GE

სამწლიანი ბაკალავრიატისა და ერთწლიანი მაგისტრატურის შესახებ – გაიწერა, რა პრინციპით უნდა ააგონ პროგრამები უნივერსიტეტებმა

როგორც ცნობილია, ცვლილებები „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მარტიდან ძალაშია და როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტები EDU.ARIS.GE-სთან აცხადებენ, რომელი საგანმანათლებლო პროგრამა იქნება ბაკალავრიატზე სამწლიანი, რომელი ოთხწლიანი და მაგისტრატურაზე ერთწლიანი, ან ორწლიანი, ჯერ არ იციან, რადგან ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ ისევ მიმდინარეობს, 2026 წლის აბიტურიენტებისთვის/მაგისტრობის მსურველთათვის კი ეს ინფორმაცია ცნობარში, სავარაუდოდ, მოგვიანებით აისახება. (გამოცდების ცენტრიდან მიღებული ინფორმაციით, აგვისტოს თვეში ავტ.)

ამ საგანმანათლებლო პროგრამებზე კრედიტების რაოდენობა 240 და 120 იქნება – სია და პირობების ახალი ჩამონათვალი

აპრილში კი, ახლა უკვე „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში შევიდა ცვლილებები და განათლების მინისტრის ხელმოწერით განისაზღვრა, რა პრინციპით უნდა იყოს აგებული ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამები, მათ შორისა სამწლიანი ბაკალავრიატი და ერთწლიანი მაგისტრატურაც.

გივი მიქანაძის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ: “უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება ხდება დეტალურ სფეროში არსებული სწავლის სფეროს შინაარსის, ამ სფეროს განვითარების ტენდენციების, ამ სფეროში მისანიჭებელი კვალიფიკაციის თავისებურებებისა და საერთაშორისო დონეზე არსებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით”.

  • ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა შესაძლებელია აგებული იყოს შემდეგი პრინციპით:

ა) ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები (არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობით) და თავისუფალი კომპონენტები;

ბ) ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები (არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობით), დამატებითი პროგრამა (არანაკლებ 30 და არაუმეტეს 60 კრედიტი)/დამატებითი პროგრამები და თავისუფალი კომპონენტები;

გ) ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები (არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობით) და დამატებითი პროგრამა (არანაკლებ 30 და არაუმეტეს 60 კრედიტი)/დამატებითი პროგრამები.

  • ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა (რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს), შესაძლებელია აგებული იყოს შემდეგი პრინციპით:

ა) ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები (არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობით) და თავისუფალი კომპონენტები;

ბ) ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები (არანაკლებ 180 კრედიტის მოცულობით);

გ) ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები (არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობით), დამატებითი პროგრამა (არანაკლებ 30 და არაუმეტეს 60 კრედიტი) ან/და თავისუფალი კომპონენტები;

დ) ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები (არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობით) და 30-30 კრედიტის მოცულობის არაუმეტეს 2 დამატებითი პროგრამა;

  • მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს უნდა ითვალისწინებდეს სასწავლო კომპონენტს და სამეცნიერო-კვლევით/კვლევით კომპონენტს და სრულად შეესაბამებოდეს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეშვიდე დონით განსაზღვრულ აღმწერებს. პროგრამით გათვალისწინებული უნდა იყოს სამაგისტრო პროექტის/ნაშრომის, დისერტაციის ან შემოქმედებითი/საშემსრულებლო ნამუშევრის ან სხვა სამეცნიერო პროექტის/ნაშრომის შესრულება.

მაგისტრატურის არანაკლებ 120-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა აერთიანებს პროგრამის არანაკლებ 60-კრედიტიან ნაწილებს. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის 1-ლი ნაწილი, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს, შესაძლებელია განხორციელდეს სასწავლო-პრაქტიკული შინაარსის მქონე მაგისტრატურის სახით. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის მე-2 ნაწილი, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს, შესაძლებელია განხორციელდეს კვლევითი მაგისტრატურის სახით.

მაგისტრატურის არანაკლებ 120-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის არანაკლებ 60 კრედიტის მოცულობის პირველი ნაწილი და არანაკლებ 60 კრედიტის მოცულობის სამაგისტრო საგანამანათლებლო პროგრამა შესაძლებელია მოიცავდეს სასწავლო/პრაქტიკულ და საჭიროების შემთხვევაში კვლევით კომპონენტს.

მაგისტრატურის არანაკლებ 120-კრედიტიანი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილი შესაძლებელია მოიცავდეს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით კომპონენტს და უნდა ითვალისწინებდეს სამაგისტრო პროექტის/ნაშრომის ან შემოქმედებითი/საშემსრულებლო ნამუშევრის ან სხვა სამეცნიერო პროექტის/ნაშრომის შესრულებას.

არანაკლებ 60 კრედიტის მოცულობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება და განხორციელება შესაძლებელია აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (EMBA) კვალიფიკაციის მოპოვების მიზნებისთვისაც. აღნიშნული პროგრამა შესაძლებელია მოიცავდეს სასწავლო/პრაქტიკულ და საჭიროების შემთხვევაში – კვლევით კომპონენტს.

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაში შესაძლებელია მხოლოდ იმ დამატებითი პროგრამის/პროგრამების კომბინირება, რომლის შესაბამისი სწავლის სფეროს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა დაწესებულებაში უკვე ხორციელდება ავტორიზებულ ან აკრედიტებულ რეჟიმში.

თავისუფალი კომპონენტი მოიცავს ზოგადი, ტრანსფერული უნარების განვითარების ხელშეწყობაზე ორიენტირებულ ან/და ბაკალავრიატის ნებისმიერი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში არსებულ სასწავლო კურსს/საგანს/მოდულს, რომლის/რომელთა თავისუფლად არჩევაც შეუძლია სტუდენტს, მისთვის საინტერესო სფეროებში (საკითხებზე) თვალსაწიერის გაფართოების მიზნით.

ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები წარმოდგენილი უნდა იყოს სავალდებულო და არჩევითი სახით. დამატებითი პროგრამა და თავისუფალი კომპონენტები ასევე უნდა მოიცავდეს როგორც სავალდებულო, ასევე არჩევით სასწავლო კურსებს/საგნებს/მოდულებს.

ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაში შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს კონცენტრაცია/კონცენტრაციები, რაც გულისხმობს ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსების/საგნების/მოდულების დაჯგუფებას კონკრეტულ თემაზე/საკითხზე ფოკუსირებით. საგანმანათლებლო პროგრამაში კონცენტრაციის არსებობა არ ცვლის ამ პროგრამის სწავლის სფეროს ან/და მისანიჭებელ კვალიფიკაციას.

სახელოვნებო-შემოქმედებითი საგანმანათლებლო პროგრამა შესაძლებელია ითვალისწინებდეს სასწავლო კურსს, სახელოვნებო-შემოქმედებით კომპონენტს, აქტივობას, პროექტს, რომელიც ეფუძნება უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტების შერევით სწავლებას“.

რაც შეეხება კურსდამთავრებულისთვის კვალიფიკაციის მინიჭების საკითხს,

განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად, საგანმანათლებლო პროგრამები და კვალიფიკაციები შეესაბამება დეტალური სფეროს სვეტებში კლასიფიცირებულ სწავლის სფეროებს იმ შემთხვევაში, თუ მათი ძირითადი შინაარსი (სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები) შეესაბამება ამ დეტალურ სფეროს და ამ დეტალური სფეროს ხვედრითი წილი (შესაბამისი კრედიტების მოცულობის მიხედვით) 50%-ზე მეტია. არანაკლებ 180 კრედიტის მოცულობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები და კვალიფიკაციები შეესაბამება დეტალური სფეროს სვეტებში კლასიფიცირებულ სწავლის სფეროებს იმ შემთხვევაში, თუ მათი ძირითადი შინაარსი (სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები) შეესაბამება ამ დეტალურ სფეროს და ამ დეტალური სფეროს ხვედრითი წილი (შესაბამისი კრედიტების მოცულობის მიხედვით) შეადგენს არანაკლებ 120 კრედიტს“.

კვალიფიკაციის დონე – წარმოადგენს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში კვალიფიკაციის სირთულის განმსაზღვრელ ელემენტს, რომელიც აერთიანებს „ცოდნითა და გაცნობიერებით“ (სწავლის ან საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციის, ფაქტების, პრინციპების, თეორიების, თეორიული და პრაქტიკული მეთოდების ასიმილაციის შედეგი), „უნარით“ (კონკრეტული დავალების შესრულებისა და პრობლემების გადაჭრისათვის შესაბამისი ცოდნის გამოყენების შესაძლებლობა) და „პასუხისმგებლობითა და ავტონომიურობით“ (ღირებულებებითა და დამოუკიდებლობის შესაბამისი ხარისხით პირის მიერ ცოდნისა და უნარების გამოყენება) აღწერილ, განზოგადებულ სწავლის შედეგებს − აღმწერებს, შემდეგი სახით:

იხილეთ: რას ითვალისწინებს კურსდამთავრებულის კვალიფიკაციის დონეები (8 დონე)

კვალიფიკაციების დასახელებები: 1. უმაღლეს განათლებაში შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამით მისანიჭებელი კვალიფიკაციის დასახელება მოიცავს უმაღლესი განათლების საფეხურის შესაბამის ზოგად აღმნიშვნელს, კვალიფიკაციისა და დეტალურ სფეროში არსებული სწავლის სფეროს დასახელებას.  2. ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის შესაბამისი კვალიფიკაციების ზოგადი აღმნიშვნელებია:

იხილეთ: კვალიფიკაციების დასახელებების ჩამონათვალი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიქტორანტურა).

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური