GE

უნდა ვამეცადინოთ თუ არა ბავშვი არდადეგებზე

არდადეგებზე მასწავლებლები ბავშვებს ბევრ სამეცადინოს აძლევენ. ასეც რომ არ იყოს, თავად მშობლებიც ვერ უძლებენ ცდუნებას, რომ დასვენების დღეებში შვილს კიდევ გაუღრმავონ ცოდნა. არადა, იდეალურ სკოლაში ბავშვებს მცირეხნიან არადედეგებზე არაფერს ავალებენ. გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ბავშვმა ავადმყოფობის გამო დიდი ხნით გააცდინა სკოლა და პროგრამას ჩამორჩა. მაგრამ ჩვენ იდეალური გარემოში არ ვცხოვრობთ, ამიტომ არდადეგებზე მეცადინეობის საკითხთან დაკავშირებით სჯობს სპეციალისტების აზრს მოვუსმინოთ.

ბავშვთა ფსიქოლოგები მცირეხნიან არდადეგებზე მეცადინეობის მომხრენი არ არიან. მათი აზრით, ბავშვებს სრულფასოვანი დასვენება სჭირდებათ. ციკლი – “სწავლება-დასვენება” აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. თუ გვინდა, რომ ბავშვთა ე.წ. ტიკები და ნევროზები ავიცილოთ თავიდან, ზედმეტად არ უნდა გადავტვირთოთ მათემატიკური, წერითი თუ სხვა დავალებებით დასვენების პერიოდში. წიგნები, რა თქმა უნდა, უნდა იკითხონ, მაგრამ ერთია სავალდებული კლასგარეშე საკითხავი და მეორეა სიამოვნებისთვის კითხვა.

გირჩევთ მიჰყვეთ ამ რეკომენდაციებს:

1. რაც შეიძლება ადრე შეუთანხმეთ მასწავლებელს, რა სახის დავალებებს ურჩევს თქვენს შვილს. თავიდანვე შეაფასეთ ამ დავალების მოცულობა.

2. მასწავლებელთან ერთად განსაზღვრეთ, რისი გაკეთება არის აუცილებელი მაინცდამაინც არდადეგებზე. ყველა ბავშვს სხვადასხვა საჭიროება გააჩნია. მაგალითად, ვიღაცას გარკვეული მიზეზის გამო ბევრი გაცდენა აქვს და მისი ანაზღაურება სჭირდება. ამ შემთხვევაში, ბავშვის არდადეგებზე “ამოქაჩვას” ჯობს მასწავლებელს სთხოვოთ, რომ გაკვეთილების შემდეგ ცოტა დრო დაუთმოს. სავარაუდოდ, არც ძვირი დაგიჯდებათ და არც მასწავლებელი გეტყვით უარს. სამაგიეროდ, არდადეგებს თქვენც შეირგებთ და თქვენი შვილიც. თანაც, პროფესიონალის ხელი უფრო დაეტყობა.

3. თუ ხედავთ, რომ არდადეგებზე მოცემული სამეცადინო მასალა ვრცელია, განვლილის გამეორებაა და მხოლოდ შესწავლილის განმტკიცებას ისახავს მიზნად, მასწავლებელს სთხოვეთ, შეამციროს დავალებების რაოდენობა. არდადეგებზე სამეცადინო მინიმუმამდე უნდა იყოს დასული. ბავშვმა ეს დრო დასვენებისთვისაც ხომ უნდა გამოიყენოს – ფიზიკურად, გონებრივად, მორალურად.

4. ყველა დავალება, რომლის შესრულება მაინც მოგიწევთ, მცირე ნაწილებად დაყავით და ეცადეთ, ყოველდღიურად არ მოგიწიოთ შესრულებამ. შაბათ-კვირას სრულად გაათავისუფლეთ სწავლის მოვალეობებისგან. ბავშვებს მართლაც სჭირდებათ სრული დასვენება და ეს სახუმარო საქმე არ არის. მეცადინეობის განრიგი ბავშვთან ერთად შეადგინეთ. თუ სამეცადინო ბევრია და არ ხერხდება ისე განაწილება, რომ კვირაში 2-3 დღე საკმარისი იყოს, მაშინ 2 დღე ერთ საგანს დაუთმეთ, 2 დღე – მეორეს და 1 – მესამეს (თუ ამის საჭიროებაა).

5. მოელაპარაკეთ შვილს, რა უფრო კომფორტულია მისთვის და შემდეგ მთელი დღით დასვენება თუ პირიქით? არჩევანი მან უნდა გააკეთოს და ამის საშუალება მიეცით.

6. შეძლებისდაგვარად მოახერხეთ და იმ თემის მიხედვით, რასაც გაკვეთილებად სწავლობს, მუზეუმში, გამოფენაზე ან წარმოდგენაზე წაიყვანეთ. ამით სწავლის მიმართ დადებითი ასოციაციები გაუჩნდება. ბავშვებს ძალიან უყვართ, როცა წაკითხულის შემდეგ ამავე ნაწარმოების მიხედვით ფილმს, სპექტაკლს ან მულტფილმს ნახავენ.

ერთი სიტყვით, გაახალისეთ არდადეგებზე მეცადინეობის პროცესი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი დროისა და ნერვების ხარჯვა მოგიწევთ.

წყარო: mshoblebi.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური