GE

„უმთავრეს პრიორიტეტად რჩება სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლება“ – რა გეგმები წარუდგინა პრემიერს შერიგების მინისტრმა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, თეა ახვლედიანსა და მის მოადგილეეებს შეხვდა, ხაზი გაესვა, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლება და პოპულარიზაცია ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.

როგორც მთავრობსი ადმინისტრაცია განმარტავს, პრემიერთან გამართულ თათბირზე ითქვა, რომ ამ მიზნით, აქტიურად გაგრძელდება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ქართული ენის შემსწავლელი უფასო პროგრამებისა და კურსების განხორციელება, როგორც რეგიონულ სასწავლო ცენტრებში, ასევე დისტანციურ ფორმატში და ადგილზე მობილური ჯგუფების საშუალებით. სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები კი, კიდევ უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კვლავ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას.

ამ მიზნით დაგეგმილია რიგი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის:

არაქართულენოვან სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბილინგვური პროგრამის განვითარება და განხორციელების არეალის გაფართოება, სასწავლო რესურსების შემდგომი განვითარება და მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება, როგორც საგნობრივი მიმართულებით, ასევე სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლების თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა – საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვან გარდატეხას მოახდენს როგორც ეთნიკური უმცირესობების სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის, ასევე სკოლების ინფრასტრუქტურის სრულყოფის კუთხით.

გაგრძელდება მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების მშობლიური ენების – ოსური, ასურული, ჩეჩნური, უდიური, ხუნძური – სწავლების ხელშეწყობა.

არაქართულენოვანი ახალგაზრდების საჭიროებებთან შესაბამისობაში უკეთ მოყვანის მიზნით, მიმდინარეობს პროფესიული და უმაღლესი განათლების სპეციალური პროგრამების განახლება და განვითარება.

მეტად მასშტაბური გახდება ე.წ. „1+4 საგანმანათლებლო პროგრამის“ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საჯარო სექტორში სტაჟირების სპეციალური პროგრამის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების პროფესიული უნარების განვითარებას, საჯარო სფეროში მუშაობის გამოცდილების შეძენასა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობას.

ასევე იხილეთ:

გადაულახავი ბარიერი – რატომ არ ხდება სახელმწიფო ენის ცოდნის დონის დადასტურება საქართველოში?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური