GE

„ხულოში მცხოვრები აბიტურიენტების უმეტესობა პედაგოგების გარეშე ვემზადებით“ – შეფასებები მაღალმთიანი აჭარიდან

ხულოს საგამოცდო ცენტრში EDU.ARIS.GE წელს პირველად იმყოფება და პირველი, რაც აქ თვალში მოგვხვდა, და ჩვენთვის უჩვეულოა, ეს არის აბიტურიენტების სიმცირე. ხულოს საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში 2023 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს სულ 175 აბიტურიენტი აბარებს. დასწრება კი აქ შესაშურია, დღევანდელი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე 58 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული და მხოლოდ ერთი არ გამოცხადდა. როგორც საგამოცდო ცენტრის კოორდინატორი გვიხსნის, პირველმა დღემ ხარვეზების გარეშე ჩაიარა და არცერთი დაგვიანების შემთხვევა არ ჰქონიათ.

აბიტურიენტები აქ ბევრად დინჯები არიან, არც დროის ამოწურვამდე უჩქარიათ საგამოცდო ცენტრის დატოვება და არც ბევრი რეპეტიტორით შეუძლიათ თავი მოიწონონ, თუმცა თავიანთი თავისა და ცოდნის იმედი აქვთ.

EDU.ARIS.GE პირველი სესიიდან გამოსულ გამოსაცდელებს გაესაუბრა და როგორც საკითხებით, ისე იმ გარემოთი დაინტერესდა, რომელშიც აბიტურიენტებს ტესტირება მოუწიათ.

დიანა კახაძემ საგამოცდო ცენტრი გამოცდის დასრულებამდე 5 წუთით ადრე დატოვა. ამბობს, რომ ის დრო, რაც საგამოცდო დარბაზში გაატარა, სრულებით საკმარისი იყო ტესტის შესასრულებლად.

„ესე ამპარტავან ადამიანზე დავწერე. საინტერესო თემა იყო და შევეცადე, რომ მაქსიმალურად ხატოვნად აღმეწერა ის, თუ რას ვფიქრობ ამ მანკიერ თვისებაზე. ქართულ ენასა და ლიტერატურაში რეპეტიტორთან არ მივლია, სახლიდან ვემზადებოდი. სკოლაში მიღებული განათლებისა და საკუთარი ინტელექტის იმედზე ვარ. ხულოში მცხოვრები აბიტურიენტების უმეტესობა, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სწორედ ჩემსავით ემზადება, კონკრეტულად კი დამატებითი პედაგოგების გარეშე. ამის შემდეგ გამოცდა ინგლისურ ენაში მაქვს და საერთოდ არ ვნერვიულობ“, – უთხრა ჩვენს ჟურნალისტს სოფელ დიოკნისის სკოლის კურსდამთავრებულმა ხულოდან.

„გამოცდების ამ მოდელით კვლავ არათანაბარ პირობებში არიან აბიტურიენტები“ – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული

გიორგი მახარაძე კი გვიმხელს, რომ მაღალი ქულების დიდი მოლოდინი არ აქვს და იმასაც ამბობს, თავის თავს რა ქულით შეაფასებდა.

ამბობს, რომ გარემო მოეწონა, რადგან სკოლა ინფრასტრუქტურულად გამართულია და გამოცდა დიდ სივრცეში წერეს. აბიტურიენტები არც სიცხეს შეუწუხებია, რადგან ხულოში, დაბლობთან შედარებით მკაცრი კლიმატია.

„მარტივი ტესტი იყო და საერთოდ არ გამიჭირდა. მომზადებული ვიყავი. აკაკი წერეთლის ნაწარმოები შემხვდა, კარგად მაქვს დამუშავებული მისი ნამუშევრები. საერთოდ არ დავიბენი, თუმცა ემოციურად მაინც ნერვული განგაში მქონდა ჩართული, დროში რომ მომესწრო ყველაფრის დაწერა, რაც ვიცოდი. დიდი მოლოდინი არ მაქვს მაღალი ქულების და ჩემს თავს 30 ქულას დავუწერდი“, – გვითხრა სოფელ ჩაოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური