GE

„რატომ აგვიანდება განათლების სამინისტროს მოსწავლეებისთვის ოქროსა და ვერცხლის მედლების გადაცემა?“

„რატომ აგვიანდება განათლების სამინისტროს ათოსანი მოსწავლეებისთვის ოქროსა და ვერცხლის მედლების გადაცემა?“ – ამ კითხვით არაერთი მშობელი თუ წარჩინებული მოსწავლე Aris.ge-განათლებას ყოველდღიურად მიმართავს.

2014-15 სასწავლო წლისთვის სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოების პროცესის დაწყების ზუსტი თარიღი ამ დრომდე გაურკვეველია. გასულ თვეებში განათლების სამინისტრო მედლების გადაცემის დედლაინად გვიან შემოდგომას ასახელებდა, მოგვიანებით, მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, მედლების გადაცემის დაწყების თარიღად დეკემბრის 5 რიცხვი დაგვისახელამისი ცნობით, პროცესი 15 დეკემბერს უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო, თუმცა დეკემბრის შუა რიცხვებშიც კი წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების პროცესი დაწყებულიც არ არის. დღეს სამინისტროში განმარტეს, რომ მედლების გადაცემა 31 დეკემბრამდე მოხდება.

განათლების სამინისტრომ ტენდერი მედლების შეძენაზე 17 სექტემბერს გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, თამარ სანიკიძის უწყება სულ 1554 ოქროს მედლისა და 964 ვერცხლის მედლის დამზადებას ითხოვდა.

ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო. შპს „ედვერთაიზინგ ნიუ იორკ სითიმ“ 2511 მედლისა და ამდენივე მედლის ჩასადებ სასაჩუქრე ყუთის დამზადებისთვის 61 482.40 ლარი მოითხოვა.

სატენდერო დოკუმენტაციაში ეწერა, რომ 2014-15 სასწავლო წელს ოქროს მედალზე სკოლა სულ 1551-მა მოწავლემ დაამთავრა. მათ გარდა ოქროს მედალი გადაეცემა 2012 და 2014 წლებში სკოლადამთავრებულ 3 წარჩინებულ მოსწავლესაც.

თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ სამინისტრომ ოქროსა და ვერცხლის მედლების შესახებ ბრძანებაში ცვლილება არაერთხელ შეიტანა, წარჩინებულ მოსწავლეთა სიას ერთი, ორი ან სამი მოსწავლე სხვადასხვა პერიოდულობით ემატებოდა.

საკითხზე მოსწავლეებისა და მათი მშობლების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, Aris.ge-განათლებამ დამატებითი კითხვებით განათლების სამინისტროს კიდევ ერთხელ მიმართა:

-ზუსტად რომელ რიცხვში დაიწყება წარჩინებულთათვის ოქროსა და ვერცხლის მედლების გადაცემა?

-ოქროსა და ვერცხლის მედლების გადაცემა 2015 წლის 31 დეკემბრამდე მოხდება.

-როდის დასრულდება?

-თბილისისა და  რეგიონების სკოლის წარჩინებული მოსწავლეები ოქროსა და ვერცხლის მედლებს ეტაპობრივად მიიღებენ.

-თბილისისა და რეგიონის სკოლების წარჩინებულები ერთდროულად მიიღებენ თუ ჯერ დედაქალაქი და შემდეგ რეგიონები?

-თბილისისა და  რეგიონების სკოლის წარჩინებული მოსწავლეები ოქროსა და ვერცხლის მედლებს ეტაპობრივად მიიღებენ.

-როგორი იქნება გადაცემის პროცედურა, მედალოსანს სკოლა უკავშირდება თუ რესურსცენტრი?

-რესურსცენტრი უკავშირდება სკოლას, ხოლო სკოლა  მედალოსნობის კანდიდატს.

-გვითხარით ზუსტი რიცხვი რამდენი ოქროს და რამდენი ვერცხლის მედალოსანი გვყავს 2014-15 სასწავლო წლისთვის?

2014-2015 წლების ოქროს მედალოსნების  რაოდენობა შეადგენს 1563 მოსწავლეს, ხოლო ვერცხლის მედალოსნების რაოდენობა – 968 მოსწავლეს.

-ჩვენი ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მედლები უნდა ჩაებარებინა 5 დეკემბერს, ჩაბარებულია თუ არა უკვე?

-ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უკვე ჩააბარა მედლები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

 

ამავე თემაზე:

წარჩინებული მოსწავლეების ოქროსა და ვერცხლის მედლები სამინისტროს წელს 61 482.40 ლარი უჯდება

„ოქროს და ვერცხლის მედლების გაცემა დამატებითი წახალისების გარეშე მოსწავლეს მოტივაციას უკარგავს“

ოქროსა და ვერცხლის მედლების დიზაინი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური