GE

აქტივობები პირველკლასელებისთვის წინასაანბანო ეტაპიდან ანბანამდე – ერთი პედაგოგის ნაფიქრი

ავტორი: ინა მეცხვარიშვილი – თბილისის 106-ე საჯარო სკოლის I-IV-კლასების მენტორი მასწავლებელი

წინასაანბანო ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია პირველკლასელებისთვის, რადგან ამ პერიოდში ფორმირდება ის საფუძველი, რაზეც შემდეგ უკვე წერა–კითხვა და სხვა სასწავლო უნარები აიგება. მასწავლებელმა აქ ყურადღება უნდა გაამახვილოს არა უშუალოდ ანბანზე, არამედ მოსწავლის მეტყველების, ყურადღების, მოსმენისა და მოტორიკის განვითარებაზე.

ძირითადი მიმართულებები, რაზეც უნდა ვიმუშაოთ:

მეტყველების განვითარება

მოსმენისა და გაგების უნარი (ზუსტი მოსმენა, დავალების შესრულება მოსმენილის მიხედვით), სიტყვების დაყოფა მარცვლებად, ბგერების ამოცნობა, მსგავსებისა და განსხვავების აღმოჩენა, ზეპირმეტყველების აქტივობები – მოყოლა, გადმოცემა, როლური თამაშები.

ფონემატური სმენა

ბგერების გარჩევა და გამოკვეთა სიტყვებში, მსგავსი ბგერების განსხვავება (მაგ: ბ-პ, გ-კ), სიტყვების შედგენა და დაშლა ბგერებად.

შევაჩვიოთ ბავშვები ზეპირად ამ ყველაფერზე მუშაობას.

მოტორული უნარები

წვრილი მოტორიკა (ხატვა, ხაზვა, მოჭრა, შეღებვა, მოდელირება), ხელის მომზადება წერისთვის (ხაზების, ოვალების, წრეების, ტალღების გავლება), თვალ-ხელის კოორდინაცია.

კოგნიტიური უნარები

ყურადღება და მეხსიერება (დამახსოვრება, მოკლე დავალებების შესრულება), აზროვნების აქტივობები (დალაგება, ჯგუფებად დაყოფა, შედარება), ლოგიკური ჯაჭვის აგება (რა მოხდა პირველად, შემდეგ და ბოლოს).

სოციალური და ემოციური უნარები

ჯგუფში მუშაობა, წესების დაცვა, ტოლერანტობა, საკუთარი აზრის გამოხატვა და სხვისი მოსმენა, თვითშეფასების განვითარება.

საგანმანათლებლო თამაშები

ზღაპრების მოსმენა და განხილვა, სახალისო ენის და რითმის თამაშები, ნახატებისა და ისტორიების მოყოლა.

წინასაანბანო ეტაპის მთავარი მიზანია, რომ მოსწავლეს შევუქმნათ წერისა და კითხვის შესწავლის ბუნებრივი და სტაბილური საფუძველი და არა პირდაპირ ანბანის დაზეპირება.

აქტივობების იდეები, რომლებიც წინასაანბანო ეტაპზე პირველკლასელებთან შეგიძლიათ გამოიყენოთ:

მეტყველების განვითარება

ზღაპრის მოსმენა და განხილვა – მასწავლებელი კითხულობს მოკლე ზღაპარს, ბავშვები პასუხობენ კითხვებზე („ვინ იყო მთავარი გმირი? რა მოხდა ბოლოს?“);
როლური თამაშები – ბავშვები იმეორებენ პერსონაჟის სიტყვებს ან მოძრაობებს;
სიტყვის გაგრძელება – მასწავლებელი იწყებს წინადადებას, ბავშვი ასრულებს („საღამოს, როცა სახლში მივედი…“).

ფონემატური სმენა

ბგერის ამოცნობა – მასწავლებელი ამბობს სიტყვას და ბავშვები პოულობენ, რომელი ბგერით იწყება;
თამაში „კატა-ვატა-ბატა“ – ბავშვებმა უნდა მოძებნონ მსგავსბგერიანი სიტყვები.

წვრილი მოტორიკა

ქაღალდის გამოჭრა სხვადასხვა ფიგურად;
ხაზების, ტალღების, სპირალების გავლება რვეულში;
პლასტილინით ან თიხით პატარა ფორმების გამოძერწვა.

კოგნიტიური უნარები

სურათების დალაგება მოსმენილის მიხედვით, თანმიმდევრობით („პირველად-მერე-ბოლოს“);
დაჯგუფება – ნივთების ფერების, ზომის, ფორმის მიხედვით;
მეხსიერების თამაში – მაგალითად, მაგიდაზე დევს 5 საგანი, ბავშვები ათვალიერებენ და უნდა დაიმახსოვრონ და ჩამოთვალონ.

სოციალური და ემოციური უნარები

წრეში თამაში – „გადაეცი ბურთი და შეაქე მეგობარი“;
ემოციების ბარათები – ბავშვები აჩვენებენ სიხარულს, სევდას, გაბრაზებას და ჰყვებიან, როდის გრძნობენ თავს თითოეულის შემთხვევაში;
თანამშრომლური დავალება – დიდ ფურცელზე ჯგუფურად დახატონ ერთი საერთო ნახატი.

საგანმანათლებლო თამაშები

„რომელია ზედმეტი?“ – სამი ნივთიდან უნდა ამოარჩიონ ზედმეტი;
ენობრივი თამაშები – ენის გასატეხები, ტუჩების სავარჯიშოები.

ამ აქტივობებით ბავშვები ემოციურადაც ემზადებიან და უნარებსაც გამოიმუშავებენ, რომ შემდეგ ანბანზე გადასვლა ბუნებრივად და მარტივად მოხდეს.

ასევე იხილეთ: 

რა გზა გაიარა „დედა ენამ“ დღევანდელობამდე და როგორ უნდა გადავარჩინოთ ის – კიდევ ერთხელ „დედაენაზე“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური