GE

ზეიმის ნაცვლად „აქტივობა“ – რა სახელით ჩაანაცვლეს და როგორ ტარდება საბავშვო ბაღებში საახალწლო ღონისძიებები

როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, საბავშვო ბაღებში საახალწლო ღონისძიებები აქტიურად ტარდება, თუმცა სხვა სახელით – ზეიმის ნაცვლად ახლა მას „საახალწლო აქტივობას“ უწოდებენ. საბავშვო ბაღების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ აქტივობების დროს კორონაპანდემიის მიზეზით დადგენილ რეგულაციებს იცავენ, თუმცა ყველა აღნიშნავს, რომ პატარებთან დაწესებული შეზღუდვების სრულად განხორციელება წარმოუდგენელია.

როგორც თბილისის ბაღების მართვის სააგენტოში 21 დეკემბერს განგვიმარტეს, საბავშვო ბაღებში საახალწლო აქტივობა ჩვეულებრივ თემატურ აქტივობად ითვლება და განსაკუთრებული რეგულაციები ამისთვის არ არსებობს, მსგავსი ტიპის აქტივობები მთელი წლის განმავლობაში ისედაც ტარდება.

საახალწლო აქტივობები საბავშვო ბაღების დიდ დარბაზებში ტარდება. საზეიმო ტანისამოსში გამოწყობილი პატარებისთვის თოვლის პაპას როლს ხშირ შემთხვევაში ბაღის აღმზრდელი ან დარაჯი ასრულებს, რადგან, ბაღს უფლება არ აქვს, შენობაში უცხო პირი ან თუნდაც ბავშვების მშობლები დაასწროს საახალწლო ღონისძიებას.

როგორც ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღმზრდელი გვიყვება, საახალწლო აქტივობა ყველა ჯგუფისთვის სხვადასხვა დღეს ტარდება. ღონისძიებას ესწრება ჯგუფის პედაგოგი აღმზრდელთან ერთად, ბაღის დირექტორი, მუსიკისა და ცეკვის მასწავლებელი. მისი ინფორმაციით, მშობლების დასწრება შეზღუდულია.

„აუცილებელი დირექტივაა, რომ საახალწლო აქტივობა ჩატარდეს დიდ დარბაზში. დარბაზს შესასვლელი ცალკე აქვს და გამოსასვლელი ცალკე, რომ რეგულაცია დავიცვათ. ბავშები ამბობენ ლექსებს, ზოგი – ცეკვავს, ზოგი – მღერის. არ შეიძლება არც მშობლების დასწრება და არც – ფოტოგრაფის, თუ ოპერატორის. თუ მშობელს უნდა, საზეიმო სამოსში ინდივიდუალურად გადაუღოს თავის შვილს ფოტო, შეუძლია, გარე სივრცეში გაიყვანოს და გადაუღოს თოვლის პაპასთან, დარბაზში არ ვუშვებთ. თოვლის პაპის თუ სანტას გოგოს ფორმებიც ჩვენ თვითონ ჩავიცვით და დავურიგეთ საჩუქრები. ჩვენ ვუღებთ ფოტოებს და ვიდეოებს, თუმცა მშობლებს ხშირად ეს გადაღებული არ მოსწონთ და აპროტესტებენ. ამ პანდემიურ სიტუაციაში ყველაფერს რომ იღონებ ბავშვების ბედნიერი სახეებისთვის და მადლობის მაგივრად საყვედურს მიიღებ, ძალიან საწყენია“, – ამბობს ბაღის აღმზრდელი.

როგორც ბაღების თანამშრომლები EDU.ARIS.GE-ს უყვებიან, ჩატარებულ აქტივობებს, ჯგუფის ბავშვების დაახლოებით ნახევარი ან უფრო ნაკლებიც ესწრება, რადგან მშობლები მაინც ერიდებიან შვილების ასეთ ღონისძიებაზე დასწრებას. საბავშვო ბაღებს ყველა აღსაზრდელისთვის დედაქალაქის მერიამ საახალწლო საჩუქრები გააგზავნა (საჩუქრები ბაღების მართვის სააგენტოს ბიუჯეტით ფინანსდება ავტ.). ამ საჩუქრებს ის ბავშვებიც იღებენ, ვინც საახალწლო აქტივობას არ ესწრება.

„ეს საჩუქრები, სადაც შოკოლადებია მოთავსებული, ძალიან ლამაზადაა შეფუთული და ყველა აღსაზრდელზეა გათვლილი. რომელი ბავშვიც არ ესწრება ღონისძიებას, მოდის მშობელი და მიაქვს ის საჩუქარი. ერთმა გვითხრა, არ მინდა, პედაგოგებმა მიირთვითო, მაგრამ ჩვენმა დირექტორმა უპასუხა, თუ არ წაიღებთ, უკან უნდა დავაბრუნოთ, რადგან უფლება არ გვაქვს, ჩვენ მოვკიდოთ ხელიო“, – ამბობს ბაღის აღმზრდელი.

საახალწლოდ საბავშვო ბაღები საზეიმოდაც მოირთო. დირექტივების მიხედვით, საახალწლო ფიფქები თუ სათამაშოები ბაღის აღმზრდელებმა და მათმა თანაშემწეებმა საკუთარი ხელით, ბავშვებთან ერთად დაამზადეს.

„ჯგუფებში ჭერი, ფანჯრები მოვრთეთ ფიფქებით და სხვა დეტალებით და ყველაფერი ჩვენი ხელით გავაკეთეთ და ბავშვებიც დავიხმარეთ. გარედან არც სათამაშოს შეტანა შეიძლება და არც არაფერის. აჭერინებ ხელში მაკრატელს და ეხმარები. ამით ძალიან ბედნიერები არიან“, – ამბობს აღმზრდელი, რომელიც ამავე დროს აღნიშნავს, რომ ბავშვებთან არსებული რეგულაციების მკაცრად დაცვა შეუძლებელია.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა რეგულაცია დავიცვათ, მაგრამ ბოლომდე უსაფრთხო გარემოს დაცვა ბაღში შეუძლებელია. საახალწლო აქტივობის დროს უფროა ეს შესაძლებელი – რადგან დიდი დარბაზია, შორი-შორს დააყენებ, წრეს გააკეთებ… ჩვენ ყველას კი გვიკეთია პირბადე, მაგრამ ბავშვებს არა და, შესაბამისად, ბოლომდე დაცულები არ არიან“, – გვითხრა ბაღის თანამშრომელმა.

საბავშვო ბაღებისთვის დაწესებული მკაცრი რეგულაციების მიუხედავად, საახალწლო აქტივობების შესასრულებლად დაშვებულ უფლებას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ საბავშვო ბაღების თანამშრომლები, რადგან პატარების გაბრწყინებული სახეების ნახვა ერთ სიცოცხლედ უღირთ.

თბილისის 101- საჯარო ბაღის აღმზრდელის თანაშემწე, ნინო მელქაძე ამბობს, რომ ბავშვებს საახალწლო აქტივობაზე წარმოდგენილ თოვლის პაპასთან ჩახუტებაც აკრძალული აქვთ. ბაღის თანამშრომლებმა კი ბავშვების გასამხიარულებლად სხვა მეთოდს მიმართეს.

„ბაღის დარაჯს ჩავაცვით თოვლის ბაბუის ფორმა, რადგან უცხო პირის შეშვება არ შეიძლებოდა შენობაში. ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ერთმანეთისგან მოშორებით ისხდნენ. პატარებს ხომ არ უკეთიათ პირბადეები და ჩვენ მხოლოდ თვალები გვიჩანს. ყველა რეგულაციას ვიცავთ, მაგრამ ბავშვი რომ მოვა და მოგეკრობა, ხელს ხომ არ კრავ? ბავშვებს ახლა თოვლის პაპასთან ჩახუტებაც კი აკრძალული ჰქონდათ წელს და ბავშვები რომ კიდევ უფრო გაგვემხიარულებინა, ჩვენი სურვილით, ჩვენც შევიკერეთ ზუსტად ისეთი კაბები, როგორიც მათ, თუმცა ზემოდან სამედიცინო ხალათი გვეცვა. უნდა გენახათ, როგორ გაუხარდათ ბავშვებს, ჩვენც მათსავით ერთ ფორმებში გამოწყობილები რომ დაგვინახეს. ამასთან, ყველა ჯგუფში საახალწლო კუთხე მოვაწყვეთ – ყუთი გავაკეთეთ ბავშვებთან ერთად, ბამბები დავაწებეთ, ფიფქები გამოვჭერით… ბავშვების ბედნიერი სახეების დანახვაზე საუკეთესო რამ არაფერია ამ ქვეყანაზე“, – მოგვიყვა ნინო მელქაძე.

პანდემიის გამო, ბოლო ორი წელია ქვეყანის არცერთ საბავშვო ბაღში საახალწლო ღონისძიება არ ჩატარებულა.

ასევე იხილეთ:

რა შემთხვევაში დაიკეტება საბავშვო ბაღი? – როგორია ახალი რეგულაციები და რა პრობლემებს ხედავენ ბაღის თანამშრომლები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური