GE

ხელფასი, როგორც „გამოცანა“ – როგორ შეიძლება, მასწავლებელი ისმენდეს ფრაზას: „საათზე, დაახლოებით, 2 ლარი გემატება“?!

2027 წლიდან საჯარო სკოლის მასწავლებლების საათობრივი ხელფასის ზრდა რომ “დაახლოებით, 2 ლარით” არის დაგეგმილი, პროფესიული წრეებში მწვავე გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა. მაგრამ რას მივიღებთ, თუკი ხისტ კრიტიკას ცოტა ხნით გვერდით გადავდებთ და ვიკითხავთ – რამდენად ადეკვატურია საათზე, დაახლოებით, 2-ლარიანი მატება იმ მასწავლებლისთვისაც კი, რომელსაც კვირაში დატვირთვა 19 ან თუნდაც 24 საათი აქვს?

დღეს არსებული სახელფასო პოლიტიკის გამო, ერთდროულად სამი სხვადასხვა სკოლიდან წასული, ტექნოლოგიების მენტორი მასწავლებელი, მზია კახაძე EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული საათობრივი ბადე არ უნდა იქცეს მასწავლებლის ფინანსური დაუცველობის მიზეზად.

მზია კახაძე: მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მოქმედი მასწავლებელი აღარ ვარ, მენტორი მასწავლებლის სტატუსი მაქვს და განათლების სისტემაში თითქმის სამი ათწლეულის გამოცდილება მაძლევს შესაძლებლობას, ამ საკითხს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ხელფასის, არამედ მთლიანად სისტემის პერსპექტივიდან შევხედო.

მენტორის სტატუსი წლების განმავლობაში არ იყო უბრალოდ წოდება. ის ნიშნავდა პროფესიული განვითარების გარკვეული გზის გავლას, გამოცდილებასა და მაღალ პროფესიულ პასუხისმგებლობას. მოქმედი წესით კი მენტორისთვის გათვალისწინებულია 300-ლარიანი ფუნქციური დანამატი და ისიც ფუნქციის შესრულებას უკავშირდება.

ჩემთვის კიდევ უფრო პრობლემურია მცირე საათიანი საგნების მასწავლებლების მდგომარეობა. მაგალითად, ტექნოლოგიების მასწავლებელს ხშირად ფიზიკურად არ აქვს შესაძლებლობა, ერთ სკოლაში 18 ან 20 საათი დააგროვოს – არა იმიტომ, რომ ნაკლებად კვალიფიციურია ან ნაკლებს მუშაობს, არამედ იმიტომ, რომ სასწავლო გეგმაში მის საგანს მცირე საათობრივი ბადე აქვს.
ასეთ ადამიანს ხელფასით „დასჯა“ იმ გარემოების გამო, რომელსაც თვითონ ვერ განსაზღვრავს, სამართლიან სახელფასო პოლიტიკად არ მიმაჩნია.

მით უმეტეს, როდესაც მასწავლებელს მუდმივად გარდამავალ რეჟიმში ვაცხოვრებთ: დღეს ეუბნები, რომ ეს წესი ამოქმედდება, შემდეგ ვადას უწევ, შემდეგ ისევ ცვლი პირობებს. 2026 წელსაც გარკვეული მოთხოვნების ამოქმედება 2027–2028 სასწავლო წლამდე გადაიდო.

მასწავლებელი არ უნდა ცხოვრობდეს მუდმივ მოლოდინში მომავალ სექტემბერს იგივე ხელფასი ექნება, ნაკლები ექნება თუ საერთოდ ახალი ფორმულა დახვდება.

ეს არის პროფესია, რომელშიც ადამიანს სტაბილურობა უნდა ჰქონდეს. მასწავლებელს არ უნდა უწევდეს ყოველ წელს საკუთარი უკვე მოპოვებული პროფესიული მდგომარეობის თავიდან დაცვა.

– EDU.ARIS.GE: რამდენად ადეკვატურია საათზე, დაახლოებით, 2-ლარიანი მატება იმ მასწავლებლისთვისაც კი, რომელსაც კვირაში 19 ან თუნდაც 24 საათი აქვს?

– როგორ შეიძლება, მასწავლებელი ისმენდეს ფრაზას „საათზე დაახლოებით 2 ლარი გემატება“?!
თუ ეს ზრდა კვირაში საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე დაახლოებით 2 ლარით დაითვლება, 19-საათიანი დატვირთვის მქონე მასწავლებლისთვის საუბარია დაახლოებით 38 ლარზე თვეში, ხოლო 24 საათის შემთხვევაში – დაახლოებით 48 ლარზე. საბოლოო ფორმულა ჯერ განათლების სამინისტროს უნდა წარმოადგინოს, ამიტომ ეს არის სწორედ იმ განცხადებაზე დაყრდნობილი საორიენტაციო გაანგარიშება.

და აქ უკვე საზოგადოებამ თვითონ განსაჯოს, რას ნიშნავს 2027 წელს მასწავლებლისთვის 38 ან 48 ლარით ხელფასის ზრდა.

მასწავლებელი მხოლოდ იმ 45 წუთს არ მუშაობს, რომელსაც კლასში ატარებს.

  • გაკვეთილს მომზადება სჭირდება;
  • ნამუშევარს – შემოწმება;
  • მოსწავლეს – ინდივიდუალური მხარდაჭერა;
  • მშობელს – კომუნიკაცია;
  • სკოლას – დოკუმენტაცია;
  • მასწავლებელს – მუდმივი პროფესიული განვითარება.

ამ ყველაფრის შემდეგ ხელფასის ზრდის მთავარ ამბად საზოგადოებას ვთავაზობთ „საათზე დაახლოებით ორ ლარს“.

და ყველაზე პარადოქსული ისევ მცირე საათიანი საგნების შემთხვევაა.

თუ ადამიანს, მაგალითად, მხოლოდ 5 ან 6 საათის აღება შეუძლია იმიტომ, რომ მის საგანს სკოლაში მეტი საათი უბრალოდ არ აქვს, ვინ ფიქრობს ამ მასწავლებელზე? მისი მცირე დატვირთვა არ ნიშნავს, რომ მასწავლებელმა ნაკლები პროფესიული გზა გაიარა ან მისი კვალიფიკაცია ნაკლებია.

სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული საათობრივი ბადე არ უნდა იქცეს მასწავლებლის ფინანსური დაუცველობის მიზეზად.

მე ამას სამართლიან სახელფასო სისტემას ვერ დავარქმევ.

ხელფასის ზრდა უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მასწავლებელი საკუთარ ეკონომიკურ მდგომარეობაში რეალურ ცვლილებას გრძნობს და არა იმას, რომ კალკულატორი გვჭირდება იმის საჩვენებლად, რამდენი ათეული ლარი დაემატა.

– შეუძლია თუ არა განათლების სამინისტროს ცალ-ცალკე გაზარდოს სტატუსის და დამრიგებლის დანამატი, როგორც გიორგი კაკაურიძე ამბობს?

– ტექნიკურად და სამართლებრივად – დიახ, შეუძლია, რადგან ეს დღესაც სხვადასხვა სახელფასო კომპონენტია. მოქმედი წესით კლასის დამრიგებლობის დანამატი ცალკეა, ასევე ცალკე არსებობს წამყვანი და მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატები.

ამიტომ საკითხი ის კი არ არის, შეუძლია თუ არა სამინისტროს მათი ცალ-ცალკე შეცვლა. საკითხავია – რას ეძახის სახელმწიფო 8.4%-იან სახელფასო ზრდას და საბოლოოდ კონკრეტულ მასწავლებელს რა ემატება?

თუ საზოგადოებას ეუბნები, რომ საჯარო სექტორში ხელფასი საშუალოდ 8.4%-ით იზრდება, მასწავლებელს არ უნდა დასჭირდეს რამდენიმე უწყების განცხადების ერთმანეთთან შეჯერება იმის გასარკვევად, თვითონ რამდენი ლარი მოემატება.

ჯერ გვესმის – საათზე დაახლოებით 2 ლარი.
შემდეგ – შესაძლოა, სტატუსის დანამატიც გაიზარდოს.
შემდეგ – დამრიგებლის დანამატიც ცალკე დაითვლება.
და საბოლოო განაწილებას მოგვიანებით განათლების სამინისტრო გვეტყვის – რატომ უნდა იყოს საკუთარი ხელფასი მასწავლებლისთვის გამოცანა?

სახელფასო პოლიტიკა სწორედ იმიტომ ჰქვია პოლიტიკას, რომ უნდა იყოს წინასწარ ჩამოყალიბებული, გასაგები, პროგნოზირებადი და სამართლიანი.

მასწავლებელმა წინასწარ უნდა იცოდეს:

  • რა ღირს მისი საათი;
  • რა ფასი აქვს მის გამოცდილებას;
  • რა მნიშვნელობა აქვს მის პროფესიულ სტატუსს;
  • რამდენად ფასდება დამატებითი პასუხისმგებლობა;
  • და რა გარანტია აქვს, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე თვეში ისევ არ შეიცვლება.

ყველაზე პრობლემური ჩემთვის სწორედ ეს მუდმივი დროებითობაა.

ასეთ გარემოში როგორ უნდა მოსთხოვო მასწავლებელს გრძელვადიანი პროფესიული მოტივაცია?

მასწავლებლის ღირსება მხოლოდ ლამაზი სიტყვებით და 5 ოქტომბერს მილოცვით არ იზომება.
ის იზომება იმითაც, რამდენად აფასებს სახელმწიფო მის შრომას ყოველდღიურად, რამდენად პროგნოზირებადია მისი შემოსავალი და რამდენად მშვიდად შეუძლია ადამიანს დაგეგმოს საკუთარი მომავალი.

მე არ მინდა მასწავლებელი მუდმივად მადლობელი იყოს იმისთვის, რომ რაღაც არ დააკლეს ან არსებული პირობა კიდევ რამდენიმე თვით გაუგრძელეს. მასწავლებელს სჭირდება მკაფიო უფლება, სტაბილური წესი და ღირსეული ანაზღაურება – არა მუდმივი მოლოდინი, რას გადაწყვეტენ მის ხელფასზე შემდეგ ჯერზე.

ამავეე თემაზე:

„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური