GE

ტრანსპორტის შეზღუდვიდან 2 თვის თავზეც მასწავლებელთა ნაწილს სკოლამდე მისასვლელად პრობლემა ექმნება

მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტრომ 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრის სწავლების რეჟიმის შესახებ განცხადება გააკეთა, პედაგოგების ნაწილი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამო, მათ სკოლაში მისასვლელად ტრანსპორტირების პრობლემა ექმნებათ. ისიც უნდა ითქვას, რომ პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, პედაგოგები ტრანსპორტირების პრობლემის წინაშე მხოლოდ მეორე სემესტრის დაწყებისას არ დამდგარან.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გასული წლის დეკემბრიდან კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით საქალაქთაშორისო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა.

ამ გადაწყვეტილებამ პრობლემა იმთავითვე შეუქმნა მასწავლებლებს, რომლებიც რეგიონებში ასწავლიან. რადგან სასწავლო პროცესი იქ არ შეჩერებულა, მასწავლებლებს სკოლაში მისასვლელად ერთი სოფლიდან მეორეში გადაადგილება, ან სულაც რაიონულ ცენტრში ჩასვლა უწევდათ. ტრანსპორტის არარსებობა კი, სერიოზულ თავსატეხად იქცა.

იმის მიუხედავად, რომ რეგულაციები განათლების სამინისტრომ საგანმანათლებლო რესურსცენტრებს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ჯერ კიდევ 2020-2021 წლის პირველ სემესტრში მიაწოდა, ორი თვის თავზეც კი, როდესაც მეორე სემესტრში სწავლა განახლდა, მასწავლებლები ისევ ტრანსპორტის არარსებობით გამოწვეული პრობლემების წინაშე დგანან.

„ამბობენ, სკოლის დირექტორებისთვის რეკომენდაციები გაუგზავნიათ სამინისტროდან მასწავლებელთა ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. რესურსცენტრს რომ ვკითხეთ, როცა დადის ტრანსპორტი იარეთ, დანარჩენ დღეებში დისტანციურადო.“

„სახლიდან სკოლამდე 20 კილომეტრია, ხან მეუღლეს დავყავარ, ხანაც შვილს. როცა სკოლაში თვალებგაბრწყინებული პირველკლასელები მელოდებიან, ვერ დავუშვებ რომ დავაგვიანო ან გავაცდინო“.

„მე ბორჯომიდან 30კმ-ში ვასწავლი და ტაქსმა 40 ლარი გადაგვახდევინა გუშინ. ამაზე პასუხისმგებელი ვინმე არ არსებობს ნეტავ? გამოუვალ სიტუაციაში ვარ, არ ვიცი როგორ ვიარო“, – აცხადებენ მასწავლებლები.

EDU.ARIS.GE-სთან საუბარში განათლების სამინისტრო აღნიშნავდა და ახლაც აღნიშნავს, რომ საკითხი რესურსცენტრებისა და დირექტორების დონეზე უნდა გადაწყდეს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემაც გააკეთა. თუმცა როგორც პედაგოგების მიერ ჩვენთვის მოწერილი შეტყობინებებიდან ირკვევა, მათმა დამსაქმებლებმა პრობლემის გაჩენიდან ორი თვის თავზეც არ იციან რომელ მასწავლებელს ექმნება გადაადგილების პრობლემა და როგორ დაუდგნენ გვერდით, რომ მასწავლებლების იმ მცირე ნაწილმა, რომლებიც დასწრებულად ასწავლიან კლასში, გაკვეთილები სრულფასოვნად ჩაატარონ.

„სკოლას შეუძლია პედაგოგებისთვის დაიქირაოს ტრანსპორტი, შეუძლია დაუფინანსოს მგზავრობა“ – მინისტრის მოადგილე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური