“ელექტრონული ფორმატის დროს აბიტურიენტებს გაცილებით მრავალფეროვანი დავალებები მიეცემათ”
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა 2016 წლის ერთიან ეროვნული გამოცდების ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩაბარებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. თუმცა დეტალები დეკემბრის ბოლოს დაზუსტდება, მას შემდეგ რაც აპრობაციას ჩაატარებენ.
“აპრობაციისთვის ან თელავის ან ოზურგეთის ცენტრს ავიღებთ. სადაც გამოცდის სრულ იმიტაციას ჩავატარებთ. თებერვალში კი გაცილებით მასშტაბური პილოტირება გვექნება. ელექტრონული ფორმატი საშუალებას მოგვცემს გაცილებით მრავალფეროვანი დავალებები შევთავაზოთ აბიტურიენტებს. ამასათან ერთად გამოცდის შედეგებსაც უფრო სწრაფად შეიტყობენ. მაგალითად, უნარების შემთხვევაში, თუ გადაწყდა და პასუხებიც ელექტრონულად შეავსეს. 2017 წლისთვის სრულად ვგეგმავთ გამოცდების ელექტრონულ ფორმატზე გადასვლას,”-აღნიშნა მიმინოშვილმა.
Aris.ge-განათლების კითხვაზე, რა ფინანსური რესურსი დასჭირდება გამოცდების ახალ ფორმატს, მაია მიმინოშვილმა განმარტა, რომ ფინანსებთან დაკავშირებით ორი ვარიანტი არსებობს – ან შეიძინონ კომპიუტერები, რაც დიდი თანხები დაჯდება. ან განათლების სამინისტრომ თავისი ტექნიკა, რითაც გამოცდებს ატარებს ათხოვოს გამოცდების ეროვნულ ცენტრს.
„ამ შემთხვევაში გაცილებით დიდ თანხას დაზოგავს სახელმწიფო“,- განმარტა მიმინოშვილმა.
ჩვენ მიმინოშვილს დავუსვით კითხვა, როგორ დაიცავენ ტესტების ელექტრონულ ფორმატს, მაშინ როცა, საგამოცდო ცენტრებში ტესტები პოლიციის თანხლებით გადაჰქონდათ, ახლა როგორ იქნება ეს პროცესი უზრუნველყოფილი, რაზეც გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გვიპასუხა:
„ჩვენმა საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა აქტიურად იმუშავა. დეკემბერში სწორედ ამ კუთხით გვინდა გამოცდა. რამდენად დაცული იქნება ელექტრონული ვერსიები. ამის აპრობაციაა სწორედ დეკემბერში და არა ტესტის შინაარსობრივი მხარის. ტესტები გამოცდებამდე დაცული იყო. მას გამოყენების შემდეგ ისედაც ვათავსებდით ვებ- გვერდზე. ასევე უნდა იყოს ელექტრონული ფორმატის შემთხვევაშიც. სანამ ის გაიხსნება, მანამდე უნდა იყოს დაცული. ახლა აპრობაციისას ჩვენ ტექნიკურ მხარეს ვამოწმებთ და მიღებული შედეგებით ვიხელმძღვანელებთ სამომავლოდ“, – აღნიშნა მიმინოშვილმა.
2016 წლის გამოცდებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარებენ:
აბიტურიენტები;
პედაგოგები (პედაგოგობის მსურველები);
სტუდენტები;
მაგისტრანტობის კანდიდატები.
ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. ახალი ფორმატის დანერგვის შედეგად მონაწილე დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი ჩვეულებრივ, პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს. ნოემბრის ბოლოს კომპიუტერზე მორგებული ტესტის ნიმუშები გამოქვეყნდება ვებგვერდზე www.naec.ge (ნიმუშების განთავსებას ცენტრის ახალი პროექტიც ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც მსურველებს ეძლევათ საშუალება, გამოსცადონ საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები გამოცდის ფორმატთან მიახლოებულ პირობებში).
რაც შეეხება გამოსაშვებ გამოცდებს, ამ მიმართულებით არანაირი ცვლილება არ არის. საატესტატო გამოცდებს სკოლის მოსწავლეები ჩვეულებრივი ფორმატით სასწავლო წლის ბოლოს ჩააბარებენ.
მისაღები გამოცდები 2016 ნაწილობრივ ელექტრონულად ჩატარდება – დეტალები აპრობაციის შესახებ
2016 წლის ეროვნული გამოცდების მთავარი სიახლე – ნაეკი ელექტრონულ საგამოცდო ფორმატზე გადასვლას გეგმავს
ცისანა არის© შერგილაშვილი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება