GE

თსუ-სა და ,,ჯინო პარკს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს „ჯინო პარკს“ შორის 17 აპრილს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და შპს ჯინო პარკის“ ინვესტორმა ნოდარ გიორგაძემ მოაწერეს.

უნივერსიტეტის ცნობით, მემორანდუმის მიზანია ისეთი ერთობლივი პროექტების განხორციელება, რომელიც მიმართულია ახალი თაობების სრულფასოვანი განათლებისა და მათი შემოქმედებითი პოტენციალის წახალისებისკენ. კომპანია ასევე მზადაა უზრუნველყოს უნივერსიტეტის სტუდენტები სამუშაო პრაქტიკით, საუკეთესო სტუდენტებს კი შესთავაზოს დასაქმება.

თსუ-სა და შპს „ჯინო პარკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე თსუ სტუდენტები, პროფესორები და ადმინისტრაციის თანამშრომელები კომპანიისგან დაბადების დღეზე საჩუქრად უფასო მომსახურებას მიიღებენ.

უახლოეს პერიოდში განხორციელდება პირველი ერთობლივი პროექტი, რომელიც სტუდენტების მიერ წარმოდგენილი ყველაზე კრეატიული პროექტებისთვის ფულად ჯილდოს ითვალისწინებს. ამასთან, პროექტში გამარჯვებულ სტუდენტებს საკუთარი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა მიეცემათ.

ღონისძიებას კომპანიის წარმომადგენლები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური