GE

მასწავლებელთა მომზადების ერთწლიანი პროგრამის დეტალები თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი მასწავლებელთა ერთწლიანი მომზადების პროგრამის გავლის მსურველებს უპრეცედენტოდ დაბალ ფასებს სთავაზობს – ქართულის, ინგლისურისა და გერმანულის პედაგოგები აქ მხოლოდ 1500 ლარს გადაიხდიან მოქნილი და მათზე მორგებული გრაფიკით.

დეტალებზე EDU.ARIS.GE ფილოლოგიის დოქტორს, უნივერსიტეტის პრორექტორს, საზოგადოებასთან და საზღვარგარეთთან ურთიერთობის დარგში, მასწავლებლის მომზადების პროგრამის კოორდინატორ თამარ ჯანგულაშვილ ესაუბრა.

თამარ ჯანგულაშვილი: მივესალმებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივას იმის შესახებ, რომ მასწავლებლის პროგრამის გავლის შემდეგ მსმენელებს უფროსი მასწავლებლის სტატუსი ენიჭებათ,  ეს მათ ხელფასზეც აისახება, რაც მსურველების მოზიდვასა და მათი მოტივაციის ზრდას შეუწყობს ხელს – შეიძინონ პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები და შრომით ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ.

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში აღნიშნული პროგრამა 2015 წლიდან ხორციელდება. ანუ, მსმენელები წინა წელსაც გვყავდა.

–რომელ მიმართულებებზე გაქვთ გამოცხადებული მიღება?

.: სამ მიმართულებაზე – ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური და გერმანული ენა და ლიტერატურა.

–რამდენ ადამიანს იღებთ თითოეული მიმართულებით?

.: სულ, სამივე პროგრამაზე, 50 ადამიანს მივიღებთ. აქედან 14 აპლიკანტი სახელმწიფო გრანტს მიიღებს.  კერძოდ, სახელმწიფო გრანტით 6 მსურველი დაფინანსდება ინგლისურის მიმართულებით, 6- ქართულის, ხოლო 2 გერმანული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით. იმ აპლიკანტებისათვის კი, რომლებიც სახელმწიფო გრანტს ვერ მიიღებენ, სწავლის გადასახადი 1500 ლარი იქნება. მისი გადახდა ოთხ ნაწილად, ან ყოველთვიურად იქნება შესაძლებელი.

–როგორი იქნება მისაღები გამოცდა?

.: მისაღებ გამოცდებს რაც შეეხება, ვინაიდან აპლიკანტების საგნობრივი ცოდნა უკვე შემოწმებულია, გადავწყვიტეთ, რომ გამოცდა ანალიტიკურ წერაში ჩაგვეტარებინა. კერძოდ, აპლიკანტს მოეთხოვება მოცემულ თემაზე დაწეროს არგუმენტირებული ესე, მოახდინონ არგუმენტების განხილვა და დასაბუთება.

–რაც შეეხება შეფასების კრიტერიუმებს?

.: არგუმენტირებული ესე შემდეგი კრიტერიუმებით შეფასდება: შინაარსის რელევანტურობა, საკითხის დასმა, არგუმენტების განხილვა, მსჯელობა, დასაბუთება, დასკვნა, სტილი და  ლექსიკა.

–როგორი იქნება სწავლების პროცესი?

. პროგრამა 60 კრედიტიანია. სწავლება კი -ინტენსიური, დღეში 4 საათიანი დატვირთვით. პროგრამა, რა თქმა უნდა, პრაქტიკასაც ითვალისწინებს. ჩვენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლებთან. მათთან მჭიდრო თანამშრომლობისა და პროგრამაში ჩართული პირების  ყოველთვიური შეფასებების შედეგად მუდმივად ხდება სასწავლო პროცესზე დაკვირვება, დახვეწა და გაუმჯობესება.

აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ წინა წლის კურსდამთავრებულების შეფასებით სასწავლო პროცესის ხარისხი საკმაოდ მაღალია. მათი მოლოდინები გამართლდა.

რაც შეეხება პრაქტიკას, მას მსმენელები მეორე სემესტრიდან გაივლიან. იგი სკოლებში პასიურ და აქტიურ პრაქტიკას ითვალისწინებს. პასიურ პრაქტიკაში იგულისხმება, რომ პრატიკანტები მენტორ მასწავლებლებს აკვირდებიან, მათთან ერთად გეგმავენ და ატარებენ გაკვეთილებს. მენტორი მასწავლებლებთან ერთად ამუშავებენ თეორიულ მასალას, ახდენენ საგაკვეთილო პროცესში კონკრეტული შემთხვევების ანალიზს და ითვალისწინებენ რეკომენდაციებს.

აქტიური პრაქტიკის დროს კი ისინი გაკვეთილებს დამოუკიდებლად ატარებენ. თვითანალიზითა და შეფასებით ახდენენ შემდგომი საგაკვეთილო პროცესის უკეთ დაგეგმვას და საკუთარი პრაქტიკული უნარების უნარების გაუმჯობესებას.

–როგორი იქნება დასკვნითი გამოცდა?

.: აქ სპეციალურად შექმნილი კომისია წინასწარ გაწერილი კრიტერიუმებით პრაქტიკანტის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს აფასებს. ეს კრიტერიუმები პრაქტიკანტებისათვის, რა თქმა უნდა, წინასწარვე ცნობილია და თავიდანვე იციან თუ რა ფორმით და რა კრიტერიუმებით შეფასდებიან.

–ვინ იქნებიან ლექტორები?

.: სასწავლო პროცესს დარგის სპეციალისტები, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და მოწვეული ლექტორები უძღვებიან. სასწავლო განრიგი კი ჯგუფთან შეთანხმებით გაიწერება. უნივერსიტეტმა იზრუნა ლიტერატურაზეც, ყველა საჭირო მასალა ჩვენ ბიბლიოთეკაშია.

–გაქვთ თუ არა შარშანდელი კურსდამთავრებულების დასაქმების სტატისტიკა?

.: პირველ რიგში იმას აღვნიშნავ, რომ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატებთან ერთად სარეკომენდაციო წერილებიც გადაეცემათ. ამასთანავე, პროგრამაში ჩართული პირებისათვის უნივერსიტეტში შიდა ელექტრონული ბაზა შეიქმნა, სადაც პარტნიორი სკოლების მხრიდან მოწოდებული ვაკანსიების შესახებ უახლესი ინფორმაცია იდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიმდინარე წელს ჩვენ ერთ-ერთ კერძო პარტნიორ სკოლაში 4 კურსდამთავრებული უკვე დასაქმდა.

–ანუ, პარტნიორ სკოლებში უპირატესობას თქვენ კურსდამთავრებულებს ანიჭებენ?

.: წლევანდელი სტატისტიკის მიხედვით ასეთი შედეგი გვაქვს.

როდიდან დაიწყება საბუთების მიღება და როდის ჩატარდება გამოცდა?

.: საბუთების მიღება 27 სექტემბრიდან, ანუ უკვე დაიწყო, გამოცდა 4 ოქტომბერს ჩატარდება, შედეგები კი  მეორე დღესვე – 5 ოქტომბერს გახდება ცნობილი. ეს ყველაფერი ჩვენს ვებგვერდზეც დაიდება.

ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი ქალაქის ცენტრში მდებარეობს – ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე და ვფიქრობთ, რომ ადგილმდებარეობის თვალსაზრისით  ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი

მასწავლებელთა გადამზადების ერთწლიანი პროგრამის გავლის პროცედურული დეტალები და ღირებულება

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო გრანტის მინიჭების წესი დამტკიცდა

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური