„ველოდებით, რას გვიპასუხებენ დისკრეციის საკითხზე“ – განათლების მინისტრი პროტესტის მონაწილე პედაგოგებს შეხვდა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი, მოადგილეებთან ერთად სკოლის დირექტორობის კანდიდატებს – მაია ეკალაძესა და დავით ფერაძეს დღეს, 4 დეკემბერს შეხვდა და მათი პროტესტისა და მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა.
ამის შესახებ ინფორმაციას თავად მასწავლებლები ავრცელებენ და აცხადებენ, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებას, მათი მოთხოვნის თაობაზე – გამოიყენოს დისკრეცია და დანიშნოს სკოლებში დაწუნებული დირექტორები, საღამომდე დაელოდებიან.
როგორც სამინისტროდან გამოსული დავით ფერაძე აცხადებს, გიორგი ამილახვარის მიერ მიიღეს ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ: “თურმე შესაძლოა, ჩატარდეს კონკურსის მეორე ეტაპი, რომელში მონაწილეობის უფლებაც თურმე ისევ გვექნება და შეგვეძლება, ისევ თავიდან შემოვხაზოთ სკოლები. არ ვიცი, ეს რამდენად სამართლებრივია, ამიტომ ჩვენ აქ ვრჩებით დღის განმავლობაში, ღამის განმავლობაში, აქცია გრძელდება, სანამ ნათელ პასუხს არ მივიღებთ”.
მინისტრთან და მის მოადგილეებთან რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ, მაია ეკალაძემ, EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აღნიშნა, რომ თუ განათლების სამინისტრო კონკრეტულ პასუხს სამუშაო საათების დასრულებამდე არ მისცემს, ის შიმშილობის დაწყებას გეგმავს:
“სხვა გზა უბრალოდ არ დამრჩება, უპასუხობის შემთხვევაში შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილების შესახებ, მე მინისტრის მოადგილეებთან შეხვედრის დასრულებისას განვაცხადე, რაზეც თამარ მახარაშვილმა მითხრა, რომ “ძალიან წუხს”. სულ ერთი პროცენტით მაქვს იმედი, რომ პასუხს მივიღებთ”, – გვითხრა მაია ეკალაძემ, რომელიც პედაგოგებს განათლების სამინისტროსთან ხუთ საათზე ელის.
შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, საკუთარი პოზიცია მან სოციალურ ქსელშიც დააფიქსირა:
“მასწავლებლები აღფრთოვანებული არიან ჩემი სახელფასო პოლიტიკითო, ბატონმა მინისტრმა გვითხრა ცოტა ხნის წინ, აუდიენციაზე დღეს, 4 დეკემბერს…
ჩვენ, რა თქმა უნდა, “გვჯერა” ამ ნაწილში, რა უფლება გვაქვს, არ დავიჯეროთ და ვხსნით ამ მოთხოვნას რაკი ასე გნებავთ თქვენ, მასწავლებლებს… ერთი აღფრთოვანებული კი არა კმაყოფილი მასწავლებელი მანახა სადმე და მეტად დავიჯერებ კიდევ…
ჩვენ დღის ბოლომდე კიდევ ველოდებით, რას გვიპასუხებენ დისკრეციის საკითხზე… ბევრჯერ დავწერე და მხოლოდ ერთხელღა ვიმეორებ, რომ სკოლების დეცენტრალიზაციის მომხრეები ვართ, საერთოდ არ ვემხრობით დისკრეციას. ეს უნდა იყოს ძალიან განსაკუთრებული შემთხვევებისთვის მხოლოდ და არა გრძელვადიანი დანიშვნის მიზნით, სულერთია მოვალეობის შემსრულებლად, თუ დირექტორად, მაგრამ ეს უფლება არსებობს და მათ მიერ შექმნილ სიტუაციაში სხვა გამოსავალიც არ არსებობს…
რატომ უნდა დაგვნიშნოს დაბლოკილი კანდიდატები დისკრეციით? – თუნდაც იმიტომ, რომ 1200 სკოლას არ ჰყავს სერტიფიცირებული დირექტორი, ჩვენ დავადასტურეთ კომპეტენცია და სამართლიანობა მოითხოვს, მოგვეცეს შანსი, საქმით დავამტკიცოთ ჩვენივე სიტყვები…
ველოდებით სამართლიან გადაწყვეტილებას და გელოდებით თქვენ”, – წერს მაია ეკალაძე და კოლეგების საყურადღებოდ 17:00 საათზე აქციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კიდევ ერთხელ აანონსებს.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება