GE

„თუ სკოლაში არ მიგვიშვეს, სტაჟს ისე როგორ დავაგვროვებთ“ – დაწყებითი კლასების მასწავლებლის გამოცდას აპლიკანტები აფასებენ

„მხოლოდ საბაზისო ცოდნით ვერ დავწერდით, საჭირო იყო დარგის ცოდნა საშუალო დონეზე მაინც”, – ასე აფასებს მასწავლებლის ქართული ენისა და ლიტერატურის დაწყებითი კლასების საგნის გამოცდის ტესტს ხატია დეკანოიძე, რომელიც ამბობს, რომ ტესტი არც მარტივი იყო და არც რთული.

19 ივლისს მასწავლებლებმა და მასწავლებლობის მსურველებმა გამოცდა შემდეგ საგნებში ჩააბარეს: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები); ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები); მათემატიკა (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები); ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები); აზერბაიჯანული და სომხური ენები.

თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული დაწყებითი კლასების მასწავლებლობის მსურველთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ტესტი საშუალო სირთულის მოვიდა.

„ბუნებისმეტყველების გამოცდა ვწერე და შევაფასებ, როგორც საშუალო სირთულის ტესტს. ღია კითხვები ჩვენს ტესტში წელს არ ყოფილა. უფრო მეტი იყო დახურული კითხვა, ანუ შემოსახაზი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ საშუალო სირთულის იყო“, – გვითხრა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა ქეთი ბარბაქაძემ.

მისი თქმით, გამოცდისთვის მომზადებაში კერძო რეპეტიტორთან დადიოდა, მომზადების აუცილებლობას კი ასე გვიხსნის:

„ტესტის წარმატებულად შესრულება საჭიროებს უმაღლესი განათლების ცოდნას, საშუალო დონეზე მაინც. პირადად ჩემი გამოცდილებით რომ გითხრათ, ფსიქოლოგიას ვსწავლობდი და რადგან სკოლაც დიდი ხნის დასრულებული მაქვს, მომზადება გახდა საჭირო“.

მასწავლებლობის კიდევ ერთი მსურველი კი გვეუბნება, რომ ტესტის შესასრულებლად დრო საკმარისზე მეტი ჰქონდა, მაგრამ გარკვეული საკითხები მაინც გამოტოვა.

„ბუნებისმეტყველების საგნის ტესტი კომბინირებულია და მარტივი შესასრულებელი არ არის. დრო საკმარისად ბევრი იყო, მაგრამ ბევრი კითხვა უბრალოდ გამოვტოვე. დაზუსტებით რომელ კითხვებზეც ვიცოდი პასუხი, მხოლოდ ის დავალებები შევასრულე. საშუალო სირთულის ტესტი იყო, მაგრამ ბევრს გაუჭირდებოდა შესრულება, – აღნიშნავს მასწავლებლობის მსურველი.

როგორც აღმოჩნდა, საგნის გამოცდისთვის მომზადება არამხოლოდ თბილისის, სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ გამოსაცდელებსაც მოუწიათ.

ქრისტინე ბოგვერაძე, რომელმაც დღეს დაწყებითი კლასების კომბინირებული გამოცდა ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ჩააბარა, აცხადებს, 2010 წლიდან მოყოლებული, ყველა საგამოცდო ტესტი შეასრულა, გამოცდისთვის კარგად მოემზადა და წერა არ გასჭირვებია.

“ბუნება წინა წლებთან შედარებით გამარტივებული იყო. ქართულის ნაწილი კი მოქმედ პედაგოგს უფრო გაუმარტივდებოდა, ვიდრე – მაძიებლებს. პედაგოგიური 2021 წელს დავასრულე და ჯერჯერობით არსად მიმუშავია. ვცადე მუშაობის დაწყება, მაგრამ “დამიბლოკეს” განცხადება, რადგან სამუშაო სტაჟი არ მქონდა… თუ არ მიგვიშვეს სკოლაში, სტაჟს ისე როგორ დავაგროვებთ?!

