„თუ ახალგაზრდას ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა უნდა, დიპლომი ხელში უნდა ეჭიროს“ – ახალი დეტალები და მინისტრის განმარტება ვადებზე
უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროცესთან დაკავშირებით, რომლის 2024 წელს განხორციელებაზეც განათლების მინისტრმა დეტალური გეგმა პრემიერ-მინისტრს უნდა წარუდგინოს, გიორგი ამილახვარმა დამატებითი განმარტება 29 თებერვალს გააკეთა.
მისი განცხადებით, ირაკლი კობახიძის დავალების შემდეგ სამინისტროს მუშაობა უკვე დაწყებული აქვს და სტაჟირების პროგრამის პირველ ეტაპზე, სახელმწიფო თუ სხვა სტრუქტურებში ოთხთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ახალგაზრდები სექტემბრიდან წლის ბოლომდე გაივლიან. ამისთვის კი, როგორც მინისტრის საუბრიდან გამოჩნდა, კურსდამთავრებულებს კონკურსში მონაწილეობა მოუწევთ.
2024 წელს, საუბარია 2-3 ათას სტაჟიორზე.
“შესაძლოა მეტიც იყოს. ამჟამად ყველა სახელმწიფო უწყებებთან მიმდინარეობს შესაძლო ადგილების რაოდენობის მოგროვება, მათ შორის პროფესიული მიმართულებების მიხედვით, თუ რა პროფესიების ადამიანები სჭირდებათ. მოგეხსენებათ, აუცილებელი მოთხოვნაა, რომ უნდა იყოს კურსდამთავრებული, ანუ დიპლომი ხელში უნდა ეჭიროს. შესაბამისად, წელს ვინც ამთავრებს, ჩვენ მანამდე უკვე კონკრეტული კონცეფცია გვექნება ამ სტაჟირების პროგრამის და ზაფხულში, დაახლოებით ვფიქრობთ, რომ ივლისი-აგვისტოში, უკვე უნდა ჩატარდეს კონკურსები და ამის ინდიკატორებზე ვფიქრობთ, რომ ყველა სოციალური თუ სხვა მიმართულების, მათ შორის აკადემიური მოსწრების სტუდენტს ჰქონდეს ფართო შესაძლებლობა”, – თქვა პირდაპირ ეთერში საუბრისას გიორგი ამილახვარმა.
მისივე თქმით, სტაჟირება იქნება 4-თვიანი, დაიწყება სექტემბერში და გაგრძელდება წლის ბოლომდე.
“რა თქმა უნდა, იქნება ანაზღაურებადი და ეს არის რეალური მხარდაჭერა ჩვენი სტუდენტებისთვის, რომ მათ მყისიერად, სწორად დაიწყონ კარიერული დაგეგმვა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სტაჟირების პროცესის დასრულების შემდგომ, ძალიან ბევრი [მათგანი] რეალურად დარჩება და დასაქმდება უწყებებში”, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.
რაც შეეხება სტაჟიორთა ანაზღაურებას, ამ დეტალებზე გიორგი ამილახვარს არ უსაუბრია, თუმცა საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობის პროცესში პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე ამბობდა, რომ: „საუბარია დაახლოებით, 400-500 ლარზე, თუმცა დათქმა გვაქვს დეფიციტურ პროფესიებთან მიმართებით, რომ თუ უწყებას ამის საშუალება აქვს, უფრო მაღალი კოეფიციენტით განსაზღვროს ანაზღაურება. ამ შემთხვევაში, დაახლოებით 1000 ლარზეა საუბარი“.
პრემიერმა განათლების მინისტრს დავალება მისცა – „წარმოადგინეთ დეტალური გეგმა“
2024 წელს ანაზღაურებად სტაჟირებას ათასობით ახალგაზრდა გაივლის – განათლების კომიტეტის მოლოდინი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება