GE

რა აჩვენა კვლევამ მაღალკლასელების მიერ თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარების კუთხით საქართველოში

ალკოჰოლის, თამბაქოსა და და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შემსწავლელი ევროპის სკოლების კვლევის პროექტი საერთაშორისო კვლევაა, რომელიც ევროპის 35-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება. 2015 წლის ნოემბერში პროექტს საქართველოც შეუერთდა. კვლევაში, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრის კოორდინაციით განხორციელდა, ჩართული იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს როგორც სკოლების ადმინისტრაციებმა, ისე პედაგოგებმა და თავად მოსწავლეებმა.

როგორც EDU.ARIS.GE-ს მიერ მოპოვებული კვლევიდან ირკვევა, ESPAD-ის პროექტის მთავარი მიზანი იყო შედარებადი მონაცემების შეგროვება საქართველოში 1999 წელს დაბადებული სტუდენტების მიერ სხვადასხვა ნივთიერების გამოყენების შესახებ. ქართველ მოსწავლეთა შორის ალკოჰოლის, თამბაქოს და ნარკოტიკების გამოყენების შესახებ ყოვლისმომცველი და შედარებადი მონაცემების შეგროვება შესაძლებელი გახდა ESPAD-ის პროტოკოლის მიღების შედეგად. ამ მონაცემის გამოყენება მოხდება ევროპაში მოსწავლეთა შორის ნივთიერებების გამოყენების ტენდენციების მონიტორინგისა და ქვეყნებს და ქვეყნების ჯგუფებს შორის ტენდენციების შესადარებლად. ESPAD-ის მონაცემების გამოყენება ასევე უნდა მოხდეს საჯარო დებატებში; და როგორც ახალგაზრდებისადმი მიმართული პოლიტიკური და პრევენციული ღონისძიებების საფუძველი. გარდა ამისა, მოხდება შეგროვილი მონაცემების ღრმა ანალიზი, რათა უკეთ გავეცნოთ ახალგაზრდების დამოკიდებულებას ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკებისადმი. საუბარია 1999 წელს დაბადებულ მოსწავლეებზე, რომლებიც სწავლას განაგრძობენ მაღალ კლასებში, როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლებში. ქვეყნის მასშტაბით კვლევის ჩასატარებლად მოხდა მე-10 კლასის მოსწავლეთა შერჩევა, რომელთა 73%-ს ESPAD-ის სამიზნე ჯგუფი – 1999 წელს დაბადებული მოსწავლეები – წარმოადგენენ (ანუ 1999 წელს ყველა დაბადებულ პირთა 64%).

კვლევის ფარგლებში გაანალიზდა 2477 სრულად შევსებული კითხვარი; მათგან 1961 დაბადებულია 1999 წელს.

რა აჩვენა კვლევამ თამბაქოს მოხმარების კუთხით:

  1. ქართველ მოსწავლეებში სიცოცხლის განმავლობაში თამბაქოს მოხმარების გავრცელება 43%-ია.
  2. მოწევა გოგონებში (30%) უფრო ნაკლებად გავრცელებულია, ვიდრე ბიჭებში (54%).
  3. მოსწავლეების 18%-მა განაცხადა, რომ სიგარეტი მოწია უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში.
  4. საქართველოში უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში მოწევა ბიჭებში (26%) თითქმის სამჯერ უფრო ხშირია, ვიდრე გოგონებში (9%).
  5. რეგულარული მწეველია მოსწავლეთა 12% (ბიჭების 19% და გოგონების 4%).
  6. მოსწავლეთა 21%-მა (ბიჭების 28% და გოგონების 13%) მოწევა პირველად 13 წლის ან უმცროს ასაკში სცადა.
  7. მოსწავლეთა 4% (ბიჭების 6% და გოგონების 2%) აღნიშნავს, რომ ყოველდღიური მოწევა 13 წლის ასაკში ან უფრო ადრე დაიწყო.
  8. 60%-მა განაცხადა, რომ სიგარეტის შოვნა საკმაოდ ადვილი ან ძალიან ადვილია.
  9. 19%-ს (ბიჭების 25% და გოგონების 11%) ოდესმე მოუწევია ელექტრონული სიგარეტი და 9%-მა (ბიჭების 13% და გოგონების 4%) ელექტრონული სიგარეტი უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში მოწია.
  10. 33%-ს (ბიჭების 43% და გოგონების 21%) ოდესმე მოუწევია ჩილიმი და 14%-მა (ბიჭების 22% და გოგონების 6%) ჩილიმი უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში მოწია. (თუმცა, კვლევაში არ არის დაკონკრეტებული რა ტიპის ჩილიმზეა საუბარი)
  11. მოსწავლეთა 4%-მა (ბიჭების 5% და გოგონების 2%) ელექტრონული სიგარეტი პირველად 13 წლის ან უმცროს ასაკში მოწია და 1%-მა (ბიჭების 2.0% და არც ერთი გოგონა) ამ ასაკში მისი ყოველდღიურად გამოყენება დაიწყო.

TAMBAQO

რა აჩვენა კვლევამ ალკოჰოლის მოხმარების კუთხით:

  1. ალკოჰოლი მოსწავლეების 85%-მა (ბიჭების 86% და გოგონების 83%) აღნიშნა, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც მიუღია ალკოჰოლი.
  2. მათ, ვისაც ალკოჰოლური სასმელი ერთხელ მაინც აქვს გასინჯული, 40-ჯერ ან მეტჯერ დალია 22%-მა; და ეს მაჩვენებელი ბიჭებს შორის (31%) თითქმის სამჯერ უფრო მაღალია გოგონებთან (12%) შედარებით.
  3. მოსწავლეთა 43%-მა განაცხადა, რომ ალკოჰოლი მიიღო უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში. ქართველ მოსწავლეთა შორის ყველაზე ხშირად მოხმარებული სასმელი ღვინოა (40%), შემდეგ მოდის ლუდი (36%), სპირტიანი სასმელები (30%) და ალკოპოპი (14%); ყველა სასმელს გოგონებზე მეტად ბიჭები ღებულობენ.
  4. 41%-მა აღნიშნა, რომ უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში ადგილი ქონდა ალკოჰოლის მძიმე ეპიზოდურ მოხმარებას, რაც უფრო ხშირი იყო ბიჭებში (51%), ვიდრე გოგონებში (30%).
  5. ღვინო ყველაზე ხშირად მოხმარებული სასმელია ადრეულ ასაკში; და მოსწავლეთა 64%-მა აღნიშნა, რომ მინიმუმ ერთი ჭიქა ღვინო 13 წლის ან უმცროს ასაკში ან უფრო ადრე აქვს მიღებული.
  6. ღვინოს მოსდევს ლუდი (57%), სპირტიანი სასმელები (36%) და ალკოპოპი (30%). ყველა სახის ალკოჰოლური სასმელის ადრეული მოხმარება გაცილებით უფრო მაღალია ბიჭებში ვიდრე გოგონებში.
  7. ქართველ მოსწავლეთა 43%-მა (ბიჭების 50% და გოგონების 35%) აღნიშნა, რომ სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც დამთვრალა;
  8. მოსწავლეთა 25%-მა (ბიჭების 29% და გოგონების 20%) განაცხადა, რომ დათვრა უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში და 10%-მა (ბიჭების 13% და გოგონების 7%), რომ დათვრა უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში.
  9. მოსწავლეთა 22% (ბიჭების 29% და გოგონების 13%) დამთვრალა 13 წლის ან უმცროს ასაკში.
  10. ESPAD REPORT 2016 14 ალკოჰოლის უკანასკნელი მიღების დროს მოსწავლეთა 33% იმყოფებოდა საკუთარ სახლში, 23% სხვის სახლში და 20% რესტორანში.
  11. ალკოჰოლის მიღების ყველაზე ხშირ მიზეზად დასახელდა „გასართობად” (41%), რასაც მოჰყვა „წვეულებაზე უკეთ გასართობად“ (40%) და „იმიტომ, რომ წვეულებებზე/დღესასწაულებზე უკეთესი დრო გავატარო“ (40%).
  12. სმასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირად მითითებული პრობლემა იყო „შეწუხება წვეულების დროს ან მეგობრულ გარემოცვაში ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის მიერ“ (32%), „შეწუხება ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის მიერ” (33%).
  13. მოსწავლეთა 73%-ს სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც აქვს მიღებული ენერგეტიკული სასმელი; 60%-მა მიიღო უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში, ხოლო 48%-მა – უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში.

 

ALKOHOLL

დიაგრამა:

DIAGRAMA ALKOHOL

რა აჩვენა კვლევამ აკრძალული ნარკოტიკების მიღების კუთხით:

  1. მოსწავლეების 11%-მა აღნიშნა, რომ სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც აქვს გასინჯული მარიხუანა ან ჰაშიში (კანაფი).
  2. 8%-მა მარიხუანა ან ჰაშიში (კანაფი) უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში გამოიყენა; მოსწავლეთა 4%-მა კი – უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში.
  3. ბიჭებში მარიხუანის ან ჰაშიშის (კანაფი) გამოყენება გაცილებით მაღალია. მოსწავლეების 2%-მა მარიხუანა ან ჰაშიში (კანაფი) 13 წლის ან უმცროს ასაკში გასინჯა.
  4. ქართველ მოსწავლეთა შორის მარიხუანის ან ჰაშიშის (კანაფი) გარდა ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკებია – ტრანკვილიზატორები და სედატიური საშუალებები (ექიმის დანიშნულების გარეშე) – 11%, რასაც მოჰყვება მაგიური სოკოები (3%), ტაბლეტები (მედიკამენტები) ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად „კაიფის“ მისაღწევად (3%), „ბიო“ სპაისი (2.6%), ჰალუცინოგენები (2%) და ტკივილგამაყუჩებლები „კაიფის“ მისაღწევად (2%).
  5. მოსწავლეების მიერ ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომ ნარკოტიკებად მიიჩნევა კანაფი (21%), ტრანკვილიზატორები/სედატიური საშუალებები (12%), ექსტაზი (9%) და „ბიო“ სპაისი (7%).
  6. მოსწავლეთა 4%-ს სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც გაუსინჯავს ექსტაზი; 2%-ს სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც გაუსინჯავს ამფეტამინები და კოკაინი.
  7. ინჰალანტებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების (NPS) სიცოცხლის განმავლობაში მოხმარება ქართველ მოსწავლეებში საკმაოდ მაღალია. 12%-ს სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც გაუსინჯავს ინჰალანტები, 6%-ს კი უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში.
  8. ინჰალანტები წარმოადგენს ნივთიერებათა ერთადერთ სახეობას, რომელსაც გოგონები უფრო ხშირად იყენებენ, ვიდრე ბიჭები.
  9. 7%-ს ოდესმე მოუხმარია ახალი ნივთიერებები (ნივთიერებები, რომელთა მოქმედება ნარკოტიკების მსგავსია.) მოსწავლეთა მიერ საკმაოდ სარისკოდ აღიქმება მარიხუანის (60%), ამფეტამინების (58%), ექსტაზის (57%) და სიგარეტის (51%) რეგულარული გამოყენება.

NARKOTIK1

მოსწავლეებს დაესვათ კითხვა, თუ მათი რამდენი მეგობარი ეწევა სიგარეტს, იღებს ალკოჰოლურ სასმელს (ლუდი, სიდრი, ალკოპოპები, ღვინო და სპირტიანი სასმელები), თვრება, ეწევა „პლანს“, იღებს ტრანკვილიზატორებს ან სედატიურ საშუალებებს (ექიმის დანიშნულების გარეშე), იღებს ექსტაზს, იყენებს ინჰალანტებს. პასუხები შემდეგ კატეგორიებად იყოფოდა: „არც ერთი“, „ცოტა“, „რამდენიმე“, „უმეტესობა“ და „ყველა“.

მოსწავლეების უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მათი მეგობრები ეწევიან სიგარეტს (83%); იღებენ ალკოჰოლურ სასმელებს (85%) და თვრებიან (77%). მოსწავლეების დაახლოებით ნახევარმა (49%) აღნიშნა, რომ მათი მეგობრები ეწევიან „პლანს“. 25%-მა აღნიშნა, რომ მათი მეგობრები იღებენ ტრანკვილიზატორებს ან სედატიურ საშუალებებს (ექიმის დანიშნულების გარეშე); 17%-მა განაცხადა, რომ მათი მეგობრები იღებენ ექსტაზს და 14%-მა განაცხადა, რომ მათი მეგობრები იყენებენ ინჰალანტებს

კვლევის ფარგლებში, მოსწავლეებს დაესვათ შეკითხვა „როგორ ფიქრობთ, რამდენად აყენებს ადამიანი თავის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ (ფიზიკურად ან სხვა ფორმით) თუ…“ სიგარეტს ეწევიან, იღებენ ალკოჰოლს და აკრძალულ ნარკოტიკებს. პასუხები შემდეგ კატეგორიებად იყოფოდა: „არაა სარისკო“, „მსუბუქი რისკია“, „საშუალო რისკია“, „უდიდესი რისკია“, „არ ვიცი“. ამ ნაწილში კომენტარები ეხება პასუხს „უდიდესი რისკია“.

riski

კვლევაში მოცემულია საქართველოს მონაცემების შედარება ESPAD-ის შეუწონავ საშუალო
მაჩვენებლებთან რვა ძირითადი ინდიკატორის მიხედვით – თამბაქოს მოხმარება უკანასკნელი
30 დღის განმავლობაში; ალკოჰოლის მოხმარება უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში; ალკოჰოლის
მძიმე ეპიზოდური მოხმარება უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში; მარიხუანის ან ჰაშიშის (კანაფი)
მიღება სიცოცხლის, განმავლობაში; აკრძალული ნარკოტიკების (ექსტაზი, ამფეტამინი, კოკაინი,
კრეკი, LSD ან სხვა ჰალუცინოგენი და გამაჰიდროქსიბუტირატი (GHB) მიღება სიცოცხლის
განმავლობაში; ტრანკვილიზატორებისა და სედატიური საშუალებების მიღება ექიმის დანიშნულების
გარეშე სიცოცხლის განმავლობაში; ინჰალანტების მიღება სიცოცხლის განმავლობაში; ახალი
ფსიქოაქტიური საშუალებების (NPS) მიღება სიცოცხლის განმავლობაში.
გავრცელების ზოგიერთი მაჩვენებლები ქართველ მოსწავლეებში უფრო მაღალია ვიდრე ESPAD
საშუალო მაჩვენებლები, მაგრამ, ზოგადად, ქართველ მოსწავლეთა მაჩვენებლები დიდად არ განსხვავდება ESPAD საშუალო მაჩვენებლებისაგან.

საქართველოში მოსწავლეების 11%-ს ერთხელ მაინც აქვს გასინჯული მარიხუანა ან ჰაშიში

საქართველოში მოსწავლეთა 21%-მა თამბაქოს მოწევა პირველად 13 წლის, ან უმცროს ასაკში სცადა – კვლევის შედეგები

კვლევის თანახმად, საქართველოში მოსწავლეთა 14 %-ს უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ფულზე უთამაშია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური