GE

პედაგოგის რომელ აქტივობებს დააკვირდება და განსაზღვრავს იანვრიდან შიდა შეფასების ჯგუფი

ფასილიტატორის ახალ ინსტიტუტს და მის საქმიანობას  სკოლის პედაგოგებისა და ადმინისტრაციის გარდა განათლების საკითხებით დაინტერესებული თითქმის ყველა პირი უკვე იცნობს. ახალი წლიდან კი სკოლებში კიდევ ერთი ახალი ტერმინი გახდება პოპულარული – შიდა შეფასების ჯგუფი. მიუხედავად იმისა, რომ შიდა შეფასების ჯგუფები 14 ოქტომბრისთვის ყველა საჯარო სკოლაში უკვე ჩამოყალიბებული იყო,  ჯგუფი აქტიურ საქმიანობას იანვრის თვიდან დაიწყებს. ვისგან შედგება შიდაშეფასების ჯგუფები,  რა იქნება მათი ძირითადი უფლება–მოვალეობები ამ საკითხზე Aris.ge-განათლებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი  სოფო ლობჟანიძე ესაუბრა.

-მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლას სქემაში განსაზღვრულია, რომ შეფასების ჯგუფი შედეგება შემდეგი წევრებისგან:  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი, დირექტორის მოადგილე, პედაგოგიური საბჭოს მიერ შერჩეული ფასილიტატორისა და საგნობრივი კათედრის მიერ 3 წლის ვადით წარდგენილი წევრისგან. თუმცა ზოგ სკოლას, რომელიც მცირე კონტიგენტიანია, საერთოდ არ ჰყავს დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, შესაბამისად ის ვერც იქნება  შეფასების ჯგუფში.

ქალბატონო სოფო, როგორ მოხდა საგნობრივი კათედრის წარმომადგენლების შერჩევა?

-მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მუდმივი წევრები არიან სკოლის დირექტორი და დირექტორის მოადგილე. ასევე, შეფასების ჯგუფის წევრები არიან სამი წლის ვადით არჩეული მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორი, რომელსაც ირჩევს პედაგოგიური საბჭო და საგნობრივი კათედრების მიერ არჩეული თითო წარმომადგენელი რომელსაც ასევე ირჩევს პედაგოგიური საბჭო.

სკოლის დირექტორი და დირექტორის მოადგილე მონაწილეობენ სკოლის ყველა მასწავლებლის მიერ სქემით განსაზღვრული შიდა სასკოლო აქტივობების შეფასებაში. ფასილიტატორი მონაწილეობს იმ მასწავლებლების საქმიანობის შეფასებაში, რომლებიც არიან მისი ზედამხედველობის ქვეშ, ხოლო კათედრის მიერ არჩეული წევრები მონაწილეობენ  შესაბამისი კათედრის წევრი მასწავლებლების მიერ განხორციელებული აქტივობების შეფასებაში.

რომ დააზუსტოთ, რა არის შეფასების ჯგუფის ძირითადი ფუნქცია და როგორია შესრულების პროცესი?

-ამ ჯგუფის ძირითადი ფუნქცია პედაგოგის საქმიანობის შეფასებაა,  მაგრამ ისე ნუ გავიგებთ, თითქოს ეს ჯგუფი მხოლოდ კრედიტქულების მისანიჭებლად არის შექმნილი. მათი მოვალეობაა პედაგოგისათვის განმავითარებელი კომენტარებისა და რეკომენდაციების მიცემაც. მაშასადამე, შეფასების ჯგუფის ძირითადი ფუნქციაა, არა მარტო კოლეგების საქმიანობის შეფასება, არამედ მათი მხარდაჭერა და დახმარება.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეფასების ჯგუფის ფორმირების მიზანია შიდა შეფასების სისტემის ამოქმედებით და სკოლაზე პასუხისმგებლობის დელეგირებით სკოლის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუციის ჩამოყალიბება და განვითარება; მასწავლებლის ხელშეწყობა, განვითარდეს პროფესიულად; სკოლაში თანამშრომლობითი კულტურის დამკვიდრება და თავად შეფასების ჯგუფის წევრების თვითგანვითარება. ყველაფერი ეს კი არის საფუძველი სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხისა  და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების.

-უფრო კონკრეტულად, პედაგოგის რომელ აქტივობებს აკვირდება და განსაზღვრავს შიდა შეფასების ჯგუფი?

-სკოლის შეფასების ჯგუფის წევრები აფასებენ კოლეგის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს შეფასების სტანდარტიზებული რუბრიკების გამოყენებით; გაკვეთილებზე დაკვირვების შემდეგ ისინი შეიმუშავებენ განმავითარებელ კომენტარებს, განიხილავენ მასწავლებელთან ერთად, შესაძლებლობას მისცემენ გამოასწოროს ხარვეზები.

გარდა საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებისა, შეფასების ჯგუფი აფასებს მასწავლებლის მიერ განხორციელებულ, სქემით განსაზღვრულ სხვა აქტივობებს. მაგალითად რამდენად შედეგიანია საკუთარი თუ სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე პრაქტიკის კვლევა; სასწავლო რესურსი, რომელიც მან შექმნა რამდენად უწყობს ხელს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას; რამდენად ეფექტურად ხელმძღვანელობს სტუდენტებსა და დამწყებ კოლეგებს და ა.შ. ისევე, როგორც მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი, ასევე ეს აქტივობებიც ფასდება სტანდარტიზებული რუბრიკების გამოყენებით.

 ყველა ამ აქტივობაში შიდა შეფასების ჯგუფი პედაგოგს მიანიჭებს კრედიტ- ქულას?

-დიახ ასეა, სქემით გათვალისწინებულ ყველა აქტივობას მინიჭებული აქვს გარკვეული წილი, ანუ კრედიტ-ქულა. შეფასების ჯგუფი ეყრდნობა რა შეფასების სტანდარტიზებულ რუბრიკებს, აფასებს მასწავლებლის მიერ განხორცილებული ამა-თუ იმ აქტივობის შესაბამისობას წინასწარ გაწერილ კრიტერიუმებთან და კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ანიჭებს კრედიტ-ქულას. მაგალითად: ერთ გაკვეთილზე დაკვირვება ფასდება 2 კრედიტ-ქულით, პრაქტიკის კვლევა 2 კრედიტ-ქულით, სასწავლო რესურსის შექმნა 1 კრედიტ-ქულით; სტუდენტის/მასწავლებლის კონსულტირება 2 კრედიტქული და ა.შ.

-ქალბატონო სოფო, შესაბამისი გზამკვლევები თუ აქვთ უკვე ჯგუფის წევრებს?

-გზამკვლევის მეორე ნაწილი, რომელშიც განხილული იქნება სქემით განსაზღვრული თითოეული აქტივობა, რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა განახორციელოს მასწავლებელმა ისინი, რა დოკუმენტაცია უნდა წარუდგინოს შეფასების ჯგუფს შესაფასებლად და ატვირთოს საკუთარ პროფილზე, გამოიცემა 2015 წლის ბოლომდე.  ასევე გზამკვლევში მოცემული იქნება თითოეული აქტივობის შეფასების რუბრიკა და რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გამოიყენონ შეფასების ჯგუფის წევრებმა ისინი მასწავლებელთა შესაფასებლად. ეს გახდის პროცესს გამჭვირვალეს როგორც ჯგუფის წევრებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის.

-მოხდება თუ არა შეფასების ჯგუფის წევრთა გადამზადება?

-თავისთავად. გზამკვლევის გამოცემის შემდეგ, 2016 წლის იანვრიდან დავიწყებთ შეფასების ჯგუფის წევრებთან პერმანენტულ ტრენინგებს. თავდაპირველად შეფასების ჯგუფის წევრებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება უნიფიცირებული ტრენინგები, რომლის ძირითადი მიზანი იქნება შეფასების ჯგუფის წევრებმა გააცნობიერონ საკუთარი როლი და შეძლონ შეფასების რუბრიკების ადექვატურად გამოყენება მასწავლებელთა საქმიანობის შესაფასებლად, რათა პროცესი იყოს ობიექტური, სანდო, გამჭირვალე და ვალიდური. 2016 წელს, გარე მონიტორინგის შედეგების ანალიზის გათვალისწინებით მოხდება თითოეული სკოლის შეფასების ჯგუფის საჭიროებების იდენტიფიცირება და, აქედან გამომდინარე, მათთვის მხარდამჭერი მრავალფეროვანი  აქტივობების შეთავაზება, რათა მოხდეს გამოვლენილი სუსტი მხარის დაძლევა და შეფასების პროცესის შეუფერხებლად წარმართვა.

-ფასილიტატორად მუშაობა სამი წლის მანძილზე სამი კრედიტია, ჯგუფის სხვა წევრებს თუ ეთვლებათ შეფასების ჯგუფში ყოფნა კრედიტებად?

-დიახ ეთვლებათ, შეფასების ჯგუფის წევრობა სქემის მიხედვით განისაზღვრება 1 კრედიტ-ქულით.

თუ შეიძლება შიდა შეფასების ჯგუფის წევრის შეცვლა და გადარჩევა?

-სკოლის დირექტორი, როგორც შეფასების ჯგუფის ხელმძღვანელი, უფლებამოსილია შეფასების ჯგუფის წევრს სამწლიანი ვადის ამოწურვამდე შეუჩეროს უფლებამოსილება სხვადასხვა მიზეზის გამო. მაგ. შეფასების ჯგუფის წევრის პირადი განცხადების საფუძველზე, შიდა და გარე მონიტორინგის დროს გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე, თუ ხარვეზების აღმოსაფხვრელად გაცემული რეკომენდაციები არ გაითვალისწინა მასწავლებელმა; ასევე, თუ სკოლის მასწავლებლების მხრიდან შემოვა საჩივრები შეფასების წევრის მიმართ და საკითხის შესწავლის შედეგად ბრალეულობა დამტკიცდება. ხოლო სკოლის დირექტორის და დირექტორის მოადგილის, როგორც შეფასების ჯგუფის წევრების უფლებამოსილების საკითხს განიხილავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ეს ხდება გარე მონიტორინგის დროს აღმოჩენილი ხარვეზებისა და მასწავლებელთა საჩივრების საფუძველზე.

ფასილიტატორების შედეგები – პედაგოგთა დამატებითი შრომა, რომელიც შესაძლოა, ხელფასზეც აისახოს

უფლებები და მოვალეობები – რამდენი კრედიტ-ქულით შეფასდება ფასილიტატორი მასწავლებლის სამწლიანი შრომა?!

სკოლაში გუნდური მუშაობის 5 ეფექტური მახასიათებელი

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური