GE

უგამოცდოდ უმაღლესში ჩარიცხულთა წრე გაფართოვდება – კანონის პროექტი პარლამენტს წარედგინა

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს მთავრობის (განათლების სამინისტრო) ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც გულისხმობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვას იმ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ და რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიებზე ინკლუზიური განათლების არარსებობის გამო, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ შესაბამის ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახერხებენ.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, კანონპროექტის სავალდებულო მოსმენის ფარგლებში, განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, კანონპროექტის შემუშავებისას მაგალითი იყო გოგონა მხედველობის პრობლემით, რომელიც ცხოვრობდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და იმის გამო, რომ იქ არ ჰქონდა საშუალება შესაბამის გარემოში ესწავლა, მოუწია თბილისში გადმოსვლა. მოქმედი ჩანაწერი კი უმაღლესი განათლების შესახებ, არ იძლევა საშუალებას, ეს გოგონა უგამოცდოდ ჩაირიცხოს უმაღლეს სასწავლებელში, რადგან მან სკოლის დამამთავრებელი ატესტატი არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არამედ თბილისში მიიღო.

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარმოგიდგენთ “უმაღლესი განათლების შესახებ კანონში” შესატან ცვლილებას, რომელიც ეხება იმ სსსმ მოსწავლეების საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვას და მათ დაფინანსებას, რომელთაც, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინკლუზიური განათლების არარსებობის გამო, უწევთ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა და განათლების გაგრძელება, ან მიღება იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სპეციალიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც სენსორული დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის ახორციელებენ სწავლებას. უფრო დეტალურად რომ ავხსნა, რას ნიშნავს ჩვენი ინიციატივა: ჩვენ გვაქვს ერთი ცოცხალი ისტორია, რომლის გარშემოც გავერთიანდით. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობდა გოგონა, ამ გოგოს აქვს მხედველობის პრობლემა, ტოტალურად უსინათლო ადამიანია. იმის გამო, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ არსებობს არანაირი სერვისი, მხარდამჭერი საგანმანათლებლო კუთხით, მას მოუწია გადმოსვლა და თბილისში არსებულ 202-ე საჯარო სკოლაში მისვლა, რომელიც არის სპეციალიზირებული სკოლა, უშუალოდ უსინათლო მოსწავლეებისთვის. მან აიღო 12 კლასის დამადასტურებელი ატესტატი სწორედ ამ სკოლის ფარგლებში. იმის გამო, რომ არსებული მოქმედი ჩანაწერი უმაღლესი განათლების შესახებ, არ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ეს გოგონა ჩავრიცხოთ გამოცდის გარეშე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მივცეთ შესაძლებლობა სწავლის გაგრძელების, განათლების სამინისტრო, მთავრობის ინიციატივით, შემოდის თხოვნით, რომ განვიხილოთ ეს საკითხი და დავუჭიროთ მხარი“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

როგორც პარლამენტისთვის წარდგენილ კანონპროექტში ვკითხულობთ, კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით არ არის დარეგულირებული იმ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესი, რომლებიც ცხოვრობენ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და აღნიშნულ ტერიტორიებზე ინკლუზიური განათლების არარსებობის გამო, იძულებულნი არიან ზოგადი განათლება მიიღონ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ სკოლებში, რომლებიც ახორციელებენ სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევის მქონე ბავშვთა სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებს.

2020-2021 სასწავლო წლისთვის არსებული მონაცემებით, წარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებული საჭიროების მქონე მხოლოდ ერთი პირია.

„წინამდებარე კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მას გამოეყოფა დაფინანსება ყოველწლიურად, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის განმავლობაში არაუმეტეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის – 2 250 ლარის ფარგლებში“, – ვკითხულობთ კანონპროექტში.

ცვლილებას დღეს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. ამასთან, კომიტეტის წევრთა მხრიდან დაფიქსირდა წინასწარი მხარდაჭერა პროექტის პლენარულ სესიაზე გატანის დროისთვისაც.

„არც თუ ისე ბევრია ამ პროგრამით სარგებლობის მსურველი“ – „არ შეიძლება საცხოვრებელი გარემო იმუნიტეტი იყოს უნივერსიტეტში მოსახვედრად“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
ანუკი წიწილაშივილი Aris.ge-განათლების ჟურნალისტი