GE

„ვთვლი, რომ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ გავხდი ილიაუნელი“ – წარმატებული სტუდენტის ისტორია

ნიკოლოზ ნათენაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტია. მისი, თქმით სტუდენტისთვის, პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესია, თუ რომელ უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას სკოლის დამთავრების შემდეგ. როგორც თავად ამბობს, მან ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა არჩევანი ილიაუნიზე გააკეთა. რატომ იყო ეს გადაწყვეტილება სწორი და რა როლი ითამაშა მის განვითარებაში უნივერსიტეტმა? – ის თავად გიამბობთ.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ძირითადი პროფესიული მიმართულება არის ფინანსების სფერო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დახმარებით ძალიან აქტიურად ვარ ჩართული სხვა მრავალფეროვან მიმართულებებშიც, იქნება ეს ტურიზმი, საუნივერსიტეტო განათლების სფერო, მარკეტინგი და სხვ. სწორედ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ამავდროულად რთული ნაბიჯი ჩემთვის იყო Erasmus+-ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება.

განა რა არის იმაზე ამაღელვებელი გრძნობა, როდესაც ერთი შეხედვით სრულიად ჩვეულებრივ დილას იგებ, რომ სწავლას გააგრძელებ ევროპის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში?! ივსები სიამაყითა და ბედნიერებით და გრძნობ, რომ გიფასდება თავდაუზოგავი შრომა, თუმცა აანალიზებ, რომ უფრო საინტერესო და რთული თავგადასავალი ჯერ კიდევ წინ გაქვს. ეს კი ორმაგად გმატებს მოტივაციას.

მოგეხსენებათ, COVID-19 პანდემიის გამო შეფერხდა ძალიან ბევრი პროექტი თუ საერთაშორისო საკითხი და ჩემთვისაც ერთ-ერთი ურთულესი გადაწყვეტილება იყო გაცვლითი პროგრამით წამოვსულიყავი და პირისპირ დავჯახებოდი იმ გამოწვევებს, რომლებსაც მთელი მსოფლიო ებრძვის. არცთუ ისე იოლი აღმოჩნდა ჩემთვის, ვისწავლო პანდემიის გავრცელების დროს ჩემთვის სრულიად ახალ უნივერსიტეტსა თუ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მქონდა სირთულეები ავიამიმოსვლის, კომუნიკაციის თუ აკადემიური ურთიერთობის დამყარების თვალსაზრისით, თუმცა, მიუხედავად ამისა, მე გავაკეთე ჩემი მაქსიმუმი და ამჟამად ვიმყოფები ვილნიუსში, ლიეტუვაში და ვთვლი, რომ ამ თითქოს ერთმა პატარა გადაწყვეტილებამ სრულიად ამოატრიალა ჩემი ცხოვრება.

ალბათ, კიდევ ბევრი საინტერესო გამოწვევითაა სავსე გაცვლითი პროგრამა, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ამ თუნდაც მოკლე დროში ვისწავლე ის, რასაც ვერანაირი სახელმძღვანელოთი, აკადემიური კურსებითა თუ პროექტით ვერ ისწავლი, ეს არის დამოუკიდებლობა. სწორედ Erasmus-ის ფარგლებში ვსწავლობ, ვიცხოვრო დამოუკიდებლად და გავუმკლავდე იმ დაბრკოლებებს, რომელთა გადალახვაშიც აქამდე სხვები მეხმარებოდნენ, იქნება ეს ოჯახი, მეგობრები, საზოგადოება თუ მშობლიური კულტურა. ამავდროულად, მაქვს შესაძლებლობა, გავეცნო უამრავი კულტურის წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნიდან და შევიცნო მათი საზოგადოების უნიკალური ნიშა. უბრალოდ წარმოიდგინეთ, ერთ დღეს ვიღვიძებ და ვცხოვრობ მრავალფეროვან კულტურის ალიანსში, სადაც თავი მოუყრიათ ლიეტუველებს, გერმანელებს, ეგვიპტელებს, ფრანგებს, ინდონეზიელებს, ახალ ზელანდიელებს, ავსტრალიელებს, იაპონელებს, კანადელებს და სხვებს მთელი მსოფლიოდან, რომელთა უცვლელი წევრიც ვარ მე, ერთი ჩვეულებრივი ქართველი სტუდენტი. საოცარია არა?!

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, თუ რაოდენ წინ გადადგმული ნაბიჯია გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად წასვლა კარიერული განვითარების მხრივ. ილიაუნში ფინანსების განხრით ვსწავლობ და შესაბამისად, ვილნიუსის უნივერსიტეტშიც სწავლას ვაგრძელებ ეკონომიკისა და ფინანსური სფეროს კვალდაკვალ. ვთვლი, რომ ევროპული განათლების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ერთი მხრივ, ზრდის ჩემზე მოთხოვნას ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე და მეორე მხრივ, მაძლევს შესაძლებლობას, განვივითარო აკადემიური განათლების მხარე მოწოდებული მაღალი აკადემიური მოდულების სახით და შევიმეცნო ის საკითხები, რაც დამეხმარება ჩემი წვლილი შევიტანო ჩემი ქვეყნის განვითარებაში. დაბალანსებული განათლება და გამოცდილება კი ადამიანის შესაძლებლობებს მაქსიამლურად ზრდის.

თითოეულ სტუდენტს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გაცვლითი პროგრამით ან ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ მასში მონაწილეობის მიღება, ვურჩევ, რომ ყოველთვის მზად იყვნენ სიახლისთვის, მიუხედავად სირთულეებისა თუ გამოწვევებისა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ცდა თუ რესურსი დაგჭირდებათ მიზნამდე მისაღწევად, უბრალოდ იცოდეთ, რომ თქვენი შრომა აუცილებლად დაფასდება! აუცილებლად სცადეთ მიიღოთ მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში, რადგან ეს თქვენი პიროვნული თუ სოციალური განვითარების მნიშვნელოვანი გზაა.

ვილნიუსის უნივერსიტეტში ასე ვამბობთ – ,,From here the way leads to stars”. ასე, რომ მივცეთ შესაძლებლობა თითოეულ ნაბიჯს, მოგვიტანოს მნიშვნელოვანი წარმატება”, – აღნიშნა ნიკამ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური