„თუ სკოლებში სარეფორმო პროცესების მონიტორინგი ადეკვატურად ვერ განხორციელდება, რა აზრი აქვს, რა დაიგეგმა ზემოთ?“
ავტორი: გიორგი კაკაბაძე; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული ტრენერი, საქართველოს სკოლის დირექტორთა ასოციაციის დამფუძნებელი, საქართველოს განათლების მუშაკთა გაერთიანების (პროფკავშირის) დამფუძნებელი და სსიპ ქ.თბილისის N24 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი; სტატია მომზადებულია EDU.ARIS.GE-ს პროექტის –„ჩემი სათქმელი განათლებაზე“ ფარგლებში.
ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობის და გამოწვეული არაკონსტრუქციული აჟიოტაჟისგან გამომდინარე მიმაჩნია, რომ რამდენიმე საკითხი აუცილებლად უნდა გაირკვეს, რათა საზოგადოებამ შეძლოს რეალური პრობლემების გაცნობიერება და შესაძლო პერსპექტივების დანახვა. ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს წარმოქმნილი დისკუსიის კონსტრუქციულ რეჟიმში გადასვლას და რეფორმასაც წაადგება.
პირველ რიგში, ალბათ, აჯობებს გავარკვიოთ, როგორ წარმოიშობა რეფორმა და როგორ ხდება მისი იმპლემენტაცია.
როცა ცენტრალური ხელისუფლება ხედავს პრობლემებს სისტემაში, ის ითხოვს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან პრობლემების მიზეზების და მათი მასშტაბების იდეტიფიცირებას და მათზე რეაგირების მექანიზმების, პროცედურული საკითხების, საკანონმდებლო ინიციატივების, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების დ.ა.შ. წარმოდგენას პრობლემების აღმოფხვრის მიზნით.
ასე ხდება ყველგან და სხვაგვარად არც შეიძლება ხდებოდეს რადგან, განათლების სისტემის სპეციალისტებიც და სისტემის ეფექტურობაზე პასუხისმგებელი პირებიც სწორედ ამ უწყებაში და მის ირგვლივ არიან კონსოლიდირებულნი.
ამ ეტაპზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ესაუბრება (ან უნდა ესაუბრებოდეს) დარგის პროფესიონალებს და იმ ინტერესთა ჯგუფებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან იმ პრობლემების აღმოფხვრით, რომელთა იდენტიფიცირებაც მოახდინა მთავრობამ. შეჯერებულ შეხედულებებს, მოსაზრებებს და წინადადებებს სამინისტრო წარმოუდგენს ცენტრალურ ხელისუფლებას ხედვის ან სტრატეგიის სახით, რამაც ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა მიცეს საშუალება, შეაფასოს რეფორმის მასშტაბები და დაადგინოს განსახორციელებელი ქმედებები.
შემდეგ ეტაპზე ცენტრალური ხელისუფლება ადგენს გასატარებელი ცვლილებების რელევანტურობას მისაღწევ შედეგებთან, ადგენს ცვლილებების იურიდიულ და ფინანსურ მხარეებს, ადგენს სისტემაში გასატარებელი ცვლილებების კავშირებს სხვა სამინისტროებთან და უწყებებთან, ათანხმებს მათთან შესაბამისი ქმედებების სამართლებრივ მხარეს, თანმიმდევრობას, ხარჯებს დ.ა.შ. ამ პროცედურებს, შეთანხმებებს და შესაბამის სამართლებრივ აქტებს აყალიბებს სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის სახით განათლებისა მეცნიერების სამინისტროსთან ერთად და ამის შემდეგ აკეთებს ოფიციალურ განცხადებას რეფორმების დაწყებასთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოცემა და მათ საფუძველზე შესაბამისი ორგანოების, უწყებების და ინსტიტუციების ქმედებები.
შემდეგ ეტაპზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი აკეთებს საჯარო განცხადებას, რომელშიც იგი წარმოადგენს (ან უნდა წარმოედგინა) კონკრეტულ, იდენტიფიცირებულ პრობლემებს, რომელთა გადაჭრასაც აპირებს მთავრობა რეფორმით. განიხილავს (ან უნდა განეხილა) რეფორმის კონკრეტულ მიმართულებებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან კონკრეტული პრობლემების მოგვარებაზე. ასაბუთებს (ან უნდა დაასაბუთოს) რეფორმის ეფექტურობის მახასიათებლებს კონკრეტული პრობლემების გადაჭრის მიმართულებით. ამის შემდეგ ასახელებს (ან უნდა დაასახელოს) რეფორმის შედეგად პრობლემების მოგვარების სავარაუდო ვადები და მასშტაბები, დაასახელოს შედეგების იდენტიფიცირების კრიტერიუმები, ამ კრიტერიემების ამოცნობის ინდიკატორები, ის პირები, ორგანოები ან/და ინსტიტუციები, რომლებიც ჩართული იქნებიან რეფორმის მონიტორინგის პროცესში და პერიოდულად ინფორმაციას მიაწვდიან საზოგადოებას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დ.ა.შ.
ამის შემდეგ მინისტრმა, ფართო საზოგადოებას უნდა წარმოუდგინოს თავისი გუნდი, რომელიც მასთან ერთად იღებს პასუხისმგებლობას რეფორმის წარმართვაზე და მის შედეგებზე მიმართულებების მიხედვით. მათ შორის რეფომაზე დახარჯულ დროზე, ადმინისტრაციულ და ადამინურ რესუსზე და რა თქმა უნდა ფინანსებზე, რომლებიც ამ რეფორმის ფარგლებში დაიხარჯება.
ეს პროცესიც ყველგან იდენტურად მიმდინარეობს და მას ადმინისტრირება ჰქვია. რეფორმის განხორციელების პროცესზე პასუხისმგებლობა ეკისრება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელიც წარმოადგენს ხელისუფლების აღმასრულებელ შტოს, რომლის წიაღშიც მიმდინარეობს რეფორმა, რომელმაც უნდა აწარმოოს მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს ისეთი ცვლილებები, რომლებიც რეფორმის ეფეტურობას უზრუნველყოფენ, რათა მიღწეული იქნას დაგეგმილი შედეგები და არ მოხდეს ადამინური და ადმინისტრაციული რესურსების უმიზნო ან/და არაეფექტური მართვა, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ან/და უშედეგო გაფლანგვა ან მიზანმიმართულად უკანონო მითვისება დ.ა.შ.
მე ისევ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაზე ვისაუბრებ, რომელსაც კარგად ვიცნობ. უმაღლეს განათლებაზე კი მხოლოდ ერთი რამე მინდა განვაცხადო, რაც ერთმნიშვნელოვნად და უდავოდ მიმაჩნია.
უმაღლესი განათლების მიღების სრული დაფინანსება სტუდენტებისთვის დიდი, დადებითი ნაბიჯია.
რაც ბიუჯეტიდან უზარმაზარი თანხების გამოყოფას გულისხმობს და ამდენად, პარლამენტის და პრემიერ-მინისტრის დამსახურებაა და არა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსი.
რას ვხედავთ დღეს? ბატონმა პრემიერ-მინისტრმა რეფორმის დაწყების შესახებ საჯარო განცხადება გააკეთა და პირველი აქტებიც გამოსცა. ეს იმას ადასტურებს, რომ პრობლემები ინდენტიფიცირებულია და მათი გადაჭრის გზებიც დაგეგმილია, რაც წესით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაწილეობით უნდა მომხდარიყო. ეს იმასაც ადასტურებს, რომ რეფორმის განხორციელება შეთანხმებულია სხვა უწყებებთან, ინსტიტუციებთან თუ დაწესებულებებთან. დარჩა მხოლოდ აღსრულების ნაწილი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პასუხისმგებლობაა.
მოვისმინეთ თუ არა განათლებისა და მეცნიერების მინისტრისგან ის, რაც დაგვარწმუნებდა რეფორმის ეფექტურობაში ან თუნდაც მისი მიმდინარეობის პროცესის სამართლიანობაში და გამჭირვალებაში?
მოდით დავიწყოთ ბოლოდან. მინისტრის განცხადებით სკოლის ავტონომია ხელშეუხებელი დარჩება. რას ნიშნავს ეს? იქნებ იმას, რომ მოსწავლეებისთვის ფორმის შემოღების საკითხი სკოლამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, როგორც ეს ზოგადი განათლების შესახებ კანონის მუხლ 14-ში წერია? ან იქნებ იმას, რომ სკოლამ თვითონ გადაწყვიტოს, რომელი მრავალფუნქციური გაჯეტი, როდის გამოიყენოს მოსწავლემ და მასწავლებელმა სასწავლო მიზნებისთვის? ჩემი აზრით, ეს ცვლილებები სწორედ სკოლის ავტონომიის, მოსწავლის გამოხატვის და მასწავლებლის შემოქმედებითი თავისუფლებების შეღუდვაა. ეს ცვლილებები წარმოუდგინა მინისტრმა ცენტრალურ ხელისუფლებას პრობლემების მოგვარების თუნდაც ერთერთ გზად?
შემდეგი საკითხი. რახან რეფორმა სკოლებში უნდა განხორციელდეს უნდა დავაზუსტოთ, ვის ვგულისხვმობთ ტერმინში „სკოლა“, როცა მის ავტონომიაზე ვსაუბრობთ. ზოგადი განათლების შესახებ კანონის შესაბამისად, სკოლას მესამე პირთან ურთიერთობაში წარმოადგენს სკოლის დირექტორი, ხოლო სკოლის დირექტორთან ურთიერთობაში, სკოლას წარმოდგენს სკოლის სამეურვეო საბჭო. ის, სკოლის ავტონომიის ფარგლებში სკოლის უმაღლესი მმართველობითი ორგანოა. გამოდის, რომ სკოლის სამეურვეო საბჭოებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები და აკონტროლონ პროცესები. მათ შორის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მიმდინარეობაც, მაგრამ როდისმე სამინისტრომ, კერძოდ კი მასმა სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქ-ნ ლალი კალანდაძემ და მინისტრის მოადგილემ, ქ-ნ თამარ მახარაშვილმა მოახდინეს სამეურვეო საბჭოების წევრების კომპეტენციების კვლევა ან მათი საჭიროებების ინდეტიფიცირება? ან სკოლის ამ უმაღლესი და ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს კომპეტეციების ამაღლებაზე იზრუნეს? რა გვაძლევს იმის რწმენას, რომ კოპეტენციების შემოწმების და მათი ამაღლების გარეშე ეს ორგანოები, რომლებიც თავისი გადაწყვეტილებებით აქამდე ვერ უზრუნველყოფდნენ საჭირო და აუცილებელი შედეგების მიღწევას, მომავალში უკეთეს შედეგებს დაგვიდებენ?
შემდეგი საკითხი. როგორ, რა მონაცემებზე და რომელ კრიტერიუმებზე დაყრდნობით უნდა აწარმოოს სკოლამ მიმდინარე რეფორმის შუალედური შედეგების შეფასება? მათზე დაყრდნობით გააკეთოს შესაბამისი, ადეკვატური დასკვნები და მოახდინოს პროცესების კორექტირება? ვინ უნდა დაამტკიცოს შესაბამისი, ადეკვატური პროცედურები? როგორი კომპეტენციის მატარებელმა პირმა უნდა შეაფასოს მასწავლებლის საქმიანობა სქემის ფარგლებში? დ.ა.შ. დირექტორმა? მას ხომ არ აქვს საამისო უფლებამოსილება? სამეურვეო საბჭომ? მისი კოპეტენციები ხომ აქამდე არავის მოუკითხავს? პედაგოგიურმა საბჭომ? მაგრამ შედეგებმა ხომ პედაგოგების საქმიანობის შედეგები სამართლიანად და ობიექტურად უნდა ასახონ? მოსწავლეთა თვითმმართველობამ? მათ ხომ არ შეიძლება, ასეთი კომპეტენციები მოვთხოვოთ? მაშინ ვინ აგებს პასუხს სარეფომო პროცესების სამართლიანად, გამჭირვალედ და ეფექტურად განხორციელებაზე და განხორციელებული პროცესების შედეგებზე?
აქ პასუხი ერთმნიშვნელოვანია.
პასუხისმგებელია სამინისტრო. კერძოდ მისი ის რგოლი, რომელიც ყოველთვის ვალდებული იყო და ახლაც ვალდებულია სკოლები უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი ბაზით, ტრენინგებით, რეკომენდაციებით და სხვა შესაბამისი რესურსით, რათა მათ შეძლონ ეფექტურად ფუნქციონირება იმ მიმართულებებით, რომლებიც აუცილებებლია მოსწავლეებისთვის რელევანტური და ეფექტური სასწავლო გარემოს შესაქმნელად. ასეთი რამეები კი, როგორც ვიცით, არც აქამდე გაკეთებულა და ახლაც არავინ გვპირდება.
თუ სკოლებში სარეფორმო პროცესების მონიტორინგი ადეკვატურად ვერ განხორციელდება რა აზრი აქვს, რა დაიგეგმა „ზემოთ“ ?
სამინისტროს ეს რგოლი იმაზეც იყო და არის პასუხისმგებელი, რომ სკოლებს ადეკვატური სახელმძღვანელობი ჰქონდეთ. თუ ამ რგოლის იგივე ხელმძღვანელები და მათი იგივე ექსპერტები იმუშავებენ სახელმძღვანელოებზე, რომლებიც, მთავრობის შეფასებით, აქამდე არაადეკვატურ სახელმძღვანელოებს სთავაზობდნენ სკოლებს, რა მნიშვნელობა აქვს, ერთ სახელმძღვანელოს დაამტკიცებენ ისინი მომავალში თუ რამდენიმეს? ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ სწორედ ეს რგოლი აგებს პასუხს ფინანსური სახსრების მიზნობრივ გადანაწილებაზე რეფომის საჭიროებების შესაბამისად და მისი მიზნების მისაღწევად, რასაც აქამდეც „არაეფექტურად“ ახდენდა რადგან, აქამდე გაწეულ ხარჯებს, როგორც დადასტურდა, კარგი შედეგები არ მოჰყოლია.
თუ მინისტრი არ აპირებს იმ აუცილებელი ცვლილებების გატარებას, რომლებიც წინა რეფორმების ჩავარდნის მიზეზებად იქცნენ და ამ რგოლის იგივე ხელმძღვანელებს, თ. მახარაშვილს და ლ. კალანდაძეს ანდობს ადმინისტრირებას და ადმიანური და ფინანსური რესურსების მართვას, რომლებიც მე-3 რეფორმას და მე-5 მინისტრს ემსახურებიან და რომელთა წარსული საქმიანობაც ოფიციალურადაა შეფასებული არაეფექტურად და არადამაკმაყოფილებლად, ამ რეფორმის ეფექტურად გატარებაში ჩვენს დარწმუნებას ნეტა როგორ აპირებს?
ან ვისგან უნდა მოველოდეთ დადებით შედეგებს მაშინ, როცა მინისტრი არც თვითონ იღებს რაიმე სახის პასუხისმგებლობას დაწყებული რეფორმის კონკრეტულ შედეგებზე, არც სამინისტროს სხვა წევრებს ასახელებს პასუხისმგებელ პირებად რეფორმის რომელიმე მიმართულებით და არც სავარაუდო ვადებს ასახელებს, როდის დავინახავთ პირველ შედეგებს.
თუ თანხები ისევ დაიხარჯა, დრო ისევ დაიკარგა და კონკრეტული, დაანონსებული შედეგები არ დადგა ეს, ხომ, სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის გამოძიების საფუძველი უნდა გახდეს იმ პირების მიმართ, რომლებსაც აღებული ჰქონდათ პასუხისმგებლობა პროცესების ეფექტურად განხორციელებაზე?
ამ დროს მინისტრი აცხადებს, რომ სწავლების ხარისხი ამაღლდება რაც იგივეა, რაც განცხადება იმის თაობაზე, რომ „იბერია გაბრწყინდება“. რატომ მოხდება ეს? როგორ? ვინ „გააბრწყინებს“? ვინ რას მიიღებს ამ „გაბრწყნებისგან“? უეცრად რომ არ „გაბრწყინდეს“, ვისი ბრალი იქნება? დ.ა.შ. ამ დრომდე, პირადად ჩემთვის გაუგებარი რჩება, რადგან ბატონი მინისტრისგან, სამწუხაროდ, მსგავსი არაფერი ისმის.
საერთოდაც, სანამ იგივე ადამინები ისევე იქცევიან, როგორც ადრე იქცეოდნენ რატომ უნდა ველოდეთ, რომ შედეგი განსხვავებული დადგება?!?!?
ასე რომ, გვაქვს ცენტრალური ხელისუფლების მტკიცე გადაწყვეტილება დარგში სერიოზული რეფორმების გატარებისა. გვაქვს რეფორმის კარგი დაფინანსების გარანტიებიც, მაგრამ, ჩემი აზრით, ჯერ არ ჩანს სამინისტროს არც მზაობა და არც პასუხისმგებლობა ამ რეფორმების ეფექტურად გატარებისადმი, რაც რეფორმის ჩავარდნის მკაფიოდ გამოხტულ ნიშნებზე და დროის და დიდი ფინანსური რესურსების, რბილად რომ ვთქვათ, კიდევ ერთხელ უშედეგოდ დაკარგვის დიდ რისკზე მიუთითებს.
ასევე იხილეთ:
-
„გვიშუამდგომლეთ რეფორმის შემმუშავებელ კომისიასთან“ – ბიძინა ივანიშვილს სტუ-ის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება მიმართავს
by ARIS.GE-განათლება
-
მასწავლებლის პროტესტი: „არ მიღირს გადმოგდებული თეთრებისა და ლარების ნაცვლად არანაირი ფუნქციური მოვალეობის შესრულება“
by განათლებული ბლოგი
-
რა პრობლემებს შეუქმნის ძველ და ახალ სტუდენტებს თსუ-ისა და სტუ-ის ერთ უნივერსიტეტად გაერთიანება
by ARIS.GE-განათლება
