„თქვენ განსაკუთრებული ახალგაზრდები ხართ“ – მინისტრის მილოცვა მე-12 კლასის კურსდამთავრებულებს
დღეს მე-12 კლასის კურსდამთავრებულების დიდი ნაწილი სკოლის დამთავრებას ზეიმობს. ბოლო ზარი მათთვის არ გაუქმებულა, თუმცა პანდემიის გამო გარკვეული შეზღუდვებით აღინიშნება.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სკოლადამთავრებულებს ეს დღე მიმართვით მიულოცა, რომელსაც EDU.ARIS.GE უცვლელად გთავაზობთ:
„ძვირფასო ახალგაზრდებო, თქვენს ცხოვრებაში დასრულდა ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი პერიოდი, ახალი ცოდნის მიღებისა და მეგობრების შეძენის 12 წელიწადი. დღეს თქვენ დატოვებთ სკოლის კედლებს და ცხოვრების ახალ ეტაპზე შეაბიჯებთ.
არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ თქვენ განსაკუთრებული ახალგაზრდები ხართ. მაშინ, როცა პანდემიამ მკვეთრად შეცვალა ყველა ჩვენგანის ცხოვრება, თქვენ გაუმკლავდით მოულოდნელ სირთულეებს და წარმატებით დაასრულეთ სწავლა. ეს დიდი გამოცდილება აუცილებლად იქონიებს დადებით გავლენას თქვენს მომავალზე და, დარწმუნებული ვარ, ცხოვრების გზაზე გაჩენილ ყველა გამოწვევას შესაძლებლობად აქცევთ.
მინდა მუდამ გახსოვდეთ, რომ განათლება თქვენი მომავლის საძირკველი და საზოგადოების სწორი მიმართულებით განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. არ დაივიწყოთ ეს, რადგან ხვალიდან თქვენ წინაშე უამრავი საინტერესო პერსპექტივა იხსნება, ცხოვრება ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ, წინ გელით ახალი ურთიერთობები, მეგობრები და პასუხისმგებლობები. მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე. დარწმუნებული ვარ, ცოდნის შეძენისა და მისი გაღრმავების სურვილი არასოდეს გაგინელდებათ.
კიდევ ერთხელ მინდა გისურვოთ ბედნიერი და საინტერესო ცხოვრება. გახსოვდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავლის შემქმნელები სწორედ თქვენ ხართ. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს!“
ამავე თემაზე:
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება