GE

ვინ როგორ შეაფასა ჭადრაკის მეორე კლასში დამატება: „ბავშვები ისწავლიან ჭადრაკს, პედაგოგებს კი ანაზღაურება მოემატებათ“

„თავზე გვემხობა მთელი განათლების სისტემა და ესენი ერთობიან; გაულღვათ ტვინები ეტყობა და მიხვდნენ, რომ მარტო პირველ კლასში აზრი არ ჰქონდა; პირგველ კლასში აგვცდა და ახლა მეორეშიც აგვცდება; გვეყოლება ჩვენი ჩიბურდანიძე და გაფრინდაშვილი…“, – ასეთი არაერთგვაროვანი გამოხმაურებები ჰქონდა სოციალური ქსელის მომხმარებელი მშობლებისგან პირველ თებერვალს გასაჯაროებულ ინფორმაციას, რომ ჭადრაკი, სავალდებულო საგნად პირველის შემდეგ მეორე კლასშიც დაემატება და სწავლება 2023 წლის სექტემბრიდან დაიწყება.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ბრძანებას, სადაც სკოლაში ჭადრაკის სწავლების გახანგრძლივებაზეა საუბარი, ხელს აწერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, რომელსაც ეკუთვნის სიტყვები: „ვფიქრობთ, რომ ის, რაც ძალიან წარმატებულად გამოვიდა პირველ კლასში, ეს გავაგრძელოთ მეორე კლასშიც. ჭადრაკის მნიშვნელობა, რასაკვირველია, უაღრესად დიდია. ეს არ არის ჭადრაკი მხოლოდ ჭადრაკისთვის. ეს არის გონების ვარჯიშისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ფორმა. ის ხალისი, რომელიც მოსწავლეებს უკვე აქვთ და შედეგები, ძალიან კარგია. ჯერ ერთი სემესტრიც არ დამთავრებულა, რაც ჭადრაკი დავნერგეთ და ბავშვების დამოკიდებულება ინტელექტუალური აქტივობების მიმართ გაცილებით გაუმჯობესდა ამ თვალსაზრისით. ეს სიყვარული ამოცანების ამოხსნის ბავშვებს გამოადგებათ ნებისმიერი საგნის შესწავლის პროცესში“.

„რასაც სწავლობენ ჭადრაკის გაკვეთილებზე, მიზნებთან შედარებით ზღვაში წვეთია“ – ჭადრაკის საგნის სტანდარტი და რეალობა

EDU.ARIS.GE დაინტერესდა ვინ როგორ შეხვდა დაანონსებული სიახლის სისრულეში მოყვანას და 3 თებერვალს ვესაუბრეთ როგორც სკოლის ჭადრაკის მასწავლებელს, ისე მოსწავლის მშობელს, რომელიც ამავდროულად, დაწყებითი კლასის დამრიგებელიც არის.

თელავის #4 საჯარო სკოლის ჭადრაკის პედაგოგი ნატო მჭედლიშვილი EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, ჭადრაკის მასწავლებლებს შანსი მიეცათ, კიდევ უფრო მეტი რამ შეასწავლონ პატარებს და პირველ კლასში გაწეული სამუშაო მშვიდად განაგრძონ.

„პირველ კლასში, როგორც წესი, მივყვებით ჭადრაკის სასწავლო პროგრამას. პირველკლასელებმა, რასაკვირველია, არ იციან, რა არის ჭადრაკის დაფა. არ აქვთ წარმოდგენა ფიგურებზე, მათ განლაგებაზე. ასევე, არ იციან ფიგურების გაცვლა. ეს უფრო მაღალ ასაკში ისწავლება, პირველ კლასში კი ჭადრაკის ერთგვარ ანა-ბანას ვასწავლით. რასაკვირველია, მისასალმებელია ეს სიახლე. მოგვეცა შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტი ვასწავლოთ მოსწავლეებს. ის, რაც პირველ კლასში ვასწავლეთ, მეორე კლასში გავაუმჯობესებინოთ და უფრო  მეტი დრო გვქონდეს ყველა საკითხის სწავლებისთვის. ასევე, მოსწავლეები მივიყვანოთ მაღალ სააზროვნო უნარ-ჩვევებამდე, ჭადრაკი ნამდვილად უწყობს ხელს ამ პროცესს და მისი სწავლებაც საჭირო და აუცილებელია“, – განგვიცხადა ჭადრაკის მასწავლებელმა.

ნატო მჭედლიშვილი ასევე ამბობს, რომ პედაგოგების სამუშაო საათებით დატვირთვა ანაზღაურებაზეც აისახება, რაც სასიამოვნო ფაქტია:

„ყველა მხრიდან სასიამოვნო სიახლეა, რადგან სამუშაო საათების ზრდა გაზრდის ჩვენს ხელფასსაც. ეს, რასაკვირველია, მხოლოდ მისასალმებელია და არ მგონია, ვინმე ამით უკმაყოფილო იყოს, არც ბავშვი, არც მშობელი და არც პედაგოგი“.

ჩვენი მეორე რესპონდენტი, მზია აზნიაშვილი თავადაც მშობელია. ის აქტიურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობასაც და სადამრიგებლო ხელმძღვანელობს უწევს პირველკლასელ და მეორეკლასელ მოსწავლეებს.

მზია ამბობს, რომ მისთვის, როგორც მშობლისა და  დამრიგებლისთვის, სასიამოვნო სიახლე იყო როცა გაიგო, რომ საჯარო სკოლებში ჭადრაკის სწავლების შესაძლებლობა მეორეკლასელ მოსწავლეებსაც მიეცემათ.

„ჩემს პირველკლასელ მოსწავლეებს ძალიან უყვართ ჭადრაკის გაკვეთილები, რაშიც გასაკვირი არაფერია. ბავშვებისთვის ჭადრაკი სპორტის საყვარელი სახეობაა, ისინი თამაშ-თამაშში სწავლობენ მოქმედებას და კიდევ უფრო იუმჯობესებენ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. გარდა ამ ფუნქციისა, ჩემი დაკვირვებით შემიძლია ვთქვა, რომ ჭადრაკს მართლაც აქვს აღმზრდელობითი დანიშნულება. ის ხელს უწყობს ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებას, ასწავლის წინდახედულებას, ანალიტიკურ და ლოგიკურ აზროვნებას, ავითარებს სიდინჯესა და ყურადღების კონცენტრაციას. ვფიქრობ, თუ ბავშვი ამ უნარ-ჩვევებს განივითარებს, ეს მხოლოდ მისასალმებელია“,- აღნიშნავს მშობელი და დამრიგებელი EDU.ARIS.GE-სთან.

მზია აზნიაშვილი ამბობს, რომ ჭადრაკის მასწავლებლებს ბევრი საათი არ ჰქონდათ და გადაწყვეტილება პედაგოგების ამ საკითხის დარეგულირებისთვისაც კარგი იქნება:

„ამ გადაწყვეტილებით ჭადრაკის პედაგოგებს საათებიც მოემატათ. აუცილებელი იყო ჭადრაკის პედაგოგთა პროფესიული ხელშეწყობა, რომ სხვა პროფესიაში გადასვლის სურვილი არ გასჩენოდათ. ამ გადაწყვეტილებით ბავშვები ისწავლიან ჭადრაკს, პედაგოგებს კი სამუშაო საათებიც მოემატებათ და ანაზღაურებაც, ეს მხოლოდ მისასალმებელია. თუ ჭადრაკს სხვა კლასებშიც დაამატებენ, ეს პროფესიული ხელშეწყობის წინაპირობა იქნებოდა“.

ასევე იხილეთ:

ჭადრაკის საგნის სტანდარტი

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური