GE

„არც თუ ისე ბევრია ამ პროგრამით სარგებლობის მსურველი“ – „არ შეიძლება საცხოვრებელი გარემო იმუნიტეტი იყოს უნივერსიტეტში მოსახვედრად“

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად ცხოვრობენ და სურვილს გამოთქვამენ საქართველოს უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ისწავლონ, სახელმწიფო დააფინანსებს. წელს აღნიშნულისთვის გრანტის მოცულობა 20 000 ლარს შეადგენს და როგორც სამინისტრო განმარტავს, საჭიროების შემთხვევაში, (თუ მსურველი მეტი იქნება) ამ თანხას გაზრდის.

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტები ქართულ უმაღლესებში უგამოცდოდ ჩააბარებენ და სწავლა დაუფინანსდებათ”- მიხეილ ბატიაშვილი

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გრანტის მიღების შესაძლებლობა აქვთ აბიტურიენტებს და იმ სტუდენტებსაც, რომლებიც უკვე სწავლობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე უმაღლეს სასწავლებლებში და სურვილი აქვთ სწავლა ქართულ უნივერსიტეტში გააგრძელონ. მათ შესაბამისი დოკუმენტაციით უნდა მიმართონ სასურველ უმაღლეს სასწავლებელს  და სასწავლებელი მიიღებს გადაწყვეტილებას პირის უგამოცდოდ ჩარიცხვის შესახებ. როდესაც უკვე ჩარიცხვა ოფიციალურად გაფორმდება, პირი მიმართავს განათლების სამინისტროს გრანტის მიღების მოთხოვნით და ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას მიიღებს სამინისტრო.

მთავრობის ამ ინიციატივას, რომელიც ახალი არაა და უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, ნაწილი ფიქრობს, რომ ეს არის სწორი პოლიტიკა ოკუპაციის დასამარცხებლად, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო თავის მოქალაქეებს არათანაბარ პირობებში აყენებს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტებისთვის სახელმწიფო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვრა

„იმის გამო, რომ ადამიანი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, სისულელეა არ შეუმოწმო განათლების დონე. ერთგვარი დისკრიმინაცია გამოდის ის აბიტურიენტების მიმართ ვინც საქართველოს სხვა რეგიონებში ცხოვრობს. ისედაც უმარტივესია ეროვნული გამოცდები და საბაზისო განათლებაზეა დაფუძნებული (ახლა კიდევ ხომ საერთოდ გაამარტივეს ზოგადად გამოცდები) და სისულელედ მიმაჩნია, რომ კიდევ ეგ არ ჩააბარებინონ აბიტურიენტს, ანუ იმის თქმა მინდა, რომ არ შეიძლება საცხოვრებელი გარემო იმუნიტეტი იყოს უნივერსიტეტში მოსახვედრად. ყველა აბიტურიენტს უნდა მიეცეს საშუალება ჯანსაღი კონკურენცია გაიაროს და თანაბარი პირობები ჰქონდეს სახელმწიფოსგან. მოტივაციას აძლევენ როგორც მივხვდი, მაგრამ არ შეიძლება ეგრე. მესმის საცხოვრებელი პირობები შესთავაზონ, ან რაიმე მსგავსი, მაგრამ იმის გამო, რომ შენ ოკუპირებული ტერიტორიიდან ხარ გამოცდების თავიდან არიდება ვერ ვხვდები რა სისულელეა“, – ამბობს სტუდენტი ანა დევიძე EDU.ARIS.GE – სთან საუბარში.

არათანაბარ პირობებზე საუბრობს აბიტურიენტი ბექა შარიაც, თუმცა ამბობს, რომ ამ პროგრამით თუ ოკუპაცია დამარცხდება, მას არანაირი პრეტენზია არ აქვს.

„იმ ფონზე, როდესაც ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად ამდენი რესურსი და ენერგია გვეხარჯება, როდესაც გაიგებ, რომ ვიღაცას აიღებენ და უგამოცდოდ დასვამენ უნივერსიტეტში, ცოტა გეწყინება ადამიანს, მაგრამ გავიხსენოთ, რომ ისინი ცხოვრობენ ისეთ რეგიონებში, სადაც იმდენი შესაძლებლობები არ აქვთ, რამდენიც ჩვენ. მე ვიცი, რომ მსგავსი პროგრამა არსებობს ჯანდაცვის კუთხითაც და იქაურებს სახელმწიფო უფასოდ მკურნალობს, ახლა ეს განათლების პროგრამაც და რავიცი, იმედი მაქვს, რომ აისახება სამომავლოდ ჩვენს ურთიერთობებზე და ქვეყნის გაერთიანებაზე. ოღონდ ეს მოხდეს და ამ შემთხვევაში ხმას არ ამოვიღებ უთანასწორობაზე“,- ამბობს აბიტურიენტი.

პროგრამის დადებით მხარეებზე საუბრობს განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია, თუმცა აღნიშნავს, რომ ადმინისტრირება ცოტა რთულია და არ არის გამორიცხული, შეღავათებით ვინმემ ბოროტად ისარგებლოს.

„ვფიქრობ კარგი ინიციატივაა იმისთვის, რომ დავაინტერესოთ ის ახალგაზრდები, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, რომ საქართველოში ისწავლონ და არ წავიდნენ რუსეთში ან სხვა ქვეყანაში. ადმინისტრირების თვალსაზრისით არის ყოველთვის პრობლემა ასეთი პოლიტიკა, რთულია იმის განსაზღვრა ვინ არის ოკუპირებული ტერიტორიიდან და ვინ არა. ასეთ დროს არის ხოლმე საფრთხე, რომ ადამიანების ნაწილი, ვინც არ ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამ პროგრამით მოხვდეს უმაღლესში. უსამართლობა ამაში ნაკლებად არის, იმიტომ რომ ადამიანებს, რომლებსაც უწევთ ომის პირობებში ცხოვრება, არ აქვთ სათანადო სკოლები და მომზადების საშუალება, რომ ჰქონდეთ შეღავათები ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ. სხვა საკითხია, რომ ზოგადად არ უნდა იყოს შეჯიბრი უმაღლესში მოხვედრისთვის. უფრო მეტი ადგილია დღეს უნივერსიტეტებში, ვიდრე მსურველი და ეს კონკურსებიც ხელოვნურად გამოგონილია. მაგალითად გვაქვს უმაღლესები, სადაც ჭარბი ადგილების რაოდენობაა, მაინც გამოცდებით უნდა მოხვდნენ ადამიანები, რაც ჩემი  აზრით აზრს მოკლებულია. დიდი ხანია არსებობს ეს პროგრამა, ეს არ არის ახალი, ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, სხვა საკითხია ის, რომ არც თუ ისე ბევრი არის ამ პროგრამით სარგებლობის მსურველი, ცოტამ იცის ქართული ენა, სასწავლო პროგრამები არის რუსულად და ა.შ.“- აცხადებს სიმონ ჯანაშია.

სამინისტრო განმარტავს, რომ წლიდან-წლამდე ასეთი პირების რაოდენობა 5-6 ადამიანს არ სცდება და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ უმაღლესებში სწავლის გაგრძელების საშუალება იმ სტუდენტებს აქვთ, ვინც უკვე სწავლობს და მობილობით სურს გადმოსვლა.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური