GE

რამდენ აბიტურიენტს დაუკმაყოფილდა აპელაცია და რომელ საგანზე დაფიქსირდა ყველაზე მეტი განაცხადი

ერთიანი ეროვნული გამოცდების სააპელაციო კომისიამ მუშაობა დაასრულა. წინ მხოლოდ ჩარიცხვების პროცესია.  სააპელაციო კომისიამ 500–ზე მეტ აბიტურიენტს განაცხადი დაუკმაყოფილა და ქულა მოუმატა. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტებს მომატების ნაცვლად ქულა დააკლდათ. უფრო ვრცლად სააპელაციო პროცესსა და შედეგებზე Aris.ge-განათლებას ზოგადი უნარების საგამოცდო ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო დოლიძე ესაუბრა.

dolidze1-ქალბატონო სოფო, სულ რამდენი განაცხადი ჰქონდა სააპელაციო კომისიას განსახილველად?

-მოგეხსენებათ პროცესი უკვე დასრულდა. წელს 36 ათასამდე აბიტურიენტის 154 ათასზე მეტი ნაშრომი გვქონდა. აქედან სააპელაციო კომისიაში ძალიან ცოტა განაცხადი შევიდა – დაახლოებით 2400.

-2400 ნაშრომიდან რამდენი გადაასწორა სააპელაციო კომისიამ, ანუ რამდენ ნაშრომში შეიცვალა ქულა?

-ძალიან მცირე რაოდენობა გადასწორდა. ნაშრომების საერთო რაოდენობიდან 0,35% – ხოლო შემოსული 2400 განაცხადიდან  22% შეიცვალა. ესეც არ არის ძალიან დიდი მაჩვენებელი.  გასწორების პროცესი ძალიან გამჭვირვალედ ხდება. აბიტურიენტს აქვს საშუალება ნახოს ტესტი, შეფასების სქემა, ნახოს საკუთარი პასუხების ფურცელი, საკუთარი ქულა, შემდეგ გაიაზროს და დაასაბუთოს რატომ ეკუთვნოდა უფრო მაღალი ქულა. სავარაუდოდ ამითაა განპირობებული რომ ძალიან ცოტა განაცხადი შემოდის – თუმცა ყველა დასაბუთებულია. ამიტომაც არსებობს სააპელაციო პროცესი: თუ არის რაიმე ხარვეზი, აბიტურიენტი ხედავს ამ ხარვეზს,  კომისია მუდამ ცდილობს აბიტურიენტის სასარგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილება.

-ყველაზე მეტი სააპელაციო განაცხადი რომელ საგანზე შემოვიდა?

-რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს წელს ძალიან ბევრი სააპელაციო განაცხადი ზოგადი უნარებზე შემოვიდა. 390 განაცხადი იყო თუმცა არცერთი შედეგი არ შეცვლილა. მოგეხსენებათ ზოგადი უნარები მანქანურად, სკანერის მეშვეობით სწორდება. ბოლო წლებში არ ყოფილა შემთხვევა  ზოგადი უნარების გამოცდის შედეგში რამე ხარვეზი ყოფილიყო. 2005 წლიდან ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თუცა სხვაგვარი ვითარებაა  იმ ნაშრომებთან მიმართებაში რომელსაც ადამიანი ასწორებს.

-რომელ საგანში გადასწორდა და მოემატათ აბიტურიენტებს ქულები ყველაზე მეტად?

-ყველაზე მეტად ქართულ ენასა და ლიტერატურაში. იქ სადაც ბევრი 16,25 ქულიანი დავალებებია იქ უფრო რთულია ორმა გამსწორებელმა ზუსტად ერთნაირი ქულები დაწეროს. ღია დავალებებში სააპელაციო კომისიის მიერ ქულის ცვლილება უფრო მარტივია. ეს ეხება უცხო ენებსაც და ისტორიისაც. სამწუხაროდ ზუსტ მეცნიერებებში ქულა თითქმის არასდროს იცვლება.

-იყო შემთხვევები როდესაც ქულა დააკლდათ აბიტურიენტებს?

-სამწუხაროდ იყო ასეთი შემთხვევა, თუმცა ძალიან ცოტა. 5 შემთხვევა იყო დაახლოებით. ერთი აქედან  ფიზიკაში. სამწუხაროდ აბიტურიენტებს ეს რისკი გაცნობიერებული აქვთ. სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება ამ შემთხვევაშიც საბოლოოა.

-ქალბატონო სოფო სააპელაციო განაცხადის შემოტანა ფასიანია. თუმცა მათ ვისაც გადაუსწორდებათ ნაშრომი, შეეცვლებათ ქულა თანხა უკან დაუბრუნდებათ – არა?!

-დიახ ასეა. ყველას ვისაც ქულა შეეცვლება, გადაუსწორდება, არ აქვს მნიშვნელობა მოემატება თუ დააკლდება – თანხა უკან დაუბრუნდება. ვისი ნაშრომიც არ გადასწორდება, მათ თანხა უკან არ უბრუნდებათ.

-როგორ მოხდება თანხების დაბრუნება?

-ზუსტი ფორმა და დეტალები ჩარიცხვების პროცესის შემდეგ გამოქვეყნდა. თუმცა ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ მათ ვინც სააპელაციო განაცხადი შემოიტანეს და ქულა გადაუსწორდათ, მოუწევთ განცხადების შევსება და შეფასებისა და გამოცდების ცენტრში ჩაბარება. სწორედ ამ განცხადებაში უნდა იყოს მითითებული მათი საბანკო რეკვიზიტებიც. ჩვენ განვიხილავთ და თანხებს უკან გადავურიცხავთ.

-და ბოლოს ქალბატონო სოფო როდის დაიწყება ჩარიცხვების პროცესი?

-ამ პროცესში ჩვენთან ერთად რამდენიმე სხვა სიპია ჩართული, ასევე სამინისტროც. ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი, რომელიც მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებულია. თუმცა ჩვენც გვინდა ძალიან მალე იყოს ჩარიცხვები. ჩვენც ვჩქარობთ.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური