GE

საკლასო დაკვირვების ნაწილთან დაკავშირებით ლიკანში სემინარი მიმდინარეობს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ლიკანში საკლასო დაკვირვების ნაწილთან დაკავშირებით სემინარი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

სემინარს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი „მსოფლიო ბანკის“ მხარდაჭერით ახორციელებს. სემინარის მუშაობაში უცხოელი ექსპერტები და განათლების სპეციალისტებიც იღებენ მონაწილეობას.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მთავარი თემა საკლასო დაკვირვების ნაწილის ძირითადი პრინციპების, შეფასების კრიტერიუმების განხილვა, პედაგოგების ჩართულობის გაზრდა და ამ კუთხით უკვე გაწეული სამუშაოს ერთგვარი შეფასებაა.

საკლასო დაკვირვების პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში 2016 წლიდან ამოქმედდება და ის მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისათვის.

საკლასო დაკვირვების ფარგლებში გათვალისწინებულია მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე დაკვირვებისა და ანალიზის გზით პედაგოგიური უნარების შეფასება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მიხედვით, საკლასო დაკვირვების ნაწილი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებმა უნდა გაიარონ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ბოლო ორი თვის განმავლობაში პედაგოგებს ქყვეყნის მასშტაბით ხვდებოდნენ და საკლასო დაკვირვების ნაწილთან დაკავშირებით მათ მოსაზრებებს ეცნობოდნენ.
შეხვედრები პედაგოგებთან მომავალშიც გაგრძელდება. სემინარის პარალელურად ცენტრის წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პედაგოგებსაც ხვდებიან.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური