თსუ-სტუ გაერთიანების ვადა 6 თვიდან უკვე სამ წლამდე შეიცვალა – რა შეთავაზებით დასრულდა განათლების მინისტრთან შეხვედრა
6 თებერვალს, განათლების სამინისტროში გვან ღამით დასრულებული შეხვედრა, რომელსაც განათლების მინისტრი თსუ-ისა და სტუ-ის უნივერსიტეტების რექტორებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან მართავდა, კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა, თუმცა უნივერსიტეტების გაერთიანების ვადად უკვე სხვა დრო დასახელდა.
საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ 4 თებერვალს, ორი უნივერსიტეტის გაერთიანების ვადად, განათლების მინისტრის მოადგილემ პარლამენტში 6 თვე დაასახელა. 6 თებერვლის შეხვედრაზე კი გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს სხვა შეთავაზება გაუკეთა.
რა ინფორმაციას გვაწვდის განათლების სამინისტრო მრავალსაათიანი შეხვედრის შესახებ და რა განცხადება გააკეთა მინისტრმა გივი მიქანაძემ:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.
„ყველა ვთანხმდებით, რომ ის საკითხები, რომლებიც რეფორმის კონცეფციით არის გათვალისწინებული, აუცილებლად გასატარებელია და მის შედეგს აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის.
მნიშვნელოვანი იყო, რომ ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლების პოზიციები მომესმინა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ ჩემგან შეთავაზებული ყოფილიყო კონკრეტული წინადადება, იმ პროცესებთან მიმართებით, რომელიც ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას უკავშირდება.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე კვირაში პარლამენტმა განიხილა და მიიღო კონცეფციის დოკუმენტიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც პრეზიდენტის მიერ უკვე ხელმოწერილია. ერთ-ერთი ნორმა, ამ ცვლილებებიდან გამომდინარე, რეორგანიზაციის პროცესის განხორციელებას ითვალისწინებს, რაც მინისტრის მიერ დროებითი საბჭოს დანიშვნას და დაკომპლექტებას გულისხმობს. საბჭოში, პარიტეტული წესით, ორივე უნივერსიტეტი თანაბარი უფლებამოსილებით იქნება წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ საბჭოს შემადგენლობაში შემავალი კანდიდატების წარდგენა, თავად უნივერსიტეტების მხრიდან მოხდება.
უნივერსიტეტებს შევთავაზეთ, რომ დავიწყოთ რეორგანიზაციის პროცესი, ჩამოვაყალიბოთ დროებითი მმართველი საბჭო, რომელიც 2-2,5 წლის მანძილზე წარმართავს უნივერსიტეტების გაერთიანების პროცესს.
თავის მხრივ, ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც პირველ ეტაპზე ყველა საკითხზე იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებულ ნაბიჯებს გადავდგამთ.
ყველა ვთანხმდებით, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები უმნიშვნელოვანესია. შეხვედრის მონაწილეებს ვთხოვეთ, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ ჩვენს მიერ წარმოდგენილ კონკრეტულ შეთავაზებაზე, გაანალიზონ და იმსჯელონ მის მიზანშეწონილობაზე.
პარალელურად დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ ჩვენს გუნდში კიდევ ერთხელ შევაჯერებთ ყველა გამოთქმულ პოზიციას და ვიმსჯელებთ, იმაზე თუ რა შეიძლება საზოგადოებას ამ პროცესთან დაკავშირებით დამატებით შევთავაზოთ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
უნივერსიტეტების პოზიცია:
თსუ-ის სენატი: „ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი ამ ფორმით უნდა შეწყდეს“
-
სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლებაში დაგეგმილი მორიგი ცვლილებები კანონად არასრულ ორ დღეში იქცა
by ARIS.GE-განათლება
-
„1992 წლიდან იწყება პრობლემები სტუ-ში – ამ პერიოდიდან გახდა ტექნიკური მიმართულება გერი საკუთარ უნივერსიტეტში“
by ARIS.GE-განათლება
-
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის გამოცხადება დაიგვიანებს – რით ამშვიდებს აბიტურიენტებს NAEC და განათლების სამინისტრო
by ARIS.GE-განათლება