“ვფიქრობ, პედაგოგს თავისი პროფესია და ბავშვები უნდა უყვარდეს. რომ გითხრათ, ახლა ეს გამოცდა ჩავაბარე და უფრო მაგარი მასწავლებელი ვიქნები-მეთქი, ასე არაა. ბავშვებთან მუშაობის პროცესში ამ გამოცდის ჩაბარება ან არჩაბარება არაფერს იძლევა. ბევრი გამოცდაჩაბარებული და ჩაუბარებელი ვიცი, რომელთა მიერ ჩატარებულ გაკვეთილებშიც არანაირი სხვაობა არ არის. ან კარგად ატარებენ, ან – ცუდად”, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ქრისტინე ბოგვერაძემ.

კიდევ ერთი მაძიებელი მასწავლებელი ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან ეთერი ხუსკივაძე აღნიშნავს, რომ თუ მოწოდებით მასწავლებელი არ ხარ, კარგ გაკვეთილს ვერ ჩაატარებ:

“ტესტი ძალიან რთული არ იყო. მოქმედი მასწავლებლებისთვის, ალბათ, უფრო მარტივი იქნებოდა, რადგან მათ პრაქტიკული გამოცდილება ჩვენზე მეტი აქვთ. დაწყებითი განათლება დავამთავრე და ჯერჯერობით ვერ დავიწყე მუშაობა. მიზეზად გასაუბრებებზე ამბობენ, რომ საგნის გამოცდა უნდა იყოს ჩაბარებული და ამიტომ გავედი ტესტირებაზე. ძალიან მიყვარს ბავშვები და ჩემი საქმე, მაგრამ არ არის სამსახური. კარგი გაკვეთილი არ გამოვა თუ მოწოდებით არ ხარ პედაგოგი. მაძიებლებს გვჭირდება ხელშეწყობა გვჭირდება, მოგვცენ შანსი, რომ შევიდეთ სკოლებში და ჩვენი შესაძლებლობები ვაჩვენოთ, გამოცდილება მივიღოთ და განვვითარდეთ”.

წინამორბედი რესპონდენტებისგან განსხვავებით, ნინო ფხაკაძე, რომელმაც საგნის გამოცდა თბილისის 117-ე საგამოცდო ცენტრში ჩააბარა ფიქრობს, რომ სკოლაში დასაქმება არ გაუჭირდება. ნინო ფხაკაძე მიიჩნევს, რომ სკოლებს ახალგაზრდა კადრი სჭირდებათ თუმცა შიში აქვს:

“გამოცდა საშუალო სირთულის იყო თუმცა ვფიქრობ, რომ სკოლის მასწავლებლებს უფრო გაუმარტივდებოდათ. დიდი ხანია, რაც მასწავლობლობა მინდა, ჩემი ოცნება იყო. ვიცი, რომ ბავშვებთან მუშაობა არ გამიჭირდება, მაგრამ მეშინია, რომ შეიძლება, ახალგაზრდა მასწავლებელი არ მიმიღონ, სერიოზულად არ შემომხედონ.. ვფიქრობ, არც დასაქმება უნდა გამიჭირდეს, რადგან სკოლებს ახალგაზრდა კადრი სჭირდებათ”.

დღეს მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა ტესტირებაზე, საგამოცდო ცენტრებში გამოცხადდა გამოსაცდელთა 83% და დაიგვიანა სამმა გამოსაცდელმა.

როგორ გაართვეს თავი მოქმედმა თუ პედაგოგობის მსურველებმა საგნის გამოცდაზე მოსულ ტესტურ დავალებებს, ამას მას შემდეგ გავიგებთ, რაც საბოლოო შეფასებები გახდება ცნობილი.

ასევე იხილეთ:

„გაჯეტებთან ბრძოლა, ალბათ, მთავარი გამოწვევა იქნება“ – როგორ ხედავს დაწყებითი კლასების მომავალი მასწავლებელი საკუთარ მისიას

„მინდა, ეს პროფესია ჩემი ცხოვრების მეგზური გახდეს“ – დაწყებითი კლასების მასწავლებლობის მსურველები გამოცდიდან

მოამზადეს მზეო შველიძემ, ანა ჯიქიამ და ვიქტორია ქათამაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური