესპონდენტის აზრით, ახლანდელ აბიტურიენტებს მათი მშობლების თაობისგან განასხვავებს. ანა გოგიძე 39-ე სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრთან შვილის, მარის, მხარდასაჭერად იცდიდა. გაირკვა, რომ მარიც მომავალი არქიტექტორია. გოგონა ამაზე დიდხანს ოცნებობდა და მშობლებიც მხარს უჭერდნენ. ქალბატონი ანა ფიქრობს, რომ მშობლების როლი შვილის პროფესიის არჩევის პროცესში მხოლოდ რჩევით შეიძლება შემოიფარგლებოდეს.

„თუ ნამდვილად გიყვარს რაღაც, ის უნდა აკეთო. თუ ჩააბარებს, არ მოეწონება და პროფესიის შეცვლა მოუნდება, არც მაგაში შევუშლი ხელს. ეს ჩემის საქმე არაა, თავად უნდა მოსწონდეს. ჩემი მშობლები ჩაერივნენ და ჩემგან იურისტი არ გამოვიდა, მცხობელი გამოვიდა. მაშინ იურისტობა იყო მოდაში და მეც დავემორჩილე. არასოდეს მისაყვედურია, მათ ხომ ჩემი წარმატება უნდოდათ. მაშინ მშობლების აზრს უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, ვიდრე საკუთარს“, – ამბობს ანა გოგიძე.

მარეხ ბუსკივაძე: „ილია ვეკუას სკოლა დაასრულა, ამიტომ გვეგონა, მათემატიკას გაჰყვებოდა, მაგრამ სამედიცინოზე აბარებს. ოჯახში, ძირითადად, ექიმები ვართ და თავადაც ეს გადაწყვიტა, ნევროლოგია აინტერესებს. გადაწყვეტილება მთლიანად მისია. მე პირიქით, არ ვურჩევდი, რადგან ამ პროფესიას ბევრი შრომა სჭირდება და მეცოდებოდა. ვცდილობდი მეჩვენებინა, როგორი რთული და შრომატევადია ეს საქმე. თუ არჩევანს გადაიფიქრებს, ვერც ამას დავუშლი. პროფესია ადამიანმა თავად უნდა აირჩიოს. სხვამ, მაქსიმუმ, ურჩიოს“.

ნონა გორგაძე: „რამდენიმე სპეციალობა ჩაწერა. თავად კარგად ჩამოყალიბებული არ იყო, რა უნდოდა, ამიტომ მე დავეხმარე, რა არის ამაში ცუდი? 17 წლის ბავშვს ვერ მოსთხოვ ყველა პროფესიას კარგად იცნობდეს და იცოდეს, რა უნდა. ბიძამისსაც ვკითხეთ რჩევა, ჩემს მეგობრებსაც, თითქმის ყველას, ვისაც წარმატებული კარიერა აქვს. ბავშვი ბევრნაირ აზრს თუ მოისმენს, უფრო სწორ არჩევანს გააკეთებს“.

ლელა ქაჯაია: „ბავშვზე ზეწოლა არ შეიძლება. თავისუფლად უნდა იაზროვნოს და მიიღოს გადაწყვეტილება. მშობლებისგან რჩევასაც, ხშირად, ზეწოლის სახე აქვს. მე, პირადად, ასე მომივიდა – სხვა პროფესიაზე ჩავაბარე და მერე სხვა მომეწონა. სამ ინსტიტუტში პარალელურად ვსწავლობდი. მერე რა მოხდა? ჯობს, მშობელმა ბავშვს მეტი მოტივაცია და თავისუფლება მისცეს, რათა თავისი არჩევანი გააკეთოს. ეს უფრო სამართლიანია“.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური