„წარჩინებული სტუდენტის სტიპენდია 300 ლარი გახდება“ – მთავრობის გადაწყვეტილება და დეტალები
2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ორმაგდება სტიპენდიატთა რაოდენობა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა და 5000 სტუდენტი 300 ლარის ოდენობით სტიპენტიას მიიღებს.
ამის შესახებ დღეს, 11 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სხდომის დაწყების წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
“ჩვენ გვაქვს ნიჭიერი, წარჩინებული, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების დახმარება და დაფასება, მათი წახალისება სტუდენტების სტიპენდიების სახით. დღეს მოქმედი პროგრამა ითვალისწინებს დაახლოებით 2 500 სტუდენტზე 150 ლარის სტიპენდიას. ჩვენ ამ სტიპენდიას გავაორმაგებთ და დღეიდან გახდება 300 ლარი თითო სტუდენტზე. 5 000 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას. ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება სიმბოლური იყოს, მაგრამ ეს არის ჩვენგან ჟესტი და დაფასება ჩვენი სტუდენტების. ეს კრიტერიუმები, რომელიც შემუშავდება, დამტკიცდება [განათლების] მინისტრის ბრძანებით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სტიპენდიის მიღების პროცედურაზე განმარტებას აქვეყნებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც:
“განახლებული პროგრამის ფარგლებში სასწავლო წლის 10 თვის განმავლობაში, ოქტომბრიდან ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებული სტუდენტები ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად მიიღებენ 300 ლარიან სტიპენდიას.
რაც შეეხება სტუდენტთა რაოდენობას, თუ აქამდე სტიპენდია გაიცემოდა საშუალოდ 2 500 სტუდენტზე, ახალი სასწავლო წლიდან გაზრდილ სტიპენდიას 5 000 წარმატებული სტუდენტი მიიღებს.
სიახლეა ისიც, რომ უნივერსიტეტი თავად აღარ დაადგენს სტიპენდიატთა შესარჩევ კრიტერიუმებს და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები იხელმძღვანელებენ სტიპენდიატთა შესარჩევი საერთო კრიტერიუმებით, რომლებიც დამტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით.
ახალი შესარჩევი კრიტერიუმები, აკადემიურ მიღწევებთან ერთად, მოიცავს სხვადასხვა სასწავლო სტუდენტურ აქტივობას, მათ შორის, საუნივერსიტეტო, ინტელექტუალურ, სამეცნიერო, შემოქმედებით-კულტურულ, სპორტულ ღონისძიებებსა და იმიტირებულ სასამართლო პროცესებში ჩართულობას. ასევე, კრიტერიუმებში გათვალისწინებულია ისეთი სოციალური ფაქტორები, როგორებიცაა: სოციალურად დაუცველის სტატუსი (ოჯახის სარეიტინგო ქულით 70 000 და ნაკლები), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსი, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრობა (4 და მეტი შვილი) და სხვა.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთებულ დამატებითი განმარტებისას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განაცხადა, რომ სტიპენდია აქამდეც სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს ეხებოდათ და ასეც გაგრძელდება:
“სამინისტრო გამოაქვეყნებს ბრძანებას, რომელშიც გაწერილია ის ქულათა სკალები, რა ქულის შემთხვევაში მიენიჭება სტუდენტს ეს სტიპენდია. ბუნებრივია, აღებულია, წარჩინებული სტუდენტები და შემდგომ ქვემო სვლით, ყველაზე საუკეთესო 5000 სტუდენტი”.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება