GE

„უნივერსიტეტი გასართობი ადგილი არ არის“ – გამოცდილი სტუდენტის რჩევები მომავალ პირველკურსელებს

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა და პირველადი შეფასებებიც გამოქვეყნდა. ახლა 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი საბოლოო შედეგს ელოდება და ცხოვრების ახალი ეტაპისთვის – სტუდენტობისთვის ემზადება. მათგან დიდ ნაწილს გაუმართლებს, ნაწილს – არა. ის, ვინც სტუდენტი გახდება, მალე უმაღლესი სასწავლებლის კარს პირველად შეაღებს და შესაძლებლობებითა და გამოწვევებით, ცვლილებებითა და თავგადასავლებით აღსავსე გარემოში მოხვდება.

რა უნდა იცოდეს პირველკურსელმა პირველი სასწავლო დღისა და წლის შესახებ, რა უნდა გაითვალისწინოს და რისთვის უნდა იყოს მზად – ამ თემებზე მომავალ სტუდენტებს რჩევებს EDU.ARIS.GE-ს საშუალებით მე-4 კურსის გამოცდილი სტუდენტი ირინა ნალჯიანი უზიარებს.

ირინა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტია და არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობს. როგორც თვითონ ამბობს, სასურველი ფაკულტეტის სტუდენტობაზე მე-8 კლასიდან ოცნებობდა, დღეს კი ხედავს, რომ ახალგაზრდებმა ხშირ შემთხვევაში არ იციან, რა პროფესიის დაუფლება სურთ და უმაღლესში სოციუმის წნეხის გამო აბარებენ. მისი აზრით, ახალგაზრდამ, პირველ რიგში, სწორად უნდა განსაზღვროს სასურველი ფაკულტეტი, რათა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შემდეგ, მის წარმოდგენებსა და რეალობას შორის დიდი სხვაობა არ აღმოჩნდეს.

„უმაღლესში ჩაბარება ძალიან სერიოზული ნაბიჯია. დღეს საქართველოში გვაქვს ვითარება, როდესაც აბარებენ იმის გამო, რომ აუცილებელია უმაღლესი განათლების მიღება. ამ დროს, კონკრეტულ აბიტურიენტს, შესაძლოა, არც ჰქონდეს სწავლის ინტერესი იმ ფაკულტეტზე, სადაც ჩაირიცხება. მაგალითად, მე მე-8 კლასიდან ვიცოდი, რომ არქიტექტურაზე მინდოდა ჩაბარება, ამ ფაკულტეტზე მოხვედრაზე ვოცნებობდი და საკითხს სერიოზულად ვუდგებოდი. თუმცა, დამეთანხმებით, რომ დღეს, 17-18 წლის ასაკში ბევრს არ აქვს გააზრებული, რა უნდა. უფრო სწორედ, ბევრს კი არა, ძალიან ცოტას აქვს გააზრებული.

ახალგაზრდების ნაწილს სოციუმი ავალდებულებს, ოჯახი ავალდებულებს – „როგორ თუ არ ჩააბარე და როგორ თუ უმაღლესი განათლება არ მიიღე“. ეს კი, საბოლოო ჯამში, სტუდენტის სწავლის ხარისხზე აისახება. სტუდენტების ნაწილს თავიდან ჰგონია, რომ აინტერესებს ის, სადაც ჩააბარა – ემოციებშია, რადგან უნივერსიტეტში ჩაირიცხა. საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისვლისას კი, ადამიანის წარმოდგენები და რეალობა ძალიან იყოფა“,- ამბობს ირინა.

მისი თქმით, „უნივერსიტეტი უმაღლესი განათლების მისაღები ადგილია და არა გასართობი“, ამიტომ, პირველკურსელებს ურჩევს, რომ ნუ იქნებიან ისეთი სტუდენტები, რომლებსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში „ვერავინ ვერასდროს ხედავს“:

„სწავლის დაწყებიდან პირველ-მეორე-მესამე კვირას სერიოზული არაფერი ხდება, მხოლოდ გაცნობითი ხასიათის ლექციები ტარდება და ქულების სახით შეფასებაც არ იწერება. რაც უფრო დაამახსოვრებ ლექტორს თავს დასწრებით, აქტიურობითა და ინტერესის გამოხატვით, მით უკეთესია. არიან სტუდენტები, რომლებიც ოფიციალურად უნივერსიტეტში ირიცხებიან, მაგრამ მათ ვერასდროს ვერავინ ხედავს. ჩემი გულწრფელი რჩევა იქნება, რომ ასე არასდროს მოიქცეთ. გაითვალისწინეთ – უნივერსიტეტი არის უმაღლესი განათლების მისაღები და არა გასართობი ადგილი.

როდესაც ცნობილი გახდება, სად ჩაირიცხეთ, აუცილებელია ამ უმაღლესის ვებგვერდს ესტუმროთ, გაეცნოთ მის აკადემიურ კალენდარს, რათა გქონდეთ ინფორმაცია სასწავლო წლის დაწყების თარიღის შესახებ. ცხრილიც ამავე ვებსაიტზე დაიდება და კვირების მიხედვით იქნება დალაგებული. იმისთვის, რომ რამე არ გამოგეპაროთ, უნივერსიტეტის ვებგვერდის მუდმივი მეთვალყურეობა მოგიწევთ“.

როგორც ირინა აღნიშნავს, პირველკურსელებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ, რომ უნივერისტეტი სკოლისგან, ხოლო ლექტორი მასწავლებლისგან განსხვავდება – „როგორც სკოლაში მასწავლებლები გყვებოდნენ თავზე, ასე უნივერსიტეტში არავინ, არასდროს გადაგყვებათ“.

„ჩემს კლასში 30 ბავშვი ვსწავლობდით და გაკვეთილისთვის მზად ყოველთვის ყველა უნდა ვყოფილიყავით. მასწავლებელს მოსწავლისთვის გაკვეთილი, შესაძლოა, კვირაში ორჯერ მაინც გამოეკითხა, რაც ბავშვის სტაბილურ მომზადებას უზრუნველყოფდა. სამწუხაროდ, ახალბედა სტუდენტებს ჰგონიათ, რომ როგორც მასწავლებლები სკოლაში ჰყვებოდნენ თავზე, უმაღლესშიც ასე იქნება. გაითვალისწინეთ – უნივერსიტეტში არავინ, არასდროს, არანაირ შემთხვევაში არ გადაგყვებათ.

სკოლაში ვართ ბავშვები და როდესაც უნივერსიტეტში აბარებ, მინიმუმ ბავშვი არ უნდა იყო გონებრივად. თუ ასეა, მაშინ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში რა გესაქმება?! აქედან გამომდინარე, ლექტორებთან იმგვარი დამოკიდებულება, რომ „რაღაცას ვერ მიხსნის“ – მართებული არ არის. ყველა ყველაფერს ხსნის და თუ შენ გაქვს შენი კონკრეტული ინტერესი, არცერთი ლექტორი დროის დათმობასა და რაღაცის დამატებით ახსნაზე უარს არ გეტყვის. მთავარია, მან შენგან ინტერესი, ლექციებზე რეგულარული დასწრება და ა.შ. დაინახოს“,- აღნიშნავს გამოცდილი სტუდენტი.

ირინა მომავალ პირველკურსელებს საკუთარ მოსაზრებას სტუდენტური ცხოვრების რამდენიმე მითსა და რეალობაზეც უზიარებს:

„მითია ის, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გექნებათ საოცარი განათლება. რეალობა არის ის, რომ ამთავრებ უნივერსიტეტს, მიდიხარ სამსახურში (თუ გაგიმართლა და შენი სპეციალობით იწყებ მუშაობას) და იაზრებ, რომ გაქვს იმ განათლების ნახევარი, რაც საჭიროა სამსახურის დასაწყებად.

ჩემს პირად მაგალითზე გეტყვით – ვარ არქიტექტორი, თავისუფლად ვაკეთებ პროექტებს, მაგრამ როგორც კი საპროექტოში მივედი, მითხრეს – „ძალიან კარგია, რომ უნივერსიტეტის პროექტებს აკეთებ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში სულ სხვა პროექტებია, სულ სხვა ცოდნაა საჭირო“. ფიქრობ – ბაკალავრიატის დიპლომი და სასწაული განათლება გაქვს, მაგრამ – არაფერიც არ გაქვს!

მითია ის, რომ სასწაული ტემპი, რეჟიმი და სიმკაცრე გექნებათ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის დროს. რეალობაა ის, რომ არცერთ ლექტორს არ აინტერესებს, რა ისწავლე და რა არ ისწავლე. ლექტორი არ არის ვალდებული, სტუდენტთან თავისი ცოდნა დაამტკიცოს. ის ვალდებულია, გადმოსცეს, რაც სილაბუსშია“.

მისი თქმით, განათლების მიღების გარდა, სტუდენტური ცხოვრება ადამიანს სოციალიზაციის მხრივაც დიდ გამოცდილებას სძენს და სტუდენტებს ურჩევს, უნივერსიტეტი მეგობრების შესაძენადაც გამოიყენონ:

„სკოლაში ბავშვები კონკრეტულ საგნებთან ერთად, ერთმანეთსა და სხვებთან კომუნიკაციას სწავლობენ. ასევეა უნივერსიტეტშიც – აქ უკვე ზრდასრულ ასაკში ხვდებიან ადამიანები ერთმანეთს, აყალიბებენ ურთიერთობებს, შემდგომ თუკი ამის საშუალება იქნება, შეგიძლიათ, მეგობარიც შეიძინოთ. უნივერსიტეტი სოციალიზაციის მხრივ დიდ გამოცდილებას იძლევა. გექნებათ ჯგუფური სამუშაოებიც, რაც სტუდენტთა დაახლოებასა და ურთიერთთანამშრომლობის სწავლას უწყობს ხელს.

სტუდენტური პერიოდი პირადად ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ლაღი პერიოდია. ვარ სტუდენტი, ვიღებ უმაღლეს განათლებას, ჩემს საქმეს ძალიან კარგად ვაკეთებ და ის ურთიერთობები, რომელიც ჩამომიყალიბდა უნივერსიტეტში, შეუდარებელია. უფროსი თაობის წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ სტუდენტობის პერიოდში შეძენილი მეგობრობა არის ის, რაც შესაძლოა, ცხოვრების ბოლომდე გაგყვეს“.

წარმატებას გისურვებთ!

ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური