GE

უმაღლესი განათლების დაფინანსების 2 ფორმა – რა შესრულდა და რა იგეგმება სამთავრობო პროგრამით

უმაღლესი განათლების მიმართულებით გამოვლენილი ძირითადი გამოწვევების საპასუხოდ იდენტიფიცირებული გადაჭრის გზები ისეთ ძირითად ასპექტებს მოიცავს, როგორიცაა: საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარება, საგანმანათლებლო რესურსების განვითარება, უმაღლესი განათლების დაფინანსების რეფორმა, კვალიფიციური აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის მხარდაჭერის უზრუნველყოფა. ამის შესახებ საუბარია სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოს ივნისის ბოლოს გააცნობს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, უმაღლესი განათლების მიმართულებით საბიუჯეტო დაფინანსებამ 2024 წელს შეადგინა 171.35 მლნ ლარი, ხოლო 2025 წელს დაზუსტებული გეგმა, 2024 წელთან შედარებით, გაზრდილია 29.92 მლნ ლარით და შეადგენს 201.27 მლნ ლარს (გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურული ხარჯებიც).

რა ეტაპზეა უმაღლესი განათლების დაფინანსების ცვლილება

მოხსენებაში ვკითხულობთ: უმაღლესი განათლების მიმართულებით განხორციელებულ სხვადასხვა კვლევაზე დაყრდნობით, შემუშავდა უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირება ცოდნაზე ორიენტირებული ეკონომიკის გაძლიერებისა და გლობალურ საგანმანათლებლო სტანდარტებთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად.

დასრულდა შედეგებზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის შემუშავება. შექმნილია ინდიკატორების კატალოგი, რომელიც მორგებულია ქართულ უნივერსიტეტებზე და უზრუნველყოფს შედეგების განსაზღვრისა და შეფასების საშუალებას.

მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ჰოლისტური მიდგომით შემუშავებულიყო უმაღლესი განათლების საბაზო (core) დაფინანსების მოდელიც. შესაბამისად, დაიგეგმა კონკრეტული ამოცანები, რომლებიც მოიცავს: უნივერსიტეტების ფინანსური სტრუქტურისა და ხარჯების ანალიზს, სწავლის სფეროების მიხედვით, პროგრამების თვითღირებულების გაანგარიშებას სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების განსხვავებული მოცულობების დასადგენად, საგრანტო დაფინასების აკადემიურ შედეგებზე მიბმის პრინციპის განსაზღვრას.

ამასთან, დაგეგმილი ღონისძიებების რეალიზაცია დასრულდება 2025 წლის ბოლოს ინფორმაციის მართვისთვის მონაცემთა ბაზის სისტემის შექმნით, რომელიც მოემსახურება, როგორც საბაზო (core) დაფინანსების მოდელის, ისე შესრულებაზე დაფუძნებული მოდელის (PBF) იმპლემენტაციას.

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა

ცენტრის (განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) ინიციატივით, ENQA-ს ექსპერტთა რეკომენდაციების საპასუხოდ, ცვლილებები შევიდა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონსა და ცენტრის დებულებაში, რომელიც ითვალისწინებს ცენტრის დამოუკიდებლობის ხარისხის მნიშვნელოვან ზრდას, ცენტრის დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების პროცედურების მკაფიოდ დადგენასა და ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს კიდევ უფრო მეტი მმართველობითი ფუნქციებით აღჭურვას.

აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, როგორც უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA), ასევე უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) წარმომადგენლებთან, რომ საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები სრულად მოვიდეს შესაბამისობაში უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG 2015).

ასევე იხილეთ:

„მე-12 კლასში გამოცდები შერჩეულ საგნებში ჩატარდება“ – რას წერს პრემიერ-მინისტრი ზოგად განათლებაში მთავრობის პროგრამის შესრულებაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური