GE

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სისტემის დანერგვა – შედეგები და შემდგომი ნაბიჯები

სასტუმროში „რუმსი თბილისი“ გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდება შემაჯამებელი კონფერენცია, რომლის მიზანს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სისტემის დანერგვის პროცესში მიღწეულ შედეგებზე და შემდგომ ნაბიჯებზე მსჯელობა წარმოადგენს.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოში ყველა ავტორიზებული  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები;

კონფერენცია უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმის პირველ ეტაპს შეაჯამებს. ეს ეტაპი  ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მოთხოვნებისა (ESG 2015) და საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესაბამისად წარიმართა.

კონფერენციაზე გამომსვლელთა შორის სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად არიან ევროპის  ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის (EQAR) პრეზიდენტი კარლ დიტრიხი, ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ასოციაციის (ENQA) ვიცე პრეზიდენტი ევა ფერეირა გარსია, უნივერსიტეტების დიდი ქარტიის პრეზიდენტი საიბოლტ ნოოდა და სხვა საპატიო სტუმრები, რომელთაც ისაუბრეს ევროპაში არსებულ გამოცდილებაზე, ახალ გამოწვევებზე  და პასუხი გასცეს დამსწრეთა კითხვებს ბიუროკრატიული პროცესების შემცირების, დამსაქმებელთა რეალური ჩართულობის შესახებ;

ავტორიზაციის განახლებული მექანიზმის დანერგვის შედეგები წარმოადგინა  ცენტრის ავტორიზაციის სამმართველოს უფროსმა ლალი გიორგიძემ, ხოლო პროგრამების აკრედიტაციის შედეგები – აკრედიტაციის სამმართველოს უფროსმა მაია გელაშვილმა. პანელურ განხილვაში უნივერსიტეტების წარმომადგენლები ჩაერთნენ.

დღეს პარალელურ სესიებზე  უცხოელი და ქართველი კოლეგები კონკრეტული მიმართულების გამოცდილებასა და შესაძლებლობებს გაუზიარებენ ერთმანეთს. ამით კონფერენცია წლევანდელ წელს შეაჯამებს და ახალ ნაბიჯებს განსაზღვრავს იმისათვის, რომ ქართული უმაღლესი განათლება ევროპული უმაღლესი განათლების სტანდარტებთან შესაბამისობის მიმართულებით განვითარდეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური