GE

როგორ აისახება ლარის გაუფასურება კერძო სკოლებზე?!

ფოტო –
რუსთავი 2

კერძო სკოლებში სწავლის საფასური უმეტესად უცხოურ ვალუტაშია დაფიქსირებული. ლარის გაუფასურების პირობებში მშობლებს გადასახადი მნიშვნელოვნად გაეზარდათ.

ლუკა ბ. თბილისის ერთ-ერთი პრესტიჟული კერძო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეა. მის განათლებაში ოჯახი ყოველწლიურად 2 100 დოლარს იხდის ანუ თვეში 210 დოლარის ექვივალენტს ლარში. ლუკას ოჯახს ფინანსური პრობლემები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ეროვნულმა ვალუტამ რყევა დაიწყო.

“როდესაც ლუკა სკოლაში შევიდა ყოველთვიური გადასახადი ლარში 367 ლარი უწევდა, ვიფიქრე ჩემი 900 ლარიანი ხელფასით გადახდას მოვახერხებდი. მაგრამ, რაც ლარმა გაუფასურება დაიწყო, სულ უფრო და უფრო მიჭირს სწავლის ფულის შეტანა. დღეს უკვე 567 ლარი მჭირდება, რომ ამ თვის გადასახადი დავფარო, ანუ 200 ლარით მეტი, ვიდრე სკოლასთან ხელშეკრულების გაფორმების დროს. ფაქტიურად გადახდისუუნარო ვარ. არ ვიცი, როგორ ავუხსნა ბავშვს რომ მეგობრებს  და საყვარელ გარემოს უნდა ჩამოვაშორო და სახლის მეზობლად მდებარე საჯარო სკოლაში გადავიყვანო”, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ლუკას დედა, ნატო ბ.

მშობლებისთვის ხელშეწყობის მიზნით, კერძო სკოლების ერთმა ნაწილმა ლართან მიმართებაში დოლარის კურსის ზედა ზღვარი დააფიქსირა და გადასახადი 1$=2.45 ლარზე გააჩერა.

“ჩვენ შეღავათი გავუკეთეთ მშობლებს და დავუფიქსირეთ ჩვენი შიდა კურსი, რომ ძალიან მძიმე ტვირთი არ იყოს მათთვის სკოლაში გადასახდელი თანხა. როგორც იყო სასწავლო წლის დასაწყისში, 2.45 -ზე გავაჩერეთ კურსი. სკოლა არ  არის ის ორგანიზაცია, რომელსაც მხოლოდ მატერიალური მიზნები აქვს, ამიტომ  ვცდილობთ შევინარჩუნოთ ჩვენი გამოზრდილი ბავშვები. ვფიქრობთ, ვალუტის რყევის დროს მნიშვნელოვანია გვქონდეს დაფიქსირებული კურსი, რათა მშობლებს ხელი შევუწყოთ უკეთ დაგეგმონ მომავალი”, – განუცხადეს EDU.ARIS.GEს ქართულ-ამერიკული სკოლის ვაკის ფილიალში.

არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში ის კერძო სკოლები არიან, სადაც გადასახადის გადახდა ხელშეკრულებით ეროვნულ ვალუტაშია განსაზღვრული.

წმ. გიორგის სახელობის საერო სკოლის დირექტორს გრიგოლ ბულიას უჭირს პროგნოზის გაკეთება, გაძვირდება თუ არა სწავლა ახლო მომავალში.

“ჩვენთან გადასახადი ლარშია და შეადგენს წელიწადში 4 700 ლარს. ჩვენ მაინც იმედი გვაქვს, რომ დასტაბილურდება ლარის მდგომარეობა და არ მოგვიწევს, ხელშეკრულებაში ჩადებული მუხლის ამოქმედება, რომელიც გულისხმობს შემდეგს – თუ დოლართან მიმართებაში ლარი გახდა 2.45 ან მეტი, მაშინ უკვე დოლარის კურსით მოხდება სკოლასთან ანგარიშსწორება. ჯერ-ჯერობით ჩვენ ამ პოლიტიკას არ მივმართავთ, წინ მთელი სასწავლო წელია. პროგნოზის გაკეთება, რა იქნება მომავალში, გამიჭირდება”, –  ამბობს გრიგოლ ბულია.

ევროპულ სკოლაში, სადაც სწავლა წელიწადში 8 ათას ევრომდე ღირს, ფასების გადახედვას ჯერ-ჯერობით არ აპირებენ.

“2016-2017 სასწავლო წლის გადასახადი მშობლებს უკვე გადახდილი აქვთ. რა იქნება მომდევნო წელს, ამას ახლა ვერ გეტყვით”, – აცხადებენ ევროპული სკოლის ფინანსურ დეპარტამენტში.

კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა ბოლო წლებში განუხრელად იზრდება. ბოლო მონაცემებით, ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სექტორში 55 ათასზე მეტი ბავშვი სწავლობს.

რა ღირს სწავლა კერძო სკოლაში

მოამზადა მეგი კავთუაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური