GE

„ყოველთვის მეცნიერების განვითარების ავანგარდში“ – CIU-მ პრემია „თამარის“ გამარჯვებულები გამოავლინა

17 ივლისს, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) სამეცნიერო პრემიის, სახელწოდებით „თამარი“, რიგით მეოთხე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. პრემია, რომელიც CIU-მ 2017 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დააფუძნა, მიზნად ისახავს სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირებასა და სამეცნიერო პერსონალის მიერ გაწეული შრომის ღირსეულად დაფასებას.

პრემიას სახელწოდება კავკასიაში პროგრესული და ჰუმანური პოლიტიკის გამტარებლის, ინტელექტუალთა და ხელოვანთა მფარველის, საქართველოს მეფის, თამარის საპატივსაცემოდ დაერქვა და ის კონკურსის წესით CIU-ში მოღვაწე მეცნიერებს ენიჭებათ. წელს „თამარს“ დაემატა პრემია ახალ ნომინაციაში – „გამორჩეული სამეცნიერო მიღწევებისთვის“, რომლითაც საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე წარმატებული მეცნიერი ჯილდოვდება.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ კონკურსში CIU-ს ყველა აფილირებული პროფესორი მონაწილეობდა, მათგან 22-მა კი, სამეცნიერო პრემიის მაღალი კრიტერიუმები დააკმაყოფილა. საბოლოოდ, ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ პრემია „თამარის“ სხვადასხვა საპრიზო ადგილის მფლობელები:

I ხარისხის პრემიის მფლობელი სოფიო რიგვავა გახდა; II ხარისხის პრემია მაგდა თორთლაძეს გადაეცა, ხოლო III ხარისხის პრემია ნინო მინდიაშვილს ერგო.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებშიც: „გამორჩეული სამეცნიერო მიღწევებისთვის“ – შვეიცარიაში, ჟენევაში მოღვაწე ქართველი კარდიოქირურგი, თორნიკე სოლოღაშვილი; „ახალგაზრდა მეცნიერი“ – შენგელი კიკილაშვილი.

გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო გადაეცათ: პრემია „გამორჩეული სამეცნიერო მიღწევებისთვის“ – 4 000 ლარი; I პრემია – 3 500 ლარი; II პრემია – 2 500 ლარი; III პრემია – 2 000 ლარი; პრემია „ახალგაზრდა მეცნიერი“ – 1 500 ლარი. ფულადი ჯილდოს გარდა, „თამარის“ ლაურეატებმა კომპანია „ზარაფხანაში“ სპეციალურად ამ პრემიისთვის შექმნილი მედლებიც მიიღეს.

ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსმა, სესილი გოგიბერიძემ გახსნა. აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარდგნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი, პოეტი ტარიელ ხარხელაური და გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი მზია ქუთათელაძე.

როგორც EDU.ARIS.GE-ს I ხარისხის პრემიის მფლობელმა, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, სოფიო რიგვავამ განუცხადა, ჯილდო მისთვის დიდი პატივია, მით უფრო, რომ პრემია სიმტკიცისა და განვითარების სიმბოლოდ ქცეული ქართველი მეფის – თამარის სახელობისაა:

„მეცნიერების გარეშე განვითარება წარმოუდგენელია. ჩემთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ თამარ მეფის სახელობის არის. მეფის, რომელიც სიმტკიცისა და განვითარების სიმბოლოა. მე მიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებ და ვთვლი, რომ უბრალოდ ჩემს მოვალეობას ვასრულებ და არაფერს განსაკუთრებულს. იმედი მაქვს, რომ მეცნიერება იქნება ყველაზე მთავარი ძალა, რადგან ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე გარდამქმნელი ძალა, რომელსაც შეუძლია, მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალოს“.

„გამორჩეული სამეცნიერო მიღწევებისთვის“ ნომინაციაში გამარჯვებული, ბავშვთა კარდიოქირურგი, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ბავშვთა კარდიოქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი, თორნიკე სოლოღაშვილი კი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სამეცნიერო პრემიის ლაურეატობა, ღვაწლის დაფასებასთან ერთად, დიდი სტიმულია.

„ჩემთვის ეს ჯილდო დიდი პატივია. ეს არის დაფასება ჩემი მცირე ღვაწლის, რასაც ვაკეთებ ჩემი ქვეყნისა და ქართველი ბავშვებისთვის. ჩამოვდივარ დრო და დრო და ვაკეთებ აქ ოპერაციებს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გადაწყვიტა ამ ღვაწლის დაფასება, რისთვისაც მადლობა ვახტანგ წივწივაძეს, კახაბერ კორძაიას, სესილი გოგიბერიძეს. დიდი სტიმულია ადამიანისთვის, როდესაც მისი ღვაწლი ფასდება. ეს მის მოტივაციასა და შრომის უნარზე დადებით გავლენას ახდენს“,- აღნიშნა თორნიკე სოლოღაშვილმა.

სამეცნიერო პრემიისა და მეცნიერების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე გვესაუბრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია. მისი თქმით, CIU ყოველთვის მეცნიერების განვითარების ავანგარდში დგას.

„უკვე რვა წელია, რაც პრემია „თამარი“ არსებობს. ჩვენ გამოვარჩევთ ხოლმე ჩვენს უნივერსიტეტში მოღვაწე განსაკუთრებული შედეგების მქონე მეცნიერებს და ასევე, საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მეცნიერს, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. ამას ძალიან დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ეს არის ჩვენი მეცნიერების დაფასება და მათ ამ პრემიის მიღების შემდეგ ეძლევათ სტიმული, რომ გაორმაგებით იმუშაონ. უნივერსიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი მისია მეცნიერების ხელშეწყობაა. ჩვენს უნივერსიტეტში ამას ყოველთვის დიდი ყურადღება ექცევა და ყოველთვის მეცნიერების განვითარების ავანგარდში ვდგავართ.

„ყოველ წელს ვცდილობთ, სიახლე გვქონდეს და წელს დავაჯილდოვეთ თორნიკე სოლოღაშვილი, რომელიც შვეიცარიაში მოღვაწეობს. ის ყოველ ორ-სამ თვეში ერთხელ საქართველოში ოპერაციებს ატარებს. მას აქვს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი შრომები გამოქვეყნებული თავის დარგში და ერთ-ერთ წარმატებულ მეცნიერად ითვლება“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს კახაბერ კორძაიამ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სამეცნიერო პრემია „თამარის“ საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე სესილი გოგიბერიძე კი გვეუბნება, რომ პრემიას განსაკუთრებულობას სახელწოდებაც ანიჭებს, მისი თქმით, „ყველა ადამიანს, რომელიც მისი მფლობელი ხდება, ამ ჯილდოს მიმართ ერთგვარი მოწიწება აქვს“.

„პრემია „თამარი“ გაიცემა ორ ან სამ წელიწადში ერთხელ და მას იღებენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორები, რომლებიც აქტიურად არიან ჩაბმული სამეცნიერო საქმიანობაში; ჟურნალებში, მაღალი ხარისხის აკადემიურ-სამეცნიერო გამოცემებში სტატიებს აქვეყნებენ; მოიპოვებენ გრანტებს, რათა მათი პროექტები განხორციელდეს. ეს არის სტიმული, შრომის დაფასება და ფართო ჰორიზონტების გაშლა ჩვენი მეცნიერებისთვის.

„თამარი“ გამორჩეულია თავისი სახელითაც. სახელი ხომ პრემიას განსაკუთრებულობას ანიჭებს. ყველა ადამიანს, რომელიც მისი მფლობელი ხდება, ამ ჯილდოს მიმართ ერთგვარი მოწიწება აქვს. ჩვენ გვყავს აღიარებული მეცნიერები, რომლებიც წინა წლებში გახდნენ „თამარის“ გამარჯვებულები: მინდია უგრეხელიძე, სოფიო კასრაძე, დავით მაღრაძე. ამ ადამიანების გვერდით დადგომა, მე ვფიქრობ, ახალგაზრდა მეცნიერებისთვის ძალიან დიდი სტიმულის მომცემი უნდა იყოს“, – აღნიშნა სესილი გოგიბერიძემ.

ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, საქართველოს საპატრიარქოს, სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა.

ცნობისთვის, გასული 8 წლის განმავლობაში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ზრდა სამეცნიერო პუბლიკაციებსა და კვლევით აქტივობაში:

  • საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნდა 300-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, მათ შორის 114 – Scopus-ისა და Web of Science Core Collection-ის ბაზებში;
  • უნივერსიტეტის აფილირებულმა პერსონალმა მონაწილეობა მიიღო 130-ზე მეტ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში;
  • 40-ზე მეტი კვლევა განხორციელდა საერთაშორისო მეცნიერებთან თანამშრომლობით;
  • მოპოვებულია საგრანტო დაფინანსება წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუტებიდან, მათ შორის: „ჰორიზონტი ევროპა“, CIF, DAAD;
  • ბოლო სამ წელიწადში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსებში გაიმარჯვა 14 პროექტმა, მათ შორის არის 5 საგრანტო პროექტი ფუნდამენტური კვლევებისთვის;
  • დაარსდა უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც უკვე ინდექსირებულია ERIH PLUS-ისა და Index Copernicus-ის სამეცნიერო ბაზებში.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური