GE

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგებში ილიაუნი კვლავ მოწინავე პოზიციებზეა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, საბაკალავრო მიღების თვალსაზრისით, 2016 წელი წარმატებული აღმოჩნდა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს 2016 წელს საბაკალავრო საფეხურზე 4032 ვაკანტური ადგილი ჰქონდა გამოცხადებული (რაც 1200 ადგილით მეტია 2015 წლის ვაკანტურ ადგილებთან შედარებით). პირველ ნომრად 7313-მა აბიტურიენტმა აირჩია. ამგვარად, ქვეყნის მასშტაბით, პირველ ადგილზე არჩევანით კონკურსის მიხედვით*, ილიაუნი მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს (კონკურსი ერთ ადგილზე 1.9).

ქვეყანაში არსებულ მსგავს პროგრამებს თუ შევადარებთ, ქვეყნის მასშტაბით, პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგი საბაკალავრო პროგრამები:

  • ფილოსოფია (კონკურსი ერთ ადგილზე: 9.5)
  • ქართული ფილოლოგია (კონკურსი ერთ ადგილზე: 7.6)
  • არქეოლოგია (კონკურსი ერთ ადგილზე: 5.7)
  • ისტორია (კონკურსი ერთ ადგილზე: 5.2)
  • ბიოლოგია (კონკურსი ერთ ადგილზე: 3.4)
  • ფიზიკა (კონკურსი ერთ ადგილზე: 2.3)
  • ბიზნესის ადმინისტრირება (კონკურსი ერთ ადგილზე: 2.1)
  • მათემატიკა (კონკურსი ერთ ადგილზე: 2.0)

პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით, საქართველოში არსებულ 762 საბაკალავრო პროგრამას შორის, პირველ ადგილს იყოფენ ილიაუნის ფილოსოფიისა და თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამები, მეორე ადგილზეა ილიაუნის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა, მეოთხე ადგილზე – ილიაუნის არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა, მერვე ადგილზე კი – ილიაუნის ისტორიის საბაკალავრო პროგრამა.

ამასთან, ყველაზე რეიტინგულ 25 საბაკალავრო პროგრამას შორის ხვდება ილიაუნის დაწყებითი სკოლის პედაგოგიკის, ბიოლოგიისა და სამართლის საბაკალავრო პროგრამები.

ქვეყანაში არსებულ 762 საბაკალავრო პროგრამას შორის, რაოდენობრივად ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა პირველ ადგილზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა აირჩია; მეოთხე ადგილზეა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამები (ერთიანი მიღება); ხოლო მეხუთე ადგილზე – ილიაუნის სამართლის საბაკალავრო პროგრამა.

*კონკურსებზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია, ვიმსჯელოთ პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით და არა ჯამური არჩევანით კონკურსის მიხედვით, ვინაიდან აბიტურიენტებს აქვთ არჩევანის ძალიან ფართო შესაძლებლობა და ბოლო ადგილებზე ისეთ პროგრამებსა თუ უნივერსიტეტებს ირჩევენ, სადაც სწავლის გაგრძელებას არც კი ფიქრობენ.

R

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური