GE

ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებისთვის გორში ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ქალაქ გორში ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი გახსნა. ანალოგიური ცენტრები უკვე ფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი 6-დან 18 წლამდე ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებს, მოზარდებსა და მათ ოჯახებს უფასო, კვალიფიციურ, ფსიქო-სოციალურ მომსახურებას სთავაზობს.

,,ფსიქოლოგიური ცენტრი წარმოადგენს მულტიდისციპლინარულ გუნდს, რომელშიც დასაქმებულნი არიან კონკურსის შედეგად შერჩეული მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ბავშვთა ფსიქიატრები.
მოზარდში ქცევითი და ემოციური პრობლემები შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც გარეგანი, ასევე შენაგანი ფაქტორებისაგან. ფსიქო-სოცილაური მომსახურების გაწევა მოიცავს რამდენიმე მიმართელებით მუშაობას: ფსიქოლოგის და ფსიქიატრის მიერ ფსიქიკური, ქცევითი და ემოციური პრობლემის იდენტიფიკაციას, ფსიქო-კორექციას, ფსიქოთერაპიას და პარალელურად, სოციალური მუშაკის მიერ გარე ფაქტორების დადგენას და მოგვარებას. ცენტრის მულტიდისციპლინარული ჯგუფი მუშაობს ბავშვებთან, მათ მშობლებთან, საჭიროების შემთხვევაში ასევე მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან,”- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფსიქოლოგიურ ცენტრში მოსწავლეთა გადმომისამართება ხდება სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურისა და მასწავლებლის მიერ მშობლის თანხმობით შევსებული რეფერალის საფუძველზე. ცენტრში მომართვიანობა თვითდინებითაც ხორციელდება.

სამომავლოდ, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის გახსნა რუსთავსა და ზუგდიდში იგეგმება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური