ტექნიკურ უნივერსიტეტში ვარაუდობენ, რომ სტუდენტების მიღებას ამ ფაკულტეტებზე გამოაცხადებენ – სია
2026 წლის აბიტურიენტები მოლოდინის რეჟიმში არიან. საქართთველოს მთავრობამ უნდა დაადგინოს რომელ უნივერსიტეტში რა მიმართულებაზე იქნება სწავლა შესაძლებელი და რამდენი ადგილი გამოიყოფა თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. რაც უკვე ვიცით ის არის, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არატექნიკური მიმართულების პროგრამებზე მიღება საერთოდ აღარ გამოცხადდება.
EDU.ARIS.GE აბიტურიენტების ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დაუკავშირდა და იმის გარკვევას შეეცადა, რომელი იქნება ის მიმართულებები, რომელზეც უნივერსიტეტი მიღებას გამოაცხადებს.
სტუ-ში აგვიხსნეს, რომ უნივერსიტეტში ამჟამად რამდენიმე ფაკულტეტი ფუნქციონირებს, რომელთა ნაწილი არატექნიკურ მიმართულებებსაც მოიცავს, ესენია სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტი და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და მომავალი აკადემიური წლიდან არატექნიკური პროგრამები, მათ შორის სამართალი, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, ასევე ბიზნესისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებები, გადადიან ე.წ. „მილევად რეჟიმში“, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნულ პროგრამებზე ახალი სტუდენტების მიღება აღარ გამოცხადდება. მოქმედ სტუდენტებს კი სწავლის დასრულების შესაძლებლობა შეუნარჩუნდებათ.
აქვე, სტუ გვიზიარებს იმ ფაკულტეტების ჩამონათვალს, რომლებზეც უნივერსიტეტი აბიტურიენტების მიღებას გამოაცხადებს, თუმცა განმარტავს, რომ “ეს საკითხი ჯერჯერობით არაა შეთანხმებული, თუმცა წმინდა ტექნიკური ფაკულტეტებია. დეტალებს კი სამთავრობო კომისია გადაწყვეტს და ოფიციალურად გამოაცხადებს”.
მომავალ სასწავლო წელს უნივერსიტეტი გამოაცხადებს მიღებას შემდეგ ფაკულტეტებზე:
- სამშენებლო;
- ენერგეტიკა;
- სამთო – გეოლოგია და მთის მდგრადი განვითარება;
- აგრარული მეცნიერებები და ქიმიური ტექნოლოგიები;
- სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერია;
- არქიტექტურა, ურბანისტიკა და დიზაინი;
- ინფორმატიკისა და მართვის სისტემები;
- დიზაინის საერთაშორისო სკოლა.
ასევე გაგრძელდება ქართულ ენაში მომზადება აზერბაიჯანულენოვან, სომხურენოვან, აფხაზურენოვან და რუსულენოვან აბიტურიენტებისთვის. საერთო ჯამში 488 ადგილი.
ასევე იხილეთ:
-
რა ოდენობის ხელფასებია უმაღლესი განათლების ხარისხის ცენტრში 2026 წელს – დირექტორი, მოადგილეები, სამსახურის უფროსები
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, რომელი პროფესიული პროგრამები იყო ყველაზე პოპულარული 2025 წელს – საქსტატის მონაცემები
by ARIS.GE-განათლება
-
როდის უნდა ველოდოთ პროფესიული განათლების რეფორმას? – რას აანონსებს პრემიერ-მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
