GE

უკრაინში 200-მდე მიწისქვეშა სკოლა უნდა აშენდეს – რა იცვლება ომში მყოფი ქვეყნის განათლების სისტემაში

ომში მყოფი უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ციფრული განვითარების მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა განაცხადა, რომ ქვეყანაში დაახლოებით 200 მიწისქვეშა სკოლა შენდება. ამ დროისთვის უკვე აშენდა 15 მიწისქვეშა საგანმანათლებლო დაწესებულება, 2025 წლის ბოლომდე კი დაგეგმილია 180-ზე მეტი ასეთი სკოლის ექსპლუატაციაში გაშვება.

27 მაისს, კიევში გამართულ ფორუმზე – „ახალი უკრაინის ფორმირება“, ცნობილი გახდა ისიც, რომ იატაკქვეშა საგანმანათლებლო სივრცეებს ორმაგი დანიშნულება ექნება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ევგენი კუდრიავეცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც საპილოტე პროექტებში, ასევე ზოგად მოდელში, ეს მიწისქვეშა საგანმანათლებლო სივრცეები ორმაგი დანიშნულების სივრცეებად ყალიბდება, რომელთა გამოყენება ომის დასრულების შემდეგაც იქნება შესაძლებელი.

როგორც გამოცემა “ინტერფაქს – უკრაინა” წერს, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 27 მაისის ფორუმზე განაცხადა, რომ ამჟამად უკრაინის ყველა სკოლის 80%-ს სხვადასხვა ტიპის თავშესაფრები აქვს.

უკრაინის მთავრობის გეგმის თანახმად, განათლების რეფორმის ფარგლებში ასევე შეიქმნება 100-ზე მეტი თანამედროვე STEM ლაბორატორია, 210 ახალი კვების ობიექტი და 980 საკანი უკრაინის დასაცავად.

2024-2025 წლებისთვის საგანმანათლებლო ტრანსფორმაციისთვის ბიუჯეტის საერთო ხარჯები 22.5 მილიარდ გრივნას შეადგენს, რაც განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, რეკორდული თანხაა.

სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, 2024/25 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, უკრაინაში 12,3 ათასი ზოგადი საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულება იყო.

ამავე ფორუმზე უკრაინის ვიცე-პრემიერმა – რეკონსტრუქციის მინისტრმა – თემებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრმა ალექსი კულებამ დასძინა, რომ ქვეყანაში დაზიანებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრი 4 ათასზე მეტს, ანუ ასეთი დაწესებულებების მთელი ფონდის 10%-ზე მეტს მოიცავს. მათგან 10%-ზე მეტი უკვე აღდგენილია.

გარდა ამისა, უკრაინის მთავრობას დაგეგმილი აქვს ცვლილებები როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების მიმართულებით. კერძოდ, როგორც გამოცემა “Glavred” წერს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ოკსენ ლისოვიმ განაცხადა, რომ უკრაინაში, 2027 წლიდან, საშუალო სკოლის მოსწავლეები 11 კლასის ნაცვლად, 12 კლასის ჩათვლით ისწავლიან.

მანამდე უკრაინის განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ მასწავლებლები 24 ათასის ოდენობის ხელფასს მიიღებენ. ამჟამად ქვეყანაში მასწავლებლების დიდი დეფიციტია, კერძოდ, ყველაზე მწვავე დეფიციტია კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის პედაგოგების მიმართულებით.

როგორც ცნობილია, უკრაინელი სტუდენტები სოციალური სტიპენდიების მიღებას შეძლებენ, თუმცა ისინი მხოლოდ სტუდენტების გარკვეული კატეგორიებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. სოციალური პოლიტიკის სამინისტრომ ამ ინიციატივის დეტალები გაამხილა, კერძოდ, სტიპენდიების მიღებას შეძლებენ სტუდენტები, რომლებიც რუსეთის ტყვეობაში იმყოფებოდნენ ან დაპატიმრებულები იყვნენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის გამო, ასევე მათი შვილები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური