GE

„ყველა საჯარო სკოლაში, ერთი-ორის გამოკლებით, სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში დაიწყება“ – განათლების მინისტრი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით არსებულ 2 086 საჯარო სკოლაში, „ერთი-ორის გამოკლებით“, სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება.

როგორც გივი მიქანაძემ დღეს, 8 სექტემბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, იმ სკოლებში, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა, სწავლის დაწყება რამდენიმედღიანი დაგვიანებით იქნება შესაძლებელი.

„მე, ფაქტობრივად, არ ვუშვებ იმ გარემოებას, რომ სადმე სასწავლო პროცესმა გადაიწიოს. მინდა დაგარწმუნოთ – სამინისტრო მიიღებს ყველა ზომას და 15 სექტემბერს ყველა სკოლაში – მთელი ქვეყნის მასშტაბით 2 086 საჯარო სკოლაა – სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში დაიწყება – შესაძლოა, ერთი-ორის გამოკლებით, სადაც გარკვეული ინფრასტრუქტურული კომპონენტები ბოლოსკენ მიდის და შეიძლება, რამდენიმედღიანი დაგვიანება იყოს. ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად მზად ვართ. კიდევ ერთი კვირა გვაქვს, ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს და მინდა გითხრათ, რომ მთელი სამინისტროს შესაბამისი უწყებები მაქსიმალურად მობილიზებული არიან 24-საათიან რეჟიმში, რომ ეს მოთხოვნილებები უზრუნველყონ.

რაც შეეხება შესაბამისი სახელმძღვანელოებით თუ ინვენტარით აღჭურვას, ეს საკითხი მაქსიმალურ კონტროლზე დგას. ინვენტარი და სახელმძღვანელოები შეძენილია. დღესაც, უწყვეტ რეჟიმში, ფაქტობრივად, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლების უზრუნველყოფა“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

განათლების მინისტრის განმარტებით, სკოლების რეაბილიტაციის პროცესში, ვადის გადაცილების შემთხვევები ფიქსირდება, რაც არაკეთილსინდისიერ შემსრულებლებთან არის დაკავშირებული.

„პრემიერ-მინისტრის დაპირება ინფრასტრუქტურის განახლებასთან დაკავშირებით ძალაშია და ეს პროცესები გრძელდება… ამ სასწავლო წლისთვის, დაახლოებით, 50 სკოლის ფარგლებში სრულიად განახლებული ან ახლადაშენებული შეემატება ჩვენს ქვეყნას. ეს არის იმ დაპირების გაგრძელება, რომელიც რამდენიმე ასეული სკოლის სრულ რეაბილიტაციასა და ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებას ეხება.

„გვესმის, რომ შეიძლება, ეს გარკვეულწილად დისკომფორტის მომცემი იყოს მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის, მაგრამ ეს პროცესი მიმდინარეობს იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა ცოდნის მიღება, აღზრდა უფრო ჯანსაღ და განახლებულ გარემოში შეძლონ.

„მსხვილმასშტაბიანი ინიციატივა და მისი განხორციელება გარკვეულ დროს და ძალიან მნიშვნელოვან რესურსებს ეხება. რიგ შემთხვევებში გვაქვს ვადის გადაცილება, რაც სამწუხაროდ, დაკავშირებულია არაკეთილსინდისიერ შემსრულებელთან. ამ კუთხით მაქსიმალურად ვდგამთ ნაბიჯებს, რომელიც კანონის ფარგლებიდან გამომდინარეა და რიგ შემთხვევებში, ეს ერთგვარი დაყოვნების კომპონენტია“, – აღნიშნა მინისტრმა.

ასევე იხილეთ:

თბილისსა და რეგიონებში სკოლის მანდატურები ესაჭიროებათ – გამოცხადებული კონკურსის ვადები და პირობები

მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური