GE

ვის უფრო მეტი დრო სჭირდება – სასწავლო პროცესთან შეგუებაში დახმარების გზები არდადეგების შემდეგ

ზამთრის არდადეგები სკოლებში 30 დეკემბერს დაიწყო და 15 იანვრამდე გრძელდება. შესაბამისად, უკვე ერთი კვირაა, მოსწავლეები და არა მხოლოდ ისინი ისვენებენ. ძალიან მალე მათ სასწავლო პროცესში ჩართვა მოუწევთ. სასიამოვნოდ გატარებული არდადეგების შემდეგ კი, მოსწავლეებსაც ისევე უჭირთ საგაკვეთილო პროცესზე გადართვა, როგორც უფროსებს ლაღი დასვენების შემდეგ საქმიან რუტანაში დაბრუნება.

როგორც EDU.ARIS.GE-ს ფსიქოთერაპევტი, ლეილა ლომუაშვილი უხსნის, სწორედ ახლაა საუკეთესო დროა იმისთვის, რომ ეფექტურად დაიგმოს, რა გზით და მიდგომებით სჯობს შვილისა თუ მოსწავლის სასწავლო პროცესში უმტკივნეულოდ ჩართვა.

მისი თქმით, გარემოსთან ადაპტაციისთვის საჭირო დრო ბავშვებისა და მოზარდებისთვის განსხვავებულია და შესაბამისად, მშობლებსა და პედაგოგებსაც ამ სპეციფიკის გათვალისწინება მოუწევთ.

„არდადეგების შემდეგ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს უფრო მეტი დრო სჭირდებათ საგაკვეთილო მზაობის შესაქმნელად, ვიდრე საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეებს. ამიტომ, მათთვის სასწავლო პროცესთან შეგუებისთვის გამოყენებული მიდგომებიც განსხვავებული უნდა იყოს“, – აღნიშნავს ლეილა ლომუაშვილი და კონკრეტულ გზებს გვიზიარებს.

თუ მოსწავლე დაწყებით კლასშია

პირველკლასელის სკოლაში ადაპტაციის პროცესი 2 თვეც შეიძლება გაგრძელდეს. არ გქონდეთ იმის იმედი, რომ დაწყებით კლასში მოსწავლე პირველივე კვირას მობილიზებული იქნება. შესაბამისად, არ ეჩხუბოთ თუ სწავლის ნაცვლად თამაშში იქნება გართული. ასეთ დროს მშობლის მხრიდან მასწავლებელთან უფრო ინტენსიური კომუნიკაციაა საჭირო. პედაგოგებმა დავალებებში თამაშის ელემენტები უნდა შეიტანონ და ისეთი საინტერესო გახადონ, რომ კონკურენცია გაუწიოს გაჯეტებსაც და სათამაშოებსაც. ამ ასაკის შვილების მშობლებს კი ვურჩევ, შვილისთვის მიცემული საშინაო დავალებებს გულისყურით გაეცნონ და საჭიროების შემთხვევაში, არ მოერიდოთ პედაგოგთან საუბარიც.

თუ მოსწავლე მაღალ კლასებშია 

არდადეგების შემდეგ, ამ ასაკის მოსწავლისთვის სკოლაში დაბრუნება ჰგავს ზრდასრულის დაბრუნებას სამსახურში. შესაბამისად, საჭიროა, რომ მხოლოდ დადებითი ემოციით დამუხტოთ როგორც პედაგოგებმა, ისე მშობლებმა. უთხარით ბევრი კომპლიმენტი და მიეცით მოტივაცია. აბიტურიენტების შემთხვევაში, კი ნუ იდარდებთ, ისინი უკვე დიდები არიან, თუმცა სიზარმაცის გამოვლინებებთან დაკავშირებული შემთხვევები აქაც იქნება. ამიტომ ყურადღებით იყავით.

ფსიქოლოგი აქცენტს აკეთებს ძილის რეჟიმზე და მშობლებს ურჩევს, თუ ძილის რეჟიმის რადიკალურ ცვლილებებს შეამჩნევენ, ჩაერიონ:

„აკონტროლეთ, რომ დაიძინოს 11 საათზე და ადგეს მაქსიმუმ 8 საათზე. თუ სკოლასთან მოშორებით ცხოვრობთ და უფრო ადრეც უწევს გაღვიძება, მაშინ დროც ოპტიმალურად შეარჩიეთ. აქ სიმკაცრის გამოჩენა ნამდვილად არის საჭირო“, – განმარტავს სპეციალისტი.

ასევე იხილეთ;

უნდა ვამეცადინოთ თუ არა ბავშვი არდადეგებზე

ავტორები: მზეო შველიძე, edu.aris.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური