GE

ჟურნალისტების კორპუსში გამაგრებული სტუდენტების ერთი დღე – პროტესტი შიგნიდან

„აუდიტორია 115“-ის წევრები თსუ–ის მეექვსე კორპუსში 5 დეკემბრამდე დარჩებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება მათ განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან მარიამ ჯაშთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

3-საათიან შეხვედრაზე, რომელიც 28 ნოემბრის საღამოს გაიმართა, სტუდენტებმა პირობა მიიღეს, რომ  5 დეკემბერს ჩანიშნულ განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის სხდომაზე თავიანთი ინიციატივებით და წინადადებებით წარდგებიან.

მანამდე, როგორც აღვნიშნეთ, „აუდიტორია 115“-ის წევრები განაგრძობენ მეექვსე კორპუსის პიკეტირებას. რა პირობებში უწევთ ცხოვრება, რას აკეთებენ ჟურნალისტების კორპუსში გამაგრებულები, ვინ ამარაგებს საკვებით და როგორ უყურებენ მეექვსეს ნაცვლად ლექციების უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში გადატანას, ამაზე EDU.ARIS.GE-ს თავად „აუდიტორიელები“ ესაუბრებიან.

15218317_1302969726390920_1927204612_nროგორც აღმოჩნდა, მეამბოხე სტუდენტებს მორიგეობა აქვთ დაწესებული და სამსახურს და ლექციებს, შეძლებისდაგვარად, არც თავად აცდენენ.

ნუცა ბასილაშვილი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი:

„პრაქტიკულად, შეუძლებელია ყველა ღამის გათენება. მორიგეობა გვაქვს დაწესებული. მე მეექვსე დღეა, აქ ვარ, თუმცა პერიოდულად გავდივარ ხოლმე. მეექვსე კორპუსის დაკავების მომენტისთვის ჩვენ, დაახლოებით, 80-მდე ვიყავით. ნაწილი შემოგვემატა. ზოგს სამსახური აქვს და ყოველთვის ვერ ახერხებს დარჩენას, თუმცა სტაბილურად აქ ყოველდღე 20-დან 30-სტუდენტამდე ვართ. მაქსიმალურად ვცდილობთ არ გავაცდინოთ სამსახური, ლექციების ნაწილის გაცდენა გვიწევს. მაგრამ ახლა გამოცდებია და ვცდილობთ, მასიურად არ გავაცდინოთ.

უნივერსიტეტში ცენტრალური გათბობაა, რაც შეხება ჰიგიენის დაცვას, დამლაგებლებს არ ვუშვებთ. ჩვენ თვითონ ვალაგებთ. აქ ჩვენ ვართ და ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. ვერ დავავალდებულებთ უნივერსიტეტის დამლაგებლებს, აქ მოვიდნენ და ალაგონ. მორიგეობა გვაქვს ამაზეც და ყოველდღე ვალაგებთ.

სახლიდან მოგვაქვს, ან აქ ერთად ვყიდულობთ საკვებს. ზოგჯერ ოჯახის წევრები, მეგობრები მოდიან და მოაქვთ ყველასთვის საჭმელი. სრულიად უცხოებმა ყავა და საჭმელი მოგვიტანეს“, – გვითხრა ნუცამ.
15310374_1302969739724252_2006872216_nნათია ხარჩილაძე
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. მეგისტრატურის პირველი კურსი:

„ძირითადად განაწილებული გვაქვს შრომა. მაგალითად, დალაგება, დაგვა, ნაგვის გატანა და ა.შ. ასევე გვაქვს სამკვითხველო დროები, ფილმის ჩვენებები და ა.შ. რაც შეეხება სამუშაოს, აქაც განაწილებულია შრომა – ზოგი განცხადებაზე მუშაობს, ზოგი გრაფიკულ დიზაინსა თუ ვიდეოების გაკეთებაზე, ზოგი გეგმავს სხვადასხვა აქტივობასა და დღის გეგმას. დღეში დაახლოებით სამჯერ გვაქვს შეკრებები, სადაც ვაჯამებთ ყოველდღიურ საქმიანობებს.

რაც შეეხება საჭმელს, ძირითადად, ან ჩვენ მოგვაქვს სახლიდან, ან ვინმე ჩვენს მეგობარს, ან ფულს ვკრებთ და ერთობლივი ძალებით. რადენიმე შემთხვევა იყო, როდესაც რამდენიმე ადამიანმა, თუ ბარმა მოგვიტანა საჭმელი, რითაც თავიანთი სოლიდარობა გამოხატა. იყო ასევე შემთხვევა, როცა ლექტორებმაც გამოგვიცხადეს სოლიდარობა და საჭმელი, თუ სხვა საჭირო ნივთი მოგვიტანეს. ასევე იყო შემთხვევა, როცა ერთ-ერთმა გამომცემლობამ საინტერესო წიგნები დაგვირიგა სოლიდარობის ნიშნად. მორიგეობაც გვაქვს, რა თქმა უნდა, რადგან რთულია აქ მუდმივად ყოფნა და იატაკზე, ან სკამებზე ძილი. ამიტომ, ვცდილობთ გავინაწილოთ დღეები და მორიგეობა დავაწესოთ“.

მარიამ ბაღდავაძე ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, მესამე კურსი:

15225150_1302764423078117_1719692_o„სადღეღამისო რეჟიმია. აქ ყოველთვის არის, მინიმუმ, 20 ადამიანი. თუ ერთ ღამეს გაათევს, მეორე ღამის გათევის აუცილებლობა არ არის. თუ, რა თქმა უნდა, სურვილი არ აქვს. ზოგი შეიძლება 3 ღამეც დარჩეს, იმიტომ რომ შეიძლება შემდეგი სამი ღამე არ ეცალოს. სახლიდან მოგვაქვს პლედები.

აქ არის სკამები, სხვა სახის კომფორტი – არანაირი. ელემენტარული ჰიგიენის ნივთებს, საკვებს ჩვენ უზრუნველყოფთ. ასევე მოაქვთ სხვებსაც.

5 დეკემბრამდე გვაქვს გაწერილი გეგმა. ხვალიდან დაიწყება საჯარო ლექციებისთვის მზადება. კარი გაიღება სტუდენტებისთვის და არამარტო სტუდენტებისთვის არამედ ლექციებზე დასწრების სხვა მსურველებისთვის“.

მეექვსე კორპუსის პიკეტირება, „აუდიტორია 115“-მა, როგორც თავად სტუდენტები ამბობენ, იმიტომ გადაწყვიტა, რომ ამ კორპუსს ადმინისტრაციული დანიშნულება აქვს. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციული ცენტრია და ყველაზე ნაკლები ლექცია აქ ტარდება.

15226346_1302969723057587_755339311_nმათი თქმით, მეექვსე იმიტომ აირჩიეს ხელი რომ შეშლოდა არა სასწავლო პროცესს, არამედ ადმინისტრაციის მუშაობას.  თუმცა ლექციების ჩატარება მაინც პრობლემურია, ვინაიდან მეექვსეს ნაცვლად უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში უწევთ სტუდენტებს სიარული. თვითონ „აუდიტორიელები“ აღნიშნავენ, რომ ეს რთული პროცესია, თუმცა დანარჩენ სტუდენტებს მოუწოდებენ, საერთო საქმისთვის თვითონაც შეუერთდნენ მათ მოძრაობას და ერთად იბრძოლონ განათლების რეფორმისთვის.

„რაც შეეხება ლექციების გაცდენას, ჩვენც, ძალიან დიდ უმრავლესობას, გვაქვს ლექციები ამ კორპუსში, თუმცა გვიცდება ამ მდგომარეობის გამო. ჩვენი აზრით, უნივერსიტეტში, არათუ ახლა, არამედ არც არასდროს ყოფილა სწავლის პროცესი. შესაბამისად, ეს მდგომარეობა არის გამოწვეული იმ კრიზისის გადასაჭრელად, რაც უკვე წლებია, კანონზომიერებად იქცა. თავის მხრივ, ჩვენ ვაცნობიერებთ იმ სტუდენტების მიმართ პასუხისმგებლობას, რომლებსაც ლექციები მაღლივში გადაუტანეს, თუმცა მოვუწოდებ მათ, შემოგვიერთდნენ და ერთად დავიწყოთ უნივერსიტეტის განვითარებისთვის ბრძოლა“, – აღნიშნა ნათია ხარჩილაძემ.

15271476_1302764379744788_328926567_o„ჩემი აზრით, ძალიან კარგი ნაბიჯი იყო ადმინისტრაციის მხრიდან ლექციების გადატანა. განსაკუთრებული სირთულე სწორედ ამას მოჰყვება ხოლმე და ბევრად მეტი პრეტენზია ჩნდება და იკარგება ის მოთხოვნები, რომლებსაც აყენებს საპროტესტო ჯგუფი. რაც შეეხება სასწავლო პროცესის მაღლივში გადატანას, ამაზე გუშინაც იყო ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების აქცია. მაღლივში ლექციების გადატანა გამოსავალია, რადგან ვაკის კორპუსებში ფიზიკურად არაა თავისუფალი აუდიტორიები, ამიტომ უნივერსიტიტემა საუკეთესო გამოსავალი ამ შემთხვევაში მაღლივი იპოვა. მე ამ კვირაში მაღლივში არ მქონია ლექციები და სავარაუდოდ, წავალ იქ“, – გვითხრა ნუცა ბასილაშვილმა.

სტუდენტები პატრლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომის გამართვამდე აპირებენ მეექვსეში დარჩენას, ხოლო როგორ გააგრძელებენ ბრძოლას ამას სიტუაციის მიხედვით გადაწყვეტენ.

15225307_1302764369744789_1800380700_o„მინიმუმ 5 დეკემბრამდე დავრჩებით აქ. ჩვენ აპრილის გამოცდილება გვაქვს, როდესაც დაგვპირდნენ ცვლილებებს. ახლა ველოდებით 5 დეკემბერს, როდესაც კომიტეტის გაფართოებული სხდომა იქნება და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. თუ დავინახეთ, რომ პროცესის ხელოვნურად გაწელვა ხდება, გუშინ დაფიქსირდა, რომ საშემოდგომო სესიაზე ვერ მოესწრება და გაზაფხულის სესიაზე გადავიტანთ ამ განხილვებსო, ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, პროტესტი გაგრძელდება. თუმცა ამაზე წინასწარ ვერ ვისაუბრებთ. ველოდებით 5 დეკემბერს, სიტუაცია შეიძლება საერთოდ შეიცვალოს“, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს ნუცა ბასილაშვილმა.

თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები შემდგარად გამოცხადდა – სტუდენტები პროტესტს განაგრძობენ

,,აუდიტორია 115”-ის წევრები მე-6 კორპუსის დატოვებას არ აპირებენ

,,სტუდენტთა ამგვარი საქციელი უკეთეს შედეგს ვერ მოიტანს”- ალექსანდრე ჯეჯელავა

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